შვედეთის ეროვნული ნაკრების და “მილანის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა football-italia.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხბურთისგან ადრინდელ სიამოვნებას ვეღარ იღებს და “პენსიაზე” გასვლას ფიქრობს.
- რით არის გამოწვეული, რომ ახლა საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ იმყოფებით?
- ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო, მაგრამ დღესდღეობით სულ სხვა რამ მაინტერესებს.
- რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, მათი ინტერპრეტაცია როგორ შეიძლება?
- “მილანში” თამაშს გავაგრძელებ, მაგრამ უკვე “პენსიაზე” გასვლაზე ფიქრს ვიწყებ.
- მსგავსი რამ რატომ დაგემართათ, თქვენ ხომ დაბადებიდან საფეხბურთო ცხოვრებაში პროფესიონალურად ხართ ჩართული?
- სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პირადად ფეხბურთის გარდა სხვა არაფერზე მიფიქრია. ზოგჯერ სკოლაშიც კი არ დავდიოდი, რათა ფეხბურთის თამაშის საშუალება მქონოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ფიქრი სხვა რაღაცეებზეც დავიწყე.
- რა მომენტებში ხვდებით, რომ ფეხბურთი მოგყირჭდათ?
- იცით, ზოგჯერ საკუთარ ბაღში შვილებთან ფეხბურთის თამაშიც არ მინდება. ახლა ამის საშულებას ჩემი ბავშვების ძიძას ვაძლევ.
- მხოლოდ მორალურად დაიღალეთ თუ ფიზიკურადაც?
- ასაკის მატებასთან ერთად, საკუთარ თავზე უფრო მეტად უნდა იზრუნო. ახალგაზრდობაში, როდესაც რაიმე ტკივილს გრძნობ, მაინც შეგიძლია მოედანზე გასვლა და 40 მეტრიდან გოლის გატანა. ახლა ასე აღარ შემიძლია. უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდო მოთელვას და კარშიც უფრო ფრთხილად უნდა დავარტყა. ვბერდები.
- ყოველივე ძალიან სამწუხაროდ ჟღერს. მართლა არაფერს ამეტებთ?
- არ ვხუმრობ, რადგან შექმნილი სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია. ამის შესახებ საუბარს ვერ ვიტან, მაგრამ ისეთი თავდაჯერებული აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. რამდენიმე წლის წინ საკუთარი თამაშით ვტკბებოდი, ახლა კი – არა.
- “მილანიდან” და საერთოდ ფეხბურთიდან წასვლას როდის აპირებთ?
- ჩემთვის ყველაფერი ყოველდღიური რუტინა გახდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც მომწონს თამაში. თუმცა, გაჭაღარევებულს მოედანზე გამოსულს ნამდვილად ვერ მნახავთ. ნამდვილად არ ვაპირებ იქამდე თამაშს, ვიდრე საკუთარ თავს არ გავინადგურებ. ფეხბურთის თამაშს ამ წუთში ან ხვალ თავს ნამდვილად არ დავანებებ.
- შესაძლოა, საქმე ისაა, რომ წასვლა მაშინ გსურთ, როდესაც მწვერვალზე იმყოფებით?
- ნაწილობრივ ასეცაა. შესაძლოა, ეს ჩანაფიქრი ვერ განვახორციელო, რადგან რაღაც დროის განმავლობაში კიდევ ნამდვილად ვითამაშებ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა