მეორე პერიოდის შუაწელში დომინიკელები სლოვენიას 7 ქულას უგებდნენ. ამ დროს ბალკანელთა დამრიგებელმა იურე ზდოვცმა შემადგენლობის როტაციას მიმართა, რამაც გაამართლა – ევროპელებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს, 23:2 “გაქცევა” მოაწყვეს და დიდწილად მეოთხედფინალისტის ვინაობაც ამ მონაკვეთში გაირკვა.
მართალია, დომინიკელები იოლად არ დანებებულან, სხვაობის 2 ქულამდე დაყვანაც კი მოახერხეს, მაგრამ მთლიანობაში სლოვენია უკეთ გამოიყურებოდა და 9 სექტემბერს მეოთხედფინალში აშშ-ის ნაკრებს შეხვდება.
გამარჯვებულთაგან საუკეთესოები ძმები დრაგიჩები იყვნენ. ზორანის ანგარიშზე 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 ჩაჭრაა, გორანი კი თავისი ქვეყნის ნაკრებს ამჯერად 12 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით შეეწია.
მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში
მერვედფინალი
ბარსელონა. “პალაუ სანტ-ხორდი”
დომინიკა – სლოვენია 61:71 (15:15, 13:23, 20:16, 13:17)
სლოვენია: ზორან დრაგიჩი (18ქ, 3მ, 4ჩ), გორან დრაგიჩი (12ქ, 6პ), სლოკარი (9ქ, 6მ), ლორბეკი (8ქ), ბალაჟიჩი (7ქ), კლობუჩარი (5ქ), პრეპელიჩი (5ქ), ზუპანი (3ქ), ბლაჟიჩი (2ქ), ომიჩი (2ქ), მურიჩი (5მ).