დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, ათენის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, “დიდ ტატამზე” სულ რამდენჯერმე გავიდა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ერთხელაც ვეღარ შეძლო. უშედეგო 5-წლიანმა პერიოდმა ქართული ძიუდოს ვარსკვლავისადმი ქომაგთა რწმენაც შეარყია და დღეს, ძველი ზვიადაურის დაბრუნებისა თითქმის აღარავის სჯერა. ხალხის ნდობის თავიდან მოპოვებას მსოფლიოს 2004 წლის საუკეთესო ძიუდოისტი ბოლო წლებში ამაოდ ცდილობს. ბოლო დამაიმედებელი განცხადება ახლახან, საქართველოს ჩემპიონატის წინ გააკეთა და მაინც, ქუთაისში, მისი ლამაზი ჭიდაობა და ფინალში გასვლა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. წინ თბილისის მსოფლიოს თასია და ოლიმპიური ჩემპიონი უკვე ამ ტურნირისთვის მზადებას შეუდგა, მაგრამ თავი ახალმა პრობლემამ - ბრონქების ანთებამ იჩინა და სავარჯიშო პროცესი სულ ცოტა, ერთი კვირით გადაუწია. ცოტამ თუ იცის, რომ 2005 წლიდან დღემდე, ზურაბ ზვიადაურმა 7 მძიმე ოპერაცია გადაიტანა.
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატზე ახალ წონით კატეგორიაში იჭიდავე და ფინალშიც გახვედი. შედეგით კმაყოფილი ხარ?
- კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, ყველა შეხვედრა რომ მომეგო, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი სპორტული ფორმის გათვალისწინებით, ფინალში გასვლაც ნამდვილად არაა საგანგაშო შედეგი. მთავარია, რომ მედალი ავიღე და იანვარში თბილისში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე ჭიდაობის უფლება მოვიპოვე.
- მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში არაერთი ლამაზი გდება შეასრულე, აშკარად მძიმედ გამოიყურებოდი...
- ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. ტრავმების გამო, ვარჯიში საქართველოს პირველობამდე ორი კვირით ადრე დავიწყე და ფორმაში შესვლა ვერ მოვასწარი. ფინალი დამატებით დროში მხოლოდ იმის გამო წავაგე, რომ ენერგიისგან ბოლომდე დაცლილი ვიყავი. ქუთაისში სწორი ტაქტიკით რომ არ მეჭიდავა, მე-2 ადგილზე გასვლაც გამიჭირდებოდა.
- სწორ ტაქტიკაში რას გულისხმობ?
- შეხვედრებზე ძალის თანაბრად გადანაწილებას. ვცდილობდი, მთელი ენერგია საწყის წუთებშივე არ დამეხარჯა, რადგან თუ დროის იმ მონაკვეთში სუფთად მოგებას ვერ მოვახერხებდი, გადავიღლებოდი და ფიზიკურად დავიჩაგრებოდი. ერთი, რომ მოუმზადებელი ვიყავი, მეორე და მთავარი, ახალ წონაში გაშინაურება ზოგადად არც ისე ადვილია. თუმცა, თუ ნორმალურად ვივარჯიშებ, 100 კილოგრამში ნებისმიერ ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ.
- ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთხელ გითქვამს, დიდ სპორტში ვბრუნდებიო, მაგრამ სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. არათუ საერთაშორისო გამარჯვებებს, ნაკრებში დამკვიდრებასაც კი ვერ ახერხებდი...
- მესმის, რასაც გულისხმობთ, ნელ-ნელა ხალხის ნდობა დავკარგე. დანაპირებს რომ ვერ ვასრულებდი, მართლაც იმის ბრალი იყო, რომ რეჟიმში ჩადგომას ვერ ვახერხებდი, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც უიღბლობა იყო. 2005 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ორივე მუხლზე, ხერხემალზე და მხარზე, ჯამში, 7 მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ჩემს ადგილზე ბევრი პირველივე ოპერაციების შემდეგ აქტიური სპორტიდან წასვლის თაობაზე გააკეთებდა განცხადებას. მე კი სპორტის გარეშე ცხოვრება ერთი წუთითაც ვერ წარმომიდგენია. შეიძლება, რეჟიმის დამცველი არ ვარ, მაგრამ ამით არც არასოდეს გამოვირჩეოდი. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი, დანარჩენს თვითონ მივხედავ.
- თბილისის მსოფლიოს თასამდე მოასწრებ სასურველ ფორმაში ჩადგომას?
- ნაკრების ბაკურიანულ შეკრებაზე მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარი. მერე კი გავცივდი და რამდენიმე დღე ნომერში გავატარე. როცა გავიგე, რომ სულ ცოტა, ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი იყო საჭირო, შეკრებიდან წამოვედი. ამ პრობლემის მიუხედავად, თბილისის ტურნირამდე მაინც უნდა მოვასწრო ფორმაში ჩადგომა. როგორც კი გამოვჯანმრთელდები, გაორმაგებული ენერგიით შევუდგები მზადებას. ათენის ოლიმპიურ ოქროზე გაჩერებას არ ვაპირებ. ჩემს შესაძლებლობებს კიდევ დაგანახებთ.
- შენი სუსტი წერტილი ჯერ კიდევ საუკეთესო წლებში სუნთქვის პრობლემა იყო. ახლაც, ფიზიკურ და ტექნიკურ ვარჯიშებთან ერთად, ძველ პრობლემაზე მუშაობაც დაგჭირდება...
- სუნთქვის პრობლემა ნამდვილად არსებობდა, მაგრამ არც თუ საგანგაშო. მიზეზი უფრო მეტად ის იყო, რომ შეხვედრაზე ძალას თანაბრად არ ვანაწილებდი ხოლმე.
- ძიუდო, წესების შეცვლით, ქართულ ჭიდაობას დაემსგავსა. ამ ტრადიციული სახეობისადმი შენი სიყვარულიდან გამომდინარე, კმაყოფილი უნდა იყო...
- ახალი წესების შემოღებით სანახაობრივი მხარე აშკარად გაუმჯობესდა. უფრო მეტი ილეთები კეთდება და ამას რა სჯობს.
- ქართული ჭიდაობა ვახსენეთ და “ფალავნობა 2009”-ზე ვერგამოსვლამ გული დაგწყვიტა?
- იმის მიუხედავად, რომ ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ბაკურიანიდან წამოსვლისას გზაში რამდენჯერმე გავიფიქრე, მაინც გავალ ტატამზე მეთქი. ახლაც, რომ ვუყურებ, გული ვერ მითმენს. მინდა შევვარდე და ვიჭიდავო. არაფრით მესმის იმ მოჭიდავეების, რომელთაც ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, მაგრამ ქართული ჭიდაობის ჩოხის მორგებისგან მაინც თავი შეიკავეს.
- ძიუდოს მსგავსად, ცვლილებები ქართული ჭიდაობის წესებშიც განხორციელდა. ახალი ფორმა რამდენად მოგწონს?
- ასე უცებ დასკვნის გაკეთება ძნელია. შესაძლოა, ჩოხაზე სახელოების მიკერებამ სანახაობრივი მხარე ცოტათი მართლაც გააუარესოს, მაგრამ მარტო ერთი ტურნირით ამ დასკვნის გაკეთება სწორი არ იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე