ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისეთ ადამიანთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება, რომელთა ფიქრებსა და ზრახვებს ადვილად ამოვიცნობთ. ზლატანი არც ისეთი ვინმეა, პირი რომ მოაღოს და საკუთარი შეხედულებები წამდაუწუმ აფრქვიოს. შვედი თავდამსხმელის პსჟ-ში გადაბარგება, ბევრმა გულშემატკივარმა ზლატანის ფულზე დახარბებასა და “ვერცხლისმოყვარეობას” დაუკავშირა, რაც არ მგონია ეჭვმიუტანელი სიმართლე იყოს. დიდი ხელფასის ფაქტორმა რა თქმა უნდა თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ იბრაჰიმოვიჩის საფრანგეთში გადასვლას შესაძლებელია უფრო ღრმა და შორსმიმავალი მიზეზი ჰქონდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან იშვიათია ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარიერის მანძილზე რამდენიმე განსხვავებული სტილისა და ისტორიის მქონე საფეხბურთო ჩემპიონატის ბომბარდირი გამხდარა. ზლატანმა ჰოლანდიიდან აპენინებამდე, უკვე კარგა ხნის წინ დაამტკიცა, რისი შემძლეცაა და სადაც კი მივიდა, თითქმის ყველგან იბომბარდირა. ახლა, როდესაც ასაკი ახმახ შვედსაც ნელ-ნელა შეეპარა, ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუკი კარიერის მიწურულს ცოტა ფულის შოვნაზეც დაიწყებდა ფიქრს და თან ისე, საკუთარი დიდი ამბიციებიც რომ არ დაივიწყოს. ახლა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის საკმაოდ რთული და ჩახლართული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და ეს ფაქტი შესაძლებელია ყველაზე ნათლადაც კი განმარტავს, შვედის საფრანგეთში გადაბარგების მიზეზს. ზლატანი შესაძლებელია მორიგი საფეხბურთო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს და ჩემპიონატების ცვლის მისეულ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, სულ მალე მთელს ევროპაში აღარ დარჩება ეროვნული პირველობა, სადაც იბრაჰიმოვიჩს თავისი ძალა და შესაძლებლობა არ ექნება დამტკიცებული.
პარიზში ჩასული ზლატანი ცოლთან ერთად, ხშირად ჩნდება ბარებსა და რესტორნებში. ჟურნალისტები და პაპარაცები მას გუნდ-გუნდად დასდევენ და ძირითადად ისეთ თემებზე ესაუბრებიან, “ყვითელს” რომ ვეძახით. ზლატანი დიდო მოლაყბე კაცი არ გახლავთ და პირად ცხოვრებაზე კითხვებს როგორც წესი, მისი მეუღლე პასუხობს. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ, ერთ-ერთი ტაბლოიდის ჟურნალისტისათვის ნათქვამი ჩემი აზრით გულრწფელი სიტყვები წავიკითხე: “სიმართლე რომ გითხრათ, ფრანგულ კულინარიას კარგად არ ვიცნობ და არც დავინტერესებულვარ. ამას საწყენად არ გეუბნებით. მე ესპანეთში, ჰოლანდიაში და იტალიაშიც ვთამაშობდი, მაგრამ ვერც იქაურ საჭმელებს გავუგე რამე. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ერთ ადგილზე დიდი ხანი ვერ ვჩერდები და თავიდანვე ვიცი, რომ როცა იქნება სხვაგან უნდა წავიდე.” ზლატანის მხრიდან ალბათ მეტად ნიშანდობლივი სიტყვებია იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გადავიდა და ახლავე არ ერიდება, მომავალში პარიზული კლუბიდან (როცა იქნება მაშინ) წასვლაზე საუბარს.
ზლატანის “ბარსელონაში” ყოფნის დროს, ალბათ ყველას გახსოვთ გვარდიოლასა და იბრაჰიმოვიჩს შორის მომხდარი გაუგებრობები. ესპანეთიდან იტალიაში წასულმა შვედმა, პეპს შემდგომშიც არაერთხელ “გაჰკრა კბილი” და როცა კი შესაძლებლობა მიეცა, ყოფილი მწვრთნელი ყველგან “წაკბინა.” ცოტა ხნის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსცა და გვარდიოლას მისამართით მწარე-მწარე გამონათქვამები იმ წიგნშიც ბლომადაა. პეპისა და ზლატანის კონფლიქტის ოფიციალური მიზეზი, შვედი ფორვარდის, “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება იყო. თუმცა, ამ მტრობას სხვა, სრულიად განსხვავებული მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. ერთხელ იბრაჰიმოვიჩმა თქვა: “არ მომწონს, “ყოვლისმცოდნე” ადამიანის სახეებიანი ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებმაც საფეხბურთო კარიერას თავი ცოტა ხნის წინ დაანებეს და თავი ისე უჭირავთ, თითქოს მათით იწყებოდეს და მათით მთავრდებოდეს ევროპული ფეხბურთი”. როდესაც ზლატანმა ეს სიტყვები თქვა, მაშინ მგონი ჯერ კიდევ “აიაქსის” ფეხბურთელი იყო და გვარდიოლა პირადად ნანახიც კი არ ჰყავდა. ზლატანის ხასიათის სიღრმებიის გაგება შეიძლება რთულია, მაგრამ მისი სიტყვებიდან ბევრი საინტერესო დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. ზლატანი მხოლოდ ფულისმოყვარე ხარბი კაცი არ არის. იბრაჰიმოვიჩის სულში ამბიციიის უგრძესი “ჭია” ფუთფუთებს და მე მჯერა, რომ ეს “ჭიაა” შვედი ფორვარდის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო!
ლევან სეფისკვერაძე