ინტერვიუები

18:59 | 25.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “გადავწყვიტე – მწვრთნელი გავხდები”

მადრიდის “რეალის” საფეხბურთო დირექტორი ზინედინ ზიდანი კვლავინდებურად ფრანგ გულშემატკივართა საყვარელი ვეტერანი სპორტსმენია. ამას რამდენიმე ხნის წინათ ჩატარებული გამოკითხვაც ადასტურებს, რომლის შედეგებით “ზიზუ” მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მრბოლელ სებასტიან ლოებსა (ჯერჯერობით აქტიურ კარიერას განაგრძობს-რედ) და ჩოგბურთელ იანიკ ნოას უსწრებს. ზიდანმა კი მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა – აქაოდა, კაბინეტური ცხოვრება დიდად არ მხიბლავს და ადრე თუ გვიან, ფეხბურთს მწვრთნელის რანგში დავუბრუნდებიო.

- მუსიე ზიდან, აქტიური საფეხბურთო ცხოვრება არ მოგენატრათ? სპორტული ჩინოვნიკის სავარძლის სამწვრთნელო საქმიანობაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?
- ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყობ ხელს. ეს გადაწყვეტილი, ოღონდ დროის ამბავია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუნაწილო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე უკეთ არაფერი მესმის და ვფიქრობ, ჩემი ეს ცოდნა ბევრ მოთამაშესაც სასიკეთოდ გამოადგება.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, როდის უნდა ველოდეთ თქვენს გამოჩენას სამწვრთნელო ასპარეზზე?
- დამრიგებლობის დაწყებას ჯერჯერობით არ ვჩქარობ, ყველაფრის მოსაფიქრებლად და ასაწონ-დასაწონად დრო მაქვს. ამასთან, მწვრთნელობის შესწავლასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ყურადღებით ვაკვირდები ჟოზე მოურინიოს მუშაობის მეთოდებსა და სტილს. თანაც, “მოუ” თანდათან მაჩვევს მწვრთნელობას. ხანდახან მაიძულებს კიდეც “რეალის” პირველი გუნდის წვრთნასაც დავესწრო და ვარჯიშის წარმართვის საქმეში აქტიური მონაწილეობაც მივიღო. გითხრათ სიმართლე, სწორედ პორტუგალიელმა გამიღვივა სამწრთნელო პროფესიისადმი ინტერესი.
- თქვენ სიტყვებს თუ ვერწმუნებით, უახლოეს პერიოდში კვლავაც მადრიდის “რეალის” საფეხბურთო დირექტორის პოსტზე გააგრძელებთ მუშაობას. რა გეგმები გაქვთ ამ პოსტზე საქმიანობისას?
- გუნდთან ერთად კვიპროსში გავემგზავრები. იქაურ აპოელთ-ან “რეალს” საჩემპიონთალიგო ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის ჩატარება მოუწევს და გუნდი მთელი სერიოზულობით ემზადება ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.
- მომავალ ზაფხულს პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. თქვენი აზრით რა პერსპექტივა აქვს საფრანგეთის ნაკრებს კონტინენტის მორიგ პირველობაზე?
- ლორან ბლანის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას ვაძლევ. თანაც, მის განკარგულებაში მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. თუნდაც, მარტო ფრანკ რიბერისა და კარიმ ბენზემას დასახელება კმარა. “სამფეროვნებს” თავისი პოტენციალი სრულად ჯერ არ გამოუვლენიათ და იმედია, ამას ისინი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მოახერხებენ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.12613