ინტერვიუები

10:05 | 18.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო ზახოვიჩი: “ინგლისი ჯგუფში ჩარჩება”

სლოვენიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში “ყველაფერი”, ანუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ზლატკო ზახოვიჩი, ორიგინალური ინტერვიუებით გამოირჩევა და ცნობილია, რომ რუსებს მაინცდამაინც არ სწყალობს – ეს, შარშან ნოემბერშიც გამოჩნდა, როცა სლოვენიელებმა რუსეთის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელ ფლეი ოფში აჯობეს (1:2, 1:0) და მაშინ შეუძახა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს: “რაზე ოცნებობდით, თქვენზე გაცილებით კარგად ვიცით ფეხბურთი”.  
ზახოვიჩი ამჯერად რუსულ “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში იქადნება, სლოვენიის ნაკრები ინგლისზე და აშშ-ზე ბევრად ძლიერიაო... მეტიც, ფაბიო კაპელოს გუნდი ჯგუფიდან, ალბათ, ვერ გავაო.  
- ამართლებს ეს მუნდიალი თქვენს მოლოდინს?
- რა თქმა უნდა. ყველა თამაშს ვუყურებ და დიდ სიამოვნებას ვიღებ.
- საკვირველია. გულშემატკივრები ამბობენ, ბევრი ისეთი მატჩია, ბოლომდე ვერ ვუყურებთ – იმდენად მოსაწყენია, რომ გვეძინებაო...
- რა არის ამაში გასაკვირი? ფეხბურთელებზე ბევრი დაწოლაა, პირველი მატჩებია და წაგება არავის უნდა. ამიტომაც ვუყურებთ ჩაკეტილ ფეხბურთს, მაგრამ ეს დროებითია: გაივლის სასტარტო მღელვარება და გუნდები ბევრ გოლს გაიტანენ.
- ფავორიტად გერმანიას ხომ არ მიიჩნევთ?
- არა, საუკეთესო შანსი არგენტინას აქვს.
- სლოვენიის ნაკრებზე ვილაპარაკოთ. კერძოდ, ალჟირთან 1:0 მოგებულ შეხვედრაზე.
- ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ისიც მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი საგოლე მომენტი გვექნებოდა და ერთს მაინც გავიტანდით. ასეც მოხდა. ახლა, ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ამ საფეხბურზევე დავასრულებთ.
- პროვოკაციული კითხვა: არ გგონიათ, რომ რუსეთი უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა ალჟირს?
- მე რუსეთზე საერთოდ არ ვფიქრობ. მაგრამ რადგან შემეკითხეთ, გიპასუხებთ – რუსეთი ალჟირს ვერ მოუგებდა!
- ვითომ, რატომ?
- იმიტომ, რომ თქვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ თამაშობს და ალჟირს ვერანაირად ვერ შეხვდებოდა. აი, სლოვენიაში კი, მოგებით ყველამ გაიხარა, თუმცა მთავარი მატჩები წინ გვაქვს.
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სლოვენია აშშ-ზე და ინგლისზე ძლიერია?
- რა თქმა უნდა. თანაც, ბევრად ძლიერი!
- და ვინ გავა ჯგუფიდან სლოვენიასთან ერთად?
- ალბათ, ამერიკელები.
- ინგლისი რატომ ვერ გავა?
- ინგლისელების პირველ მატჩს ვუყურე და ვფიქრობ, ვერაა კარგი გუნდი. ინგლისს ხუთი-ექვსი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ეს კი საკმარისი არაა.

ილია ნანობაშვილი  
 

0.114307