ფეხბურთი

4:10 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზუსტად 6 წლის შემდეგ – მოურინიო-“ჩელსის” დუეტი ლიგას უბრუნდება

 

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ დღეს ფავორიტთა უმრავლესობამ იოლად იმარჯვა, გათამაშებაში E-H ჯგუფის გუნდებიც ერთვებიან. სწორედ დღეს გაიმართება “სიკვდილის ჯგუფის” თამაშები, ჩემპიონთა ლიგას “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება ჟოზე მოურინიო და უმთავრეს საკლუბო ტურნირს გემოს გაუგებს “ბარსელონას” ახალი დამრიგებელი.

 

E ჯგუფი

ჩელსი-ბაზელი

“ჩელსიში” დაბრუნების შემდეგ, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს იმ გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ლონდონელებმა გასულ სეზონში, ევროპის ლიგის ნახევარფინალში დაამარცხეს. მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, “ჩელსიმ” “ბაზელს” სტუმრად 2:1 და შინ 3:1 სძლია. შვეიცარიელებს 2-2 გოლი მოზესმა და დავიდ ლუისმა, ხოლო ერთი ფერნანდო ტორესმა გაუტანეს. ბოლო ორი მათგანი კვლავ “ჩელსიში” თამაშობს და მათ დღეს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდეთ.

“ჩელსის” ერთადერთი დანაკლისი დისკვალიფიცირებული რამირესი იქნება, თუ ესიენს არ ჩავთვლით, რომელიც მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა.

  • “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეთერთმეტედ თამაშობს. ლონდონელებმა 7-ჯერ ჯგუფი მოიგეს, ხოლო 2-ჯერ მე-2 ადგილი დაიკავეს. გასულ სეზონში, “არისტოკრატები” მე-3 პოზიციას დასჯერდნენ;
  • ჟოზე მოურინიომ “ჩელსის”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლოს ზუსტად 6 წლის წინათ, 2007 წლის 18 სექტემბერს უთავკაცა. “რუსენბორგთან” შინ გამართული შეხვედრა (1:1) მისი ლონდონური კარიერის პირველი ეტაპის ბოლო მატჩი იყო. ორ დღეში, პორტუგალიელმა გუნდი დატოვა;
  • “ჩელსის”, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ლონდონელებმა 11-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ ფრედ ითამაშეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ჩელსის” საშინაო მატჩი 2003 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია;
  • თუ დღეს გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, “ჩელსი” ევროტურნირებზე 50-ე ფრეს ითამაშებს;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 თამაშში “ბაზელი” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, კოული, ლემპარდი, მიკელი, ოსკარი, მატა, აზარი, ტორესი.

ბაზელი (4-4-1-1): სომერი, დეგენი, ივანოვი, შერი, საფარი, სალაჰი, ელნენი, ფ. ფრაი, ანდრისტი, სტოკერი, შტრელერი.

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).

 

შალკე-სტიაუა

“შალკე” ჩემპიონთა ლიგას სერიოზული დანაკლისით ხვდება. გელზენკირხენელებს გუნდის ლიდერი ჰუნტელაარი არ ეყოლებათ. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში უნვე ველოდოთ გერმანელთა ახალწვეულს, კევინ-პრინც ბოატენგს.

ახლო წარსულში, ამ გუნდებს ერთმანეთთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. 2011 წელს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბუქარესტში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო გელზენკირხენში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს.

  • ბოლო ორ ცდაზე, “შალკემ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა;
  • “სტიაუა” ერთადერთი რუმინული გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა თასი მოუგია;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში “სტიაუას” წაგება არ აქვს. რუმინელებმა გოლი ყველა ამ შეხვედრაში გაიტანეს;
  • “სტიაუას” იტალიელი თავდამსხმელი ფედერიკო პიოვაჩარი 4 თამაშია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, ფუხსი, მატიპი, ჰიოვედესი, უჩიდა, ჰიოგერი, ნოიშტადტერი, ფარფანი, ბოატენგი, დრაქსლერი, სზალაი.

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, გარდოში, სზუკალა, ლატოვლევიცი, პინტილი, ბურჩანუ, პოპა, იანჩუ, კრისტეა, პიოვაჩარი.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

 

 

F ჯგუფი

ნაპოლი-დორტმუნდი

F ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად ითვლება, ხოლო ნეაპოლში გასამართი დაპირისპირება პირველი ტურის ცენტრალური მატჩის სტატუსს იმსახურებს.

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, ორივე გუნდმა თითო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ადექვატური შემცვლელი ორივე მათგანმა იპოვა. მარიო გიოტცეს ტრანსფერში აღებული ფულით “დორტმუნდმა” მხითარიანი და ობამეიანგი დაიმატა. პირველმა მათგანმა, 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მეორემ, 7 შეხვედრაში თავი 5 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება “ნაპოლის”, ამ გუნდმა კავანი გაყიდა, სამაგიეროდ კალიეხონი და იგუაინი დაიმატა. სეზონი ახალი დაწყებულია და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელები იმედებს უკვე ამართლებენ. იგუაინმა, 3 თამაშში, 2-ჯერ გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა, ხოლო კალიეხონმა, მეტოქის კარი ჩატარებულ სამივე შეხვედრაში აიღო.

ახალწვეულების კარგი თამაში გუნდების შედეგებზეც აისახა. “ნაპოლი” სერია A-ს 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტმა, “დორტმუნდმა”, გერმანიის სუპერთასზე იმარჯვა და კლოპის შეგირდებს ბუნდესლიგაშიც ასპროცენტიანი შედეგი აქვთ.

  • რაფაელ ბენიტესი ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 გუნდს უთავკაცებს. წინა სამ შემთხვევაში (“ვალენსია”, “ლივერპული”, “ჩელსი”) ესპანელმა სპეციალისტმა სადებიუტო მატჩი მოიგო;
  • “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ თამაშობს. გასულ სეზონში, ნეაპოლელებმა საკუთარ კედლებში ჩატარებული 4 თამაშიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს;
  • ხოსე კალიეხონი საკლუბო დონეზე ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. მან თავი გასულ სეზონში, “რეალის” მაისურით გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატის 3 თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა;
  • სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველ ორ ტურში “ნაპოლიმ” 7 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი ნეაპოლელებს აქამდე მხოლოდ 2-ჯერ, 1931 და 1965 წლებში ჰქონდათ.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, ზუნიგა, ბეჰრამი, ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი, პანდევი, იგუაინი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, გროსკროიტცი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, შაჰინი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

 

მარსელი-არსენალი

ითვლება, რომ ჯგუფიდან გასვლის ყველაზე ნაკლები შანსი “მარსელს” აქვს. ელი ბოპის შეგირდები დღეს შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ბრძოლას ისინიც აპირებენ. თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ორ მატჩში ერთი ქულის ამღებ გუნდს მეტოქედ კარგ ფორმაში მყოფი “არსენალი” ჰყავს.

სეზონის საკუთარ კედლებში მარცხით დაწყების შემდეგ, “არსენალმა” ზედიზედ 5 თამაშში იმარჯვა. ბოლო მოგებაში თავისი წვლილი გუნდის ახალწვეილმა, მესუთ იოზილმაც შეიტანა. გერმანელი შემტევი ნახევარმცველი “მეთოფეებს” აუცილებლად გააძლიერებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების ტრადიცია დაირღვა და “არსენალს” ზაფხულში გუნდის ლიდერი არ დაუკარგავს, რაც ლონდონელთა საამსეზონო წარმატების შანსებს ზრდის.

არსენ ვენგერის ტრადიციული პრობლემა გადავსებული ლაზარეთია. “არსენალს” კასორლა, როსიცკი, დიაბი, არტეტა, ჩემბერლენი, პოდოლსკი და სანოგო ვერ დაეხმარებიან. მასპინძელთა მხრიდან სულეიმან დიავარა ვერ ითამაშებს.

გუნდები ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. 2011 წელს, ლიგის ამავე ეტაპზე, “არსენალმა” სტუმრად მოიგო, ხოლო ლონდონში გუნდებმა ერთმანეთს ვერ გაუტანეს. საფრანგეთში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორს, აარონ რემზის, დღეს, ძირითად შემადგენლობაში ელიან.

  • “მარსელს”, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს;
  • “არსენალის” ნახევარმცველი, მატიე ფლამინი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ “მარსელში” დაიწყო;
  • საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, “მარსელმა” 21 თამაში მოიგო, აქედან 18 ერთბურთიანი სხვაობით, ხოლო 12 ანგარიშით 1:0;
  • “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეთექვსმეტედ თამაშობს. უკეთესი შედეგი მხოლოდ “მანჩესტერსა” (18) და “რეალს” (17) აქვთ;
  • მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 თამაშიდან ოლივიე ჟირუმ გოლი ხუთში გაიტანა;
  • მიმდინარე სეზონში, კლუბსა და ნაკრებში, აარონ რემზიმ 6 გოლი გაიტანა, რაც გასულ სეზონში მის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება;
  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “არსენალს” ბოლო 9 გასვლითი თამაში მოგებული აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, იმბულა, ა. აიუ, ვალბუენა, პაიე, ჟინიაკი.

არსენალი (4-2-3-1): სშეზნი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი, გიბსი, ფლამინი, რემზი, უოლკოტი, იოზილი, უილშირი, ჟირუ.

მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).

 

G ჯგუფი

ატლეტიკო-ზენიტი

ეს ჯგუფი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას კი იქცევს, მაგრამ ბოლო წლებში მადრიდის “ატლეტიკოს” პროგრესის არდანახვაც არ შეიძლება. დიეგო სიმეონემ შექმნა გუნდი, რომელიც რადამელ ფალკაოს წასვლასაც კი არ იმჩნევს. სეზონის სტარტზე, მადრიდელებმა “ბარსელონას” ორ მატჩში არაფერი დაუთმეს და იმის თქმაც შეიძლება, რომ აჯობეს კიდეც. ამას გარდა, “ატლეტიკო” ლა ლიგაში უდანაკარგოა და ფალკაოს შემცვლელად მიწვეული ვილიაც თავს არ ირცხვენს. აქედან გამომდინარე, აქამდე ევროპის ლიგაზე წარმატებისთვის მებრძოლ “ატლეტიკოს” უკვე ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში თამაშის ამბიცია უნდა ჰქონდეს და მიზნისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას ესპანელები დღეს, “ზენიტთან” საშინაო მატჩში შეეცდებიან.

“ატლეტიკოს” დისკვალიფიცირებული დიეგო კოსტა არ ეყოლება, ხოლო “ზენიტის” მხრიდან გუნდის უმთავრესი ვარსკვლავის, ჰალკის თამაშია საეჭვო.

  • “ატლეტიკომ”, ევროტურნირების ბოლო 13 საშინაო თამაშიდან 12 მოიგო. მე-3 შეხვედრა მადრიდელებმა რუსულ “რუბინთან” 0:2 დათმეს;
  • “რუბინამდე” “ატლეტიკომ” რუსულ გუნდს 1972-73 წლების სეზონში უმასპინძლა და მოსკოვის “სპარტაკთან” 3:4 წააგო;
  • “ზენიტს” ესპანეთში ჩატარებული ხუთივე თამაში წაგებული აქვს;
  • “ატლეტიკოს”, ევროტურნირებზე, 249 გოლი აქვს გაშვებული;
  • დღევანდელ თამაშს “ატლეტიკო” 9, ხოლო “ზენიტი” 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება;
  • “ზენიტის” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, დანიმ, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში 9 გოლი გაიტანა;

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, კოკე, ტიაგო, გაბი, გარსია, ვილია, ადრიანი.

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, ნეტო, ჰუბოკანი, სმოლნიკოვი, ვიტსელი, ფაიზულინი, არშავინი, შიროკოვი, დანი, კერჟაკოვი.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

 

აუსტრია-პორტუ

“პორტუ”, რომელიც ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს, გათამაშებას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დებიუტანტი “აუსტრიათი” დაიწყებს.

პორტუგალიელებს “აუსტრიასთან” შეხვედრა კარგად აქვთ დაცდილი. 2002 წელს, უეფას თასის მე-2 ეტაპზე, “პორტუმ” მეტოქეს ორივე თამაში მოუგო, შინ 2:0 და სტუმრად 1:0. იმ სეზონში, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა პორტუგალიელებმა უეფას თასი აღმართეს.

  • ვენის “აუსტრია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს;
  • პორტუგალიურ გუნდებთან ჩატარებულ 8 თამაშში “აუსტრიას” მოგება არ აქვს, “პორტუმ” კი პირიქით, ავსტრიელებს ოთხივე შეხვედრაში აჯობა;
  • მიმდინარე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე “აუსტრიამ” 5 გოლი გაიტანა და ხუთივე მათგანი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა;
  • ტომაშ იუნი “აუსტრიას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს. ეს გამოცდილება მან პრაღის “სპარტაში” მიიღო;
  • “აუსტრიამ”, ბოლო 3 საშინაო მატჩიდან, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო;
  • “პორტუ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეთვრამეტედ ითამაშებს. იგივე შედეგი აქვთ “ბარსელონასა” და “რეალს”, ხოლო უკეთესი მაჩვენებლით თავს მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” (19) იწონებს;
  • ლუჩო გონსალესი მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის მე-10 გათამაშებაში მიიღებს. წინა 9 გათამაშებიდან მას გოლი ყველაში აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

აუსტრია (4-3-3): ლინდნერი, დილავერი, როგული, ორტლეხნერი, სუტნერი, სტანკოვიჩი, ჰოლანდი, გრიუნვალდი, როიერი, ოკოტიე, იუნი.

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, მაიკონი, ოტამენდი, სანდრო, დეფუ, ფერნანდო, გონსალესი, ლიკა, მარტინესი, კინტერო.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

 

H ჯგუფი

ბარსელონა-აიაქსი

H ჯგუფი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ტიტულოვანია. ამ ჯგუფის წევრებს, ჩემპიონთა თასი, მთლიანობაში, 16-ჯერ აქვთ მოგებული. დღეს, “კამპ ნოუზე”, ერთმანეთს ის გუნდები შეხვდებიან, რომლებსაც უმთავრესი საკლუბო ტურნირი ოთხ-ოთხჯერ მოუგიათ. “ბარსელონასა” და “აიაქსს” ერთმანეთთან არაერთი პიროვნება აკავშირებს, დღეს კი, კატალონიელები და ამსტერდამელები ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც დაუდებენ სათავეს.

გუნდები ერთმანეთს კაპიტნების გარეშე შეხვდებიან. “ბარსასთვის” კარლეს პუიოლის გარეშე თამაში უცხო არაა, “აიაქსისთვის” კი, სიმ დე იონგის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.

  • “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს კარიერაში პირველად უთავკაცებს;
  • “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომელშიც 1999-2003 წლებში თამაშობდა;
  • ამჟამად “აიაქსში” მოთამაშე ბოიან კრკიჩი “ბარსელონას” საკუთრებაა;
  • თუ დღეს სტუმრებმა მეტოქის კარის აღება მოახერხეს, მათ ევროტურნირებზე 550 გოლი დაუგრივდებათ;
  • ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე, “აიაქსმა” 16 გოლი გაუშვა. ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ “ნორშელანს” ჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ტელიო, მესი, ნეიმარი.

აიაქსი (4-3-3): ვერმეერი, რეინი, მოიზანდერი, დენსვილი, ბლინდი, სერერო, შონე, დუარტე, ფიშერი, ჰოესენი, სანა.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

 

მილანი-სელტიკი

პირველი ადგილისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” “მილანი” გაეჯიბრება. ამის გათვალისწინებით, იტალიელებს საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუმეტეს, ჯგუფის უსუსტეს წევრად მიჩნეულ “სელტიკთან”. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ “მილანმა” სეზონი ცუდად დაიწყო და მასიმილიანო ალეგრის გუნდს, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს. ამას მილანელთა დანაკლისიც ემატება. “როსონერის” აბატე, ბონერა, სილვესტრე, დე შილიო, პაცინი, ელ შაარავი, მონტოლივო და კაკა არ ეყოლება.

გუნდებს ურთიერთშეხვედრების არცთუ მცირე ისტორია აქვთ. ჩატარებული 8 მატჩიდან 4 “მილანმა” მოიგო, ერთი – “სელტიკმა”, ხოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა. იტალიაში, 3-ჯერ მასპინძლებმა იმარჯვეს და ერთხელ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

გუნდებს შორის ბოლო 4 შეხვედრა 2007 წელს შედგა. ამ მატჩებში “მილანმა” 3 გოლი გაიტანა, რომელთაგან 2 კაკას ანგარიშზეა. ბრაზილიელი “მილანში” კი დაბრუნდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს, ის გუნდს ვერ დაეხმარება.

  • იტალიაში გამართულ 10 მატჩში “სელტიკს” მოგება არ აქვს;
  • “სელტიკს”, ევროტურნირებზე, 449 გოლი აქვს გატანილი;
  • თუ დღეს გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, “სელტიკი” ევროტურნირებზე თავის 50-ე ფრეს ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-1-2): აბიატი, ძაკარდო, საპატა, მექსე, ემანუელსონი, პოლი, დე იონგი, მუნტარი, რობინიო, მატრი, ბალოტელი.

სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი, ლუსტიგი, დიკი, ამბროზე, იზაგირე, ბოერიგტერი, ბრაუნი, ლედლი, სამარასი, კომონსი, პუკი.

მსაჯი: ვოლგანგ შტარკი (გერმანია).

0.162545