ინტერვიუები

9:41 | 24.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “ინტერთან” შეხვედრას ოპტიმიზმით ვხვდები”

ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას შემდეგ, რაც შვედი ფეხბუთელი მილანის “ინტერს” იტალიაში მონოპოლიის დამყარებაში დაეხმარა, ახალი თავგადასავლის საძიებლად მან კატალონიის დედაქალაქს მიაშურა.
გასული სეზონის ტრიუმფატორ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა მცირე ხანში მოახერხა მის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა ეჭვის გაქარწყლება. წლის ბოლომდე მთავარი შეხვედრების გამართვა “ბარსას” მიმდინარე კვირაში უწევს, რადგან კატალონიელები დღეს მილანის “ინტერს” მასპინძლობენ, 29 ნოემბერს, საკუთარ იუბილეზე კი მადრიდის “რეალს” დაუხვდებიან. ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ფიფას ოფიციალური საიტის წარმომადგენელმა სწორედ “ბარსას” ახალ ვარსკვლავთან გადაწყვიტა გასაუბრება.
- მართალია, “ბარსელონაში” არცთუ დიდი ხანია რაც ირიცხებით, მაგრამ უკვე კატალონიური კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხართ. მოელოდით ადაპტაციის ასე სწრაფად გავლას?
- სეზონის ამგვარ დასაწყისს არ ველოდი. როგორც წესი, ახალ კლუბში თავიდანვე ყველაფერი კარგად არ მიდის. მაგრამ ახალი მწვრთნელი და თანაგუნდელები ძალიან მეხმარებოდნენ და განაგრძობენ კიდეც იგივეს კეთებას. როდესაც მოედანზე ისეთი ფეხბურთელების გვერდით გამოდიხარ, როგორებიც “ბარსელონაში” ირიცხებიან, შენი საზრუნავი მხოლოდ თამაშია.
- “ინტერში” მოედანზე კონკრეტული პოზიცია არ გქონდათ, “ბარსელონაში” კი მწვრთნელის ტაქტიკამ გარკვეულწილად შეგზღუდათ.
- უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ “ინტერში” 4-2-2 სისტემით ვთამაშობდით, აქ კი 4-3-3. დიდი განსხვავებაა ჩემს წინა და ამჟამინდელ კლუბებს შორის. “ბარსელონაში” 9 ნომრის პოზიციაზე ვთამაშობ, მწვრთნელი თავისუფლებას მაძლევს და შემიძლია ფლანგზეც გადავინაცვლო ხოლმე.
- ორივე გუნდში შესანიშნავ მწვრთნელებთან მოგიწიათ მუშაობამ. რა განსხვავებაა გვარდიოლას და მოურინიოს შორის?
- უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ გვარდიოლა უფრო აქტიური მწვრთნელია. როდესაც იგი ვარჯიშის დროს რამეს გიხსნის, თან მოძრაობებით ცდილობს გაგაგებინოს თავისი სურვილი. გვარდიოლა ფეხბურთელობის დროსაც ძალზე წარმატებული იყო. მართალია, მოურინიოს უმაღლეს დონეზე არ უთამაშია, მაგრამ ორივე ამ მწვრთნელს ფეხბურთისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება და წარმატების მიღწევის უნარი აქვთ. როგორც გვარდიოლას, ისე მოურინიოს შეუძლია გარკვევით აგიხსნას, თუ რა სურს შენგან. ორივე ეს მწვრთნელი ბუნებით გამარჯვებულია.
- და პიროვნული თვისებები?
- ორივე მწვრთნელს ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს, რადგან ორივე მათგანი ნამდვილი პროფესიონალია. მოურინიოსთან მუშაობის დროს თავს ძალზე კარგად ვგრძნობდი და ასეთივე სიტუაციაა გვარდიოლასთან მიმართებაშიც.
- გაგაკვირვეს ახალმა თანაგუნდელებმა?
- არა, რადგან მათ თამაშს მანამდეც ვიცნობდი. ინიესტა, მესი, ანრი, ტურე და კეიტა რომ კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მათთან ერთად მოედანზე გამოსვლამდეც ვიცოდი. გაკვირვებული არ ვყოფილვარ, მაგრამ მათთან ერთად თამაში დიდი პატივია.
- გუნდში იმ დროს მიხვედით, როდესაც მას ყველაფერი მოგებული ჰქონდა. ხელეწიფება თუ არა “ბარსას” წინა სეზონის მიღწევის გამეორება?
 - რომელ კლუბშიც არ უნდა ვთამაშობდე, ყოველთვის ყველაფრის მოგება მსურს. წარსული მიღწევის გამეორება იოლი არ იქნება, რადგან ზედიზედ ორი ასეთი სეზონის ჩატარება ძალზე რთულია. მეორეს მხრივ, ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებულნი და გუნდს ასეთი წარმატების მიღწევის გამოცდილებაც აქვს. ვფიქრობ, შარშან ნაჩვენები შედეგის გამეორება შესაძლებელია, რატომაც არა.
- დეკემბერში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიემგზავრებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საასპარეზოდ. რას ნიშნავს თქვენთვის ამ ტურნირის მოგება?
- ეს ის ტურნირია, რომლის მოგებაზეც ყველა ფეხბურთელი ფიქრობს, რადგან მასში ასპარეზობის საშუალება არცთუ ხშირად გეძლევა. “ბარსელონას” მისი მოგების შანსი მიეცა და უნდა გამოვიყენოთ იგი. ჩვენთვის ეს ტიტული განსაკუთრებულია იმითაც, რომ კლუბს იგი არასდროს მოუგია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება ჩვენთვის მ იმდინარე სეზონში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
-შვედეთის ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. დეკემბერში გასამართი გათამაშება აგინაზღაურებთ ამ დანაკლისს?
- რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული დავრჩი შვედეთის მუნდიალს მიღმა დარჩენით. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი ჩემთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. მსურს მოვიგო ყოველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
- შეგვიძლია მომავალში კვლავ ვიხილოთ იბრაჰიმოვიჩი ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- ჩემი ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, ნაკრებში თამაშს აღარ ვაპირებ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. არაფერს გამოვრიცხავ.
- დავუბრუნდეთ საკლუბო ფეხბურთს. სულ მალე ყოფილ კლუბს, მილანის “ინტერს” დაუპირისპირდებით. რა გრძნობა გაქვთ მოახლოებული მატჩის წინ?
- “ინტერი” ძალიან კარგი გუნდია. მასთან მოგების შემთხვევაში ჯგუფში სიტუაციას გამოვიკეთებთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აშკარად არ გვიმართლებს. მილანელებთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია. ამ შეხვედრას ოპტიმიზმით ვხვდები და იმედი მაქვს იგი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
- კვირის ბოლოს კი პირველად მიიღებთ მონაწილეობას “ელ კლსიკოში”...
- რა თქმა უნდა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი თამაშია არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ.
- შესაძლებელია თუ არა განმეორდეს ბოლო კლასიკო, რომელიც “ბარსამ” 6:2 მოიგო?
- არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენ გოლს გავიტანთ. მაგრამ “ბარსელონა” შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი გოლის გატანას მოვახერხებთ.

მიშა ზაქარეიშვილი

0.116008