ფეხბურთი

14:51 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” ხორვატ თავდამსხმელს ელის

 თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “ზუგდიდმა” მორიგი ამხანაგური მატჩი რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე კალინინგრადის “ბალტიკასთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

ქილითაია (ზარქუა, 46), დ. ქირია, აფაქიძე (ნიკოლაძე, 75), მირცხულავა, ჯავაშვილი, ი. შალიკაშვილი (ქებაძე, 35), სიხარულია (გ. სამუშია, 71), შ. ლომია, კირკიტაძე, გუგუჩია, კავალიაუსკასი (ლინკოლნი, 58).

მატჩის მსვლელობისას სერიოზული ტრავმა მიიღო საყრდენმა ნახევარმცველმა ირაკლი შალიკაშვილმა და ამიტომ შეცვალეს. ზუგდიდელებს ვერ დაეხმარა მარჯვენა მცველი რომეო კანკია, რომელმაც პირველ ამხანაგურ მატჩში მენისკი დაიზიანა და მისი ტრავმის სიმძიმე უახლოეს დღეებში დადგინდება.

“ბალტიკამ” გამარჯვების გოლი 26-ე წუთზე გაიტანა. თუმცა, იმ ეპიზოდში ანდრეი სალნიკოვმა ბურთი ხელით გაისწორა და ამის მერე დაარტყა - წესის დარღვევა იმდენად აშკარა იყო, ზუგდიდელებს მეტოქისთვის ხელიც კი არ შეუშლიათ.  ვიდრე კალინინგრადელები ანგარიშს გახსნიდნენ, მე-19 წუთზე კირკიტაძის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 45-ე წუთზე შანსი გუგუჩიამ ვერ გამოიყენა. 49-ე წუთზე, აფაქიძემ ზუგდიდელები გოლის გაშვებისგან იხსნა, როდესაც ცარიელ კარში დარტყმული ბურთი მოიგერია. მე-60 წუთზე, აფაქიძემ “ბალტიკას” კარი აიღო, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე დააფიქსირა. მე-80 წუთზე, კალინინგრადელთა მცველმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დადო.

შაბათს, “ზუგდიდი” ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. დილას, ჩინეთის პირველი დივიზიონის BIT-თან ითამაშებს, ხოლო საღამოს ბულგარეთის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) სოფიის “სლავიასთან”.

ამ დღეებში ზუგდიდელები გასასინჯად ხორვატი თავდამსხმელის ჩამოსვლას ელოდებიან.

თეგები“ზუგდიდი”
0.143875