ინტერვიუები

17:17 | 10.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი თითქმის ყველაფერზე – ნაკრები, თურქეთის ჩემპიონატი, ქინქლაძე, კობიაშვილი და იაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოახლოებული მატჩი, “ჯვაროსნების” თამაშის თავისებურებები, თაობათა ცვლა, ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის ნაკრებს მიღმა ყოფნა, საინტერესო ისტორიები გიორგი ქინქლაძეზე, “ქაისერისფორის” ამბები, განვლილი სეზონის შეფასება, გიორგი ლორიას მოსალოდნელი ტრანსფერი – ამ ყველაფრის შესახებ “მსოფლიო სპორტი” ზურაბ ხიზანიშვილს ესაუბრა.
“ხიზანა” მომაბეზრებელი მოსაუბრე არასოდეს ყოფილა. არც საჭოჭმანო თემებისთვის აურიდებია თავი. ამ ინტერვიუშიც, სტანდარტულ პასუხებს ვერ ნახავთ.

- განვლილი თურქული სეზონით კმაყოფილი ვერ იქნებით...
- უარყოფითად შევაფასებდი. რვა საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოვხვდით. კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და იმედია, ასეც მოხდება. სხვაგვარად ძნელია. ახალგაზრდა გუნდია, ბევრ ფეხბურთელს გამოცდილება აკლია. თუმცა, ზოგიერთმა გამოცდილმაც ცუდად ითამაშა. სეზონის წინ “ფენერბახჩედან” თავდამსხმელი გოქჰან უნალი მოიყვანეს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, შეტევაში მასზე უნდა აწყობილიყო თამაში, მაგრამ საშინლად გამოიყურებოდა... შეტევაში გამტანი ფორვარდი და ბოლო პასის მიმცემი კარგი ფეხბურთელი არ გვყავდა.
- ისე, მართლაც, სტუმრად მატჩების უმეტესობა 0:1 წააგეთ.
- ჩემთვისაც ძნელია. ინგლისში მიჩვეული ვიყავი კარგ მეკარეს, კარგ დაცვას, კარგ ნახევარმცველებს. “ქაისერისფორში” ამ მხრივ გამიძნელდა: თავს იცავ, ართმევაზე თამაშს მთელ ენერგიას ახარჯავ და წინ პასს აკეთებ, მაგრამ ისევ უკან გაწვდიან. ხშირად ყვირილი და დატუქსვა მიწევდა – თავი დაგვანებეთ, წინ ბურთი დაიჭირეთ-მეთქი.
- “ქაისერისფორს” აქვს შემადგენლობის გაძლიერებისთვის საჭირო ფინანსები?
- თურქეთის სუპერლიგის მთავარი სპონსორი LLIGTV წელიწადში დიდ ფულს უხდის ფეხბურთის ფედერაციას, მათგან კი კლუბებს სერიოზული შემოსავალი აქვთ. წარმოიდგინეთ, ფედერაცია გუნდს თითო მოგებაზე 750000 ლირას ურიცხავს, რაც დაახლოებით 300000 ევროა.
- 300000 ევრო სუპერლიგის ერთი მატჩის მოგებაზე? სოლიდურია.
- დიახ. ახლა ყველა ელის ამ ფულს. ასევე, ფინანსურად მით უფრო მოგებაში ხარ, რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებ ცხრილში. ინგლისშიც, “ბლექბერნში” თამაშისას, მაგალითად, მეათეზე თუ ვიყავით, დიდი სურვილი გვქონდა, მეცხრეზე, ან მერვეზე გავსულიყავით. თითოეული საფეხურისთვის დიდი ბრძოლა იყო.
- გიორგი ლორიას “ქაისერისფორში” შესაძლო გადასვლაზე რას გვეტყვით?
- დაინტერესება არის და თან, სერიოზული. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი მოგვარებადია. დეტალებში არ ვიცი რახდება, მაგრამ ლორიას სურს აქ გადმოსვლა და “ქაისერისფორიც” მონდომებას არ აკლებს. როგორც ვიცი, ფინანსურ მხარეზეც ისაუბრეს. ჩემთვისაც ძალიან კარგი იქნება ლორიას გადმოსვლა. ჯერ ერთი, კარგი მეკარე მინდა და მეორეც, თურქეთის ჩემპიონატში კიდევ უფრო განვითარდება გიორგი. ადრე სულ ამბობდნენ, საქართველოს მეკარეების პრობლემა აქვსო და ახლა ასე აღარაა.
- სხვა ქართველი ფეხბურთელის გადასვლაზეც ხომ არაა საუბარი?
- არა. შოთა მეტყოდა.
- “ქაისერისფორის” გულშემატკივრებისგან რამდენად გრძნობთ სითბოს? კმაყოფილნი არიან ხიზანიშვილის თამაშით?
- იანვარში სუპერლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს გუნდში და პრიზიც გადმოცეს. ამ პრიზს ქართული წარწერაც ჰქონდა. ესე იგი, კმაყოფილნი არიან ჩემით.
- ალბათ, როგორც ყველა თურქულ გუნდს, “ქაისერისფორსაც” ძალიან ემოციური და ხმაურიანი ფანები ჰყავს...
- არა, ამ მხრივ “ქაისერისფორის” ფანები ვერ დაიკვეხნიან. არც ხმაურიანები არიან და არც სიმრავლით გამოირჩევიან. არადა, სტადიონი ბრწყინვალეა. სად არ მითამაშია, მაგრამ “ქაისერისფორის” სტადიონი ერთ-ერთი საუკეთესოა. “ნიუკასლის” არენა რომ ცოტა დააპატარავო, თითქმის ისეთივეა.
- ყველაზე ერთგული და ხმაურიანი ფანები ვის ჰყავს?
- “გალათასარაის”. სხვათა შორის, სტამბოლის კლუბი “ისტანბულსფორი” ამ მხრივ ძალიან დაჩაგრულია. წარმოიდგინეთ, გუნდს ამხელა ქალაქში გულშემატკივარი არ ჰყავს. ჩვენ მოგვიწია იქ თამაში და სტადიონი ცარიელი იყო. ვიფიქრე, დისკვალიფიკაცია აქვთ-მეთქი, მაგრამ არა... “ისთანბულსფორი” მერიის გუნდია, საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს.
- თურქეთის ლიგაში ყველაზე ძლიერ თავდამსხმელად ვის მიიჩნევთ?
- ძნელია გამორჩევა. მაგალითად, იოჰან ელმანდერი ინგლისში უკეთ თამაშობდა, ვიდრე “გალათასარაიში”. როგორც ფორვარდი, საუკეთესოდ “ტრაბზონსფორის” ბურაქ ილმაზი მიმაჩნია. აი, როგორც ფეხბურთელი - “ფენერბახჩეს” ბრაზილიელი ალექსი.
- ალექსი საკმაოდ ასაკოვანია. ისევ ისე მძლავრად თამაშობს?  
- დიდი ხანია, თურქეთში თამაშობს და უკვე ყველაფერი ზეპირად იცის. სტილს მორგებულია. მაგალითად, “ტოტენჰემში” რომ წაიყვანო, ვერ ითამაშებს, ჩაიკარგება. ჩვენ ალექსის გარეშე მოთამაშე “ფენერბახჩეს” შევხვდით თასზე და სულ სხვა გუნდი იყო – არც მათ ჰყავდათ ბურთის დამჭერი, არც ჩვენ.
- ახლა ნაკრებზეც: თურქეთთან მატჩისთვის როდის შეუერთდებით ნაკრებს?  
- 14 მაისს თბილისში ჩამოვალ, 15-ში კი ნაკრები ავსტრიაში მიდის შეკრებაზე და მეც პირველივე დღიდან ვიქნები. 24-ში თამაშია ზალცბურგში. ასე რომ, 10-დღიანი შეკრება გამოდის.
- თურქებთან თამაში განსაკუთრებულია თქვენთვის? როგორც თურქულ სუპერლიგაში მოთამაშე...
- განსაკუთრებული ნამდვილადაა. ასე იყო შოტლანდიასთან მატჩიც. “გლაზგო რეინჯერსში” ვთამაშობდი და შოტლანდიელების წინააღმდეგ გამოსვლა სხვაგვარი გრძნობა იყო. თან, მოვიგეთ. იმედია, იგივე შედეგი განმეორდება თურქეთთანაც. მართალია, ის ოფიციალური იყო, მაგრამ ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ეს მატჩი იმიტომაცაა განსაკუთრებული, რომ შესაძლოა, შესარჩევამდე მეტი თამაში აღარც გვქონდეს და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, შემადგენლობა უნდა დალაგდეს. უპირველესად, ძალიან მინდა, რომ ტრავმის გამო არავინ გამოგვაკლდეს. მე, ამისულაშვილი და კვირკველიაღა დავრჩით უფროსები, ახალი თაობა მოდის და ზოგჯერ ახალგაზრდები ისეთ თემებზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ვეღარ ვერთვებით საუბარში. უკვე გავლილი გვაქვს ეგ ყველაფერი. ყველანაირად მხარში ამოვუდგებით ამ ბიჭებს. ძალიან გამიხარდა ლევან ყენიას დაბრუნება. როგორ გაიტანჯა ტრავმებით, არადა, რა ძალა იყო ნაკრებში. ყოველთვის კარგად, გულიანად თამაშობდა. ყენიას ხასიათი და პროფესიონალიზმი რომ ვიცი, მოუმატებს, ჩადგება ძველებურ ფორმაში. ალბანეთთან ჯანი არ ჰქონდა, მაგრამ სხვაგვარად ვერც იქნებოდა. მისი მჯერა. იცით, რა მინდა? მეც ისეთივე როლი შევასრულო ახალგაზრდებისთვის, რაც ჩემი ახალგაზრდობისას შეასრულეს გამოცდილებმა. გიორგი ქინქლაძესთან ერთად ვარჯიშიც კი დაუვიწყარია. ჩემი თაობის ფეხბურთელები ერთად რომ შეგვკრიბო, ქინქლაძის ნიჭს ვერ გადავწონით. მახსოვს, “ორკარას” დროს მწვრთნელი როცა გაგვყოფდა, გიოსთან ერთად თუ ვერ მოვხვდებოდი გუნდში, “ნაკიდკას” ვმალავდი. არ მინდოდა მის წინააღმდეგ მეთამაშა. ვიცოდი, რომ რამდენჯერაც დააპირებდა, მომატყუებდა. არავინ თქვას, რომ გიომ თავისი ფეხბურთი ითამაშა. თავისი პოტენციალით, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მაინც უნდა ყოფილიყო. ეს იმას მოვაყოლე, რომ ხასიათი არ ჰქონდა ქინქლაძეს, თორემ სასწაულად ნიჭიერი იყო.    
- ქინქლაძე ჩვენი თაობის საყვარელი ფეხბურთელი იყო. მასზე კიდევ რას გაიხსენებდით?
- “ბლექბერნში” რომ გადავედი, თავიდან აპარტამენტი ვიქირავე და სამზარეულოში რაღაც იყო გაფუჭებული. ხელოსანი გამოვიძახე. მოვიდა და სახლში ბუცები და მაისურები რომ დაინახა, მკითხა, ვინ ხარო. ვუთხარი, ვინც ვიყავი და კინაღამ გადაირია. “სიტის” და პერსონალურად, გიოს ფანი აღმოჩნდა. “ქართველი ხარ? ქინქის სამშობლოდან?”...  უცებ გაიხსნა პიჯაკი და ქინქლაძის მაისური ეცვა. ყველაფერი ხუთიანზე გააკეთა. მერე, სეზონის ბოლო ტურებში “სიტის” გოლი გავუტანე. შემხვდა ის ხელოსანი და მითხრა, ახლა რაც არ უნდა გაგიფუჭდეს, ჩემი იმედი ნუ გექნებაო. ეს, ალბათ, ხუმრობით. არაფერი აღარ გამფუჭებია. თურქეთში უფრო იციან ქუჩაში გაჩერება და იმდენს გელაპარაკებიან, შეიძლება დაგღალონ. ინგლისშიც სცნობენ ფეხბურთელებს, ოღონდ, იქ შედარებით თავდაჭერილად იქცევიან. ეგაა, თურქეთში შოთას ვერ სცნობენ.  
- ???
- გავიხუმრე, რა თქმა უნდა. ძალიან უყვართ. შოთა და აჩი ბოლოს 15 წლის წინ თამაშობდნენ თურქეთში, მაგრამ 10 წლის ბავშვებმაც კი იციან მათი სახელი. საოცარია. ალბათ, ოჯახში უყვებიან ტყუპებზე.
- საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდეთ: ბოლო ორი მატჩი მოიგეთ. მართალია, ეს არცთუ ძლიერ მეტოქეებთან მოხდა, მაგრამ მაინც, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი? მოლდოვასთან და ალბანეთთან გამარჯვებები თავდაჯერების კუთხით იმოქმედებს?
- რა თქმა უნდა, გააჩნია, რომელ ნაკრებს მოუგებ. ალბანეთთან გამარჯვება სხვაა, ესპანეთთან – სხვა. მაგრამ ჯერ ერთი, გამარჯვება ისტორიაში იწერება და მეორეც, მაგალითად, 20 თამაშს რომ არ წააგებ და ეთამაშები გრანდს, მათთან უკვე სხვა ფსიქოლოგიური განწყობით გადიხარ. ასე იყო ხორვატიასთან თამაშის წინაც, წაუგებელი სერია გვქონდა და ყველას ახსოვს, როგორც დამთავრდა ხორვატებთან მატჩი. ერთხელ ქინქლაძე და შოთა არველაძე საუბრობდნენ ამ ფსიქოლოგიაზე. გიომ უთხრა, შენთვის ადვილია, “რეინჯერსში” ლამის ყველა თამაშს იგებ, ჩემთვის კი ძნელია, წაგებებს მივეჩვიე და ეს მოქმედებსო. მგონი, ქინქლაძე იმ დროს “დერბიში” იყო.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ კობიაშვილზე და იაშვილზე. ბოლო მატჩებში მათ ნაკრებში აღარ იძახებენ. კაპიტანი ხართ და რას გვეტყვით ამაზე?
- “კობი” და “იაშკა” ჩემი მეგობრები არიან, მათთან ხშირად მაქვს სატელეფონო კავშირი და ამ თემაზეც გვისაუბრია, თუმცა ბოლო პერიოდში აღარ შევხებივართ. მოდით, მე როგორც მწვრთნელის, ასევე ჩემი მეგობრების მხრიდანაც ვიტყვი: ქეცბაია მწვრთნელია და მისი გადასაწყვეტია, ვის გამოიძახებს. მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. მეორე მხრივ, გაჩნდება კითხვა – არიან თუ არა ნაკრებში თამაშის ღირსნი კობიაშვილი და იაშვილი? გიპასუხებთ, რომ  უდავოდ არიან. ღმერთმა ქნას, საქართველოს ნაკრებს ისე დაუდგეს საქმე, რომ ისინი, კარგი გაგებით, ნაკრებში არ გვჭირდებოდეს. “კობიც” და “იაშკაც” პროფესიონალები არიან. მათ არავითარი აჟიოტაჟი არ აუტეხავთ, არიქა, რატომ დაგვივიწყესო. და დარწმუნებული ვარ, ქეცბაიამ რომ გამოიძახოს ისინი, ჩამოვლენ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან გამოიძახებენ.  
- ანუ, ველოდოთ, რომ ასე მოხდება?
- მე ასე ვფიქრობ. წარმოიდგინეთ, რა დონის პროფესიონალებზე გვაქვს საუბარი. კობიაშვილი 34 წლისაა და ჯერ არ ახსოვს, გუნდში ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდეს. ნაკრებში რეკორდი მოხსნა, ბუნდესლიგაშიც იგივე გააკეთა და მაინც ჩუმადაა ნაკრებში არგამოძახების გამო. ეს მშვენიერი მაგალითია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მწვრთნელს საყვედურობენ, აი, მაგრად ვთამაშობ და არ მაკვირდებიან, უსამართლოდ მექცევიან და არ მიძახებენო. კიდევ ვიტყვი, ქეცბაია ასე მიიჩნევს და მე უფლება არ მაქვს, მის გადაწყვეტილებებში ჩავერიო. მართალია, კაპიტანი ვარ, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, მინდორზე მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის შუამავალივით ვიყო. მწვრთნელი რომ ვიყო, სხვა საკითხია, მაგრამ კაპიტანი ვარ.  
 

ილია ნანობაშვილი

0.13159