ერთი ძველთბილისური გამოთქმისა არ იყოს – შენს სიმღერას ხალხი მღერისო - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში უკვე ისეთი დიდი კვალი დატოვა, რომ გამოთქმა “ზლატანერა“, შვედეთის ენის საბჭომ ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც ახალი შვედური სიტყვა.
რეგისტრაციის ფორმის მიხედვით, ახალი ტერმინი “ზლატანერა“, ძალის გამოყენების აღმნიშვნელი სიტყვაა. ანუ, თუკი ამიერიდან ნებისმიერ შვედს საუბრისა თუ წერის დროს, ძალის გამოყენებაზე ექნება ლაპარაკი, შეუძლია სხვა სიტყვები აღარ ეძებოს.
წინადადებაში “ზლატანერა“ ალბათ მართლაც საინტერესოდ შეიძლება ჩავსვათ. მით უმეტეს, თუკი ეს წინადადება სასიყვარულო შინაარსის იქნება. ასე მაგალითად: “მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ჭეშმარიტი ჯენტლმენი ვარ და არ მსურს, ჩვენს ურთიერთობებში ზლატანერა გაჩნდეს!..”