ინტერვიუები

14:34 | 15.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: “კალაძეს რომ მადლობის გარეშე დატოვებ, ახალგაზრდა ფეხბურთელები რას იფიქრებენ?!”

“კახა კალაძე ჩემზე ბევრად უფროსი არაა, მაგრამ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. საშინელი გრძნობა დამრჩა, რომ კახას ერთი მადლობა არ გადაუხადეს. ამხელა ფეხბურთელს მადლობის გარეშე რომ დატოვებ, წარმოიდგინეთ, რას იფიქრებენ ახალგაზრდა თაობის ქართველი ფეხბურთელები? ხომ იტყვიან, ჩვენ რომ კარიერას დავამთავრებთ, ასე დაუფასებლად მოგვიწევს წასვლაო” – ეს ზურაბ ხიზანიშვილის სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული “ქაისერისფორის” მცველს გული სწყდება კალაძის ნაკრებიდან წასვლის გამო:
-    არა მგონია, ეს მარტო ჩემი აზრი იყოს. რას ითხოვს კახა ისეთს? ერთი მადლობის ღირსი არ იყო? ფეხბურთელების ასეთი არდაფასება ძალიან ცუდია. სადაც ჭირი თუ ლხინი იყო, კალაძე ყოველთვის ნაკრების გვერდით იყო.
-    ალბათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაზე ამბობთ, რომელიც კალაძის ნაკრებიდან წასვლას მოჰყვა.
-    დიახ. ახალგაზრდა ფეხბურთელები რას იფიქრებენ? კალაძეს რომ ერთი მადლობა არ უთხრეს, ჩვენ ხომ მთლად დაუფასებლად მოგვიწევს წასვლაო. დღეს ახსოვხარ, ხვალ არა – რატომღაც ჩვენთან სულ ასე ხდება. კახა ჩემზე ბევრად უფროსი არაა, მაგრამ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ნაკრებში პირველად რომ ამიყვანეს, კახა იქ დამხვდა. ორივენი ახალგაზრდები ვიყავით და ერთად მოვდიოდით ეს წლები. მინდა, კალაძეს წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო.
-    შემოდგომაზე წამოვიდა ხმები, თითქოს ეროვნულ ნაკრებს ოთხი ასაკოვანი ფეხბურთელი დატოვებსო. მათ შორის, ხიზანიშვილიც ახსენეს. რა ხდება ამ საკითხზე?
-    ჩვენც გაუგებრობაში ვიყავით. ოთხი ფეხბურთელი დაგვასახელეს. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ისევ ნაკრებში ვარ და სანამ შემეძლება, ეროვნულ გუნდს დავეხმარები.
-    საინტერესოა, ვისგან წამოვიდა ეს ხმები?
-    არ ვიცი. ტელევიზიით ითქვა, მაგრამ ტელევიზიაში თავისით ხომ არ მოიგონებდნენ. ფაქტია, გაუგებრობაში ვიყავი.
-    “ქაისერისფორზეც” ვთქვათ – სეზონი ცუდად დაიწყეთ, თუმცა ბოლო სამი მატჩი მოიგეთ.
-    თავიდან ძლიერ მეტოქეებთანაც გვქონდა შეხვედრები. კარგია, რომ სიტუაცია გამოვასწორეთ. უახლოესი მატჩი “ესკიშეჰირსფორთან” სტუმრად გვაქვს. რთული თამაში იქნება, მეტოქე ცხრილის ზედა ნაწილშია. ცუდი დაწყება იმის ბრალიც იყო, რომ ერთი-ორი ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლდებოდა. “ქაისერისფორი” ზამთარში გაძლიერებას აპირებს, ორი-სამი ფეხბურთელი მაინც დაგვემატება. ცუდი გუნდი ნამდვილად არ გვყავს, შოთა არველაძე სასიამოვნო ფეხბურთს ათამაშებს.  
-    წლების განმავლობაში თურქეთის სუპერლიგაში ქართველი ფეხბურთელები თითქმის არ ჩანდნენ. ამასწინათ კი, თქვენ და აკაკი ხუბუტიას მოგიწიათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში.
-    კი ვაწყენინეთ ხუბუტიას, მაგრამ რას იზამ… 28-ე წამზე გავუტანეთ და 1:0 მოვუგეთ “სამსუნსფორს”. ისე, მინდორი ძალიან ცუდი იყო და კარგი თამაში ვერ გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაისურები გავცვალეთ მე და ხუბუტიამ.
 

ილია ნანობაშვილი


 

0.151701