მორიგი მარცხი და მორიგი სცენარი: საქართველოს ნაკრები იგებდა, თანაც მეორე ტაიმში დაწინაურდა და მაინც წააგო. ირაკლი ძარიას გოლს მოჰყვა გიორგი ლორიას შეცდომა და პედერსენის ყისმათიანად გატანილი, ხოლო ბოლო წუთებში კრისტიან ერიქსენმა კლასით შეასრულა - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
"მსოფლიო სპორტი" ზურაბ ხიზანიშვილს ესაუბრა მარცხის მიზეზებზე.
- დასანანია, როცა ასეთ თამაშს წააგებ. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ასეთ დროს მეორე გოლი იქით უნდა გაიტანო და თამაში უნდა "მოკლა". 0:1, დარჩენილია 35 წუთი და მხოლოდ დაცვაზე ფიქრი ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად შეუძლებელია. ამას ჩვენ კი არა, დიდი გუნდები ვერ უძლებენ. ბოლო 5-10 წუთი მესმის, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში ეს წარმოუდგენელია. გოლებს რაც შეეხება, პირველი გაშვებულისას არ გაგვიმართლა და ყველაფერი მათ სასარგებლოდ მოხდა. ერთი შეხებით ლამის ცენტრიდან დარტყმული გავიდა, რაც იშვიათად ხდება. ბიჭებმა ყველაფერი დადეს, ბოლომდე იბრძოლეს. დანია კი ის გუნდი არაა, მათთან გასვლაზე აუცილებელი მოგება დაგეგმო.
- ანუ, 0:1-ის შემდეგ ისევე უნდა გაგეგრძელებინათ თამაში?
- როცა სტუმრად იგებ, სადღაც გამართლებულია უკნიდან თამაში და კონტრშეტევები, მაგრამ არა - მკვეთრად ჩაჯდომა დაცვაში 55-ე წუთიდან და წინ უაზროდ ბურთის მოგერიებები. შეტევით გავიტანეთ გოლი. ფაქტია, თუ არ შეუტიე და კარში არ დაარტყი, გოლი არ გავა.
- ბურთის მოგერიებები მწვრთნელის დავალება იყო?
- ჩემი შეხედულება ასეთია: როცა ნაკრების ფეხბურთელი ხარ და თამაში გწყურია, მინდორზე, უშუალოდ თამაშის დროს მწვრთნელი მეორეხარისხოვანია. მინდორზე ფეხბურთელი უნდა იყოს მწვრთნელიც და პრეზიდენტიც. დაძაბული და შებოჭილი ფეხბურთელი არც მე მინდა გვერდში, არც მაყურებელს და არც საკუთარ თავს არგებს რამეს.
- რატომ იძაბებიან?
- ამაზე ყველას სხვადასხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს. უკეთესია, თავად თქვან საკუთარ პრობლემებზე.