31 წელი კრიტიკული ასაკი არაა ფეხბურთელისთვის, მაგრამ ზურაბ ხიზანიშვილმა გადაწყვიტა – ეროვნული ნაკრებიდან წავიდა.
მას ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ნაკრებში. 14 წლის განმავლობაში, თუ ტრავმა არ ჰქონდა, ან კლუბში ხანგრძლივი უთამაშებლობა არ აწუხებდა, "ხიზანა" ნაკრებში ძირითადი თერთმეტეულის უალტერნატივო წევრი იყო. გვახსოვს მისი მშვენიერი თამაში თუნდაც რუსეთთან, შოტლანდიასთან და სხვა შეხვედრებშიც, მაგრამ როგორც სხვა ფეხბურთელებს, მასაც ჰქონია შეცდომები.
ხიზანიშვილი ბავშვი არაა და კარგად ხვდებოდა, რომ ბოლო დროს მის ყველა შეცდომას სხვების შეცდომაზე მძაფრად და აგრესიულად აღიქვამდნენ. მას ჰქონდა ცუდი მატჩები, განსაკუთრებით ბოლო შესარჩევ ციკლში, ამის გამო გოლები გასულა და მაინც, ნაკრების ძველ შეხვედრებს რომ გადავხედოთ, მისი კარგი თამაშები უფრო ბევრი ყოფილა, ვიდრე ცუდი.
კახა კალაძის წასვლის შემდეგ, ნაკრების კაპიტანიც გახდა, მაგრამ შარშან ისე მოხსნეს სამკლავური, რომ როგორც მოგვიანებით თავად თქვა, რამდენიმე საათის შემდეგ... პრესიდან გაიგო.
ზურა საფეხბურთო ოჯახიდანაა, მამამისი ნოდარ ხიზანიშვილი 1981 წლის თასების თასის ფინალის მონაწილეა და ყველა იმ შეურაცხყოფას, რაც მის მიმართ სოციალური ქსელიდან მოდიოდა, ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა.
ის ფინეთთან განვლილი მატჩის წინ, ნაკრების ავტობუსში არ ავიდა, რაც მოსაწონი არაა და ფეხბურთელს ამტყუნებს. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ხიზანიშვილი არა მხოლოდ ფინეთთან მატჩიდან, არამედ საბოლოოდ აპირებდა წასვლას. ის და თემურ ქეცბაია ერთ დროს თანაგუნდელები იყვნენ ნაკრებშიც და "დანდიშიც", მაგრამ ბოლო ერთი წელია, რაც კარგი ურთიერთობა არ აქვთ.
ხიზანიშვილმა შარშან წამოსწია ნაკრებში პრემიის დაწესების საკითხი და ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბევრი განაწყენდა. არადა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც არაერთხელ უთქვამთ პრივატულ საუბარში, რომ ფეხბურთელებს წამახალისებელი პრემია უნდა ჰქონდეთ. უბრალოდ, ისინი ხმამაღლა არ ამბობდნენ, ხიზანიშვილმა კი პრესასთან თქვა და ეს არ აპატიეს. ჩვენთან საერთოდ ასეა: ვინც ხმას იღებს, მას ატყდება რისხვა. ამ ჩუმად ყოფნამ კი რა შედეგიც მოიტანა, ვხედავთ.
ქართულ ფეხბურთში ჩახედული ადამიანებისთვის ისიც ცნობილია, რომ ხიზანიშვილს ნაკრებში ადრე პრემია რომ აუღია, თავად საერთოდ არ მოუხმარებია და ეს თანხა ბავშვთა სახლისთვის გადაურიცხია.
აქვე, ხიზანიშვილის განცხადება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, რომელიც facebook-ის საშუალებით გავრცელდა:
"მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით!
უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე.
მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან სამწუხაროდ უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში 400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა.
იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია.
მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას!
არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად!
პატივისცემით ზურა ხიზანიშვილი".