ფეხბურთი

14:05 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდს” სერგო გაბელაია გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის “ მწვრთნელ-კონსულტანტად სერგო გაბელაია დაინიშნა.

“ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ახალი მწვრთნელი კლუბის დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ წარადგინა. გაბელაიას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არაერთი წელი უმუშავია, ხოლო ბოლოს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. გაბელაიამ “ზუგდიდში” კობა წიტაიშვილი შეცვალა. 

მალხაზ ჭეჟია (საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის“ დირექტორი): “უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს მობრძანებისთვის და ყოველგვარი შესავლის გარეშე, მინდა საფეხბურთო კლუბ  „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციისა და ამავე კლუბის სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი გადაწყვეტილება გაგაცნოთ. იმ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რაშიც ჩვენი კლუბი იმყოფება მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე და აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის კობა წიტაიშვილის წასვლის  შემდეგ, გუნდი აუცილებლად საჭიროებდა ცვლილების განხორციელებას, რაც ერთობლივად განვახორციელეთ კიდეც და დაინიშნა გუნდის მწვრთნელ - კონსულტანტად სერგო გაბელაია. მივესალმები ბატონ სერგოს ჩვენს გუნდში მოსვლას. მისი საფეხბურთო საქმიანობა მაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ერთად დგომით შეძლებს ჩვენი გუნდის კრიზისიდან გამოყვანას, რაც არაერთ გუნდში გაუკეთებია მას, თუმცა  ამაზე თავად სერგო გაბელაიას მოვუსმინოთ “.

სერგო გაბელაია (მწვრთნელ-კონსულტანტი): “პირველ ყოვლისა ყველას მინდა მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისთვის და “ზუგდიდის” ხელმძღვანელობას ნდობისთვის. არ მინდა ჩემს საქმიანობაზე საუბრით გადაგღალოთ, თუმცა ერთს ვიტყვი. სამწვრთნელო კარიერაში 21 წლიანი მუშაობისას არაერთ სიტუაციაში მომიწია ყოფნა. ის სიტუაცია მაქვს მხედველობაში რაშიც ამჟამად “ზუგდიდია”. ასეთი მდგომარეობიდან არაერთი გუნდი გამოგვიყვანია ერთად დგომით და მაგალითისვთის გამოდგება, 90-იან წლებში თელავის “კახეთი”, რომელსაც პირველ წრეში მოგება არ ჰქონდა და უმაღლეს ლიგაში დარჩა, ცხინვალის “სპარტაკს” სამი წლის წინ სამი ქულა ჰქონდა და იქაც უკეთესობისკენ დავძარით საქმე, ფოთის “კოლხეთი” შვიდი წლის წინ ცხრილის ფსკერზე იყო და იმავე სეზონს ხუთეულში გავიდა. დანარჩენს საქმე გვიჩვენებს და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ აქაური პოტენციალი მაძლევს იმის საბაბს, რომ “ზუგდიდი” უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დარჩება”.

ფოტო fczugdidi.ge 

0.110862