ინტერვიუები

16:22 | 1.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ფორტუნა ყოველთვის მოწყალე თვალით არ გადმოგხედავს”

მადრიდის “რეალის” საფეხბურთო დირექტორი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ‘ბაიერნთან” მარცხს უიღბლობას მიაწერს, ალესანდრო დელ პიეროს სხვა კლუბში გადასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს, მოახლოებულ ევროპირველობაზე კი საფრანგეთის ნაკრებისგან წარმატებულ გამოსვლას ელის.

- მუსიე ზიდან, თქვენი აზრით, რამ შეუშალა ხელი მადრიდის “რეალს” მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირებისას, რის გამო ვერ გავიდა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
- ფეხბურთში ყოველთვის ფორტუნა არ გადმოგხედავს მოწყალე თვალით. ნუ დავუკარგავთ დამსახურებას გერმანელებს, მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე სათანადოდ მაინც არ შეაფასეს. “სანტიაგო ბერნაბეუზე” თანაბარძალოვანი მეტოქეების მატჩი გამოვიდა, პენალტების სერიაში კი იღბალმა “ბაიერნს” გაუღიმა.
- მოურინიოს სადამრიგებლო შესაძლებლობებზე რა აზრის ხართ?
- წლების განმავლობაში “რეალს” ზუსტად ისეთი მწვრთნელი აკლდა, როგორიც ჟოზეა. მოურინიო ზედმიწევნით ზუსტად ერკვევა სადამრიგებლო ნიუანსებში, ფეხბურთის რაციონალური და ჩემი აზრით, სწორი ხედვა აქვს. რაც მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტი მტკიცე ხასიათითა და ნერვებით გამოირჩევა. თანაც, მან იცის კონკრეტულად რა მიზანი უნდა დაუსახოს ამა თუ იმ ფეხბურთელს ან მთლიანად გუნდს და როგორ მიაღწიოს დაგეგმილს. ზუსტად ამგვარი მწვრთნელი გვჭირდებოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მოურინიო მასზე დაკისრებულ ამოცანას თავს მშვენივრად ართმევს.
- ჩემპიონთა ლიგაში თქვენი კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ბრუნდება. რა შანსი ექნება მომავალ გათამაშებაში “ბებერ სინიორას”?
- წარმატების გარკვეული შესაძლებლობა “იუვეს” ექნება, მაგრამ მომავალ სეზონში, არ მგონია, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად იყვნენ. საამისოდ მას რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანმიმართული მუშაობა და სწორად გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა დასჭირდება. ყველა შემთხვევაში, “იუვენტუსს” წარმატებას ვუსურვებ.
- რამდენად გამართლებულ ნაბიჯად თვლით ტურინელთა კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას, რომელთაც ალესანდრო დელ პიეროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარეს?
- ალექსი უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა, მაინც მგონია ამ ასაკში მისთვის სხვა კლუბში გადასვლა სასარგებლო იყოს. როდესაც ასეთი დონის მოთამაშეს ყიდულობ, გულშემატკივრების მოლოდინი დიდია, მისი სრულად გამართლება კი ურთულესი საქმეა.
- მადრიდის “რეალის” საფეხბურთო დირექტორობა გაკმაყოფილებთ თუ მომავალში მწვრთნელის როლშიც გიხილავთ?
- გადაჭრით ვერ გიპასუხებთ. ჯერჯერობით მომწონს იმ ფუნქციების შესრულება, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვასრულებ. კარგად მახსოვს, ფეხბურთელობისას ემოციურად როგორი დატვირთული ვიყავი. დამრიგებლობა კიდევ უფრო დამღლელი და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამჟამად ვერ გეტყვით, ავირჩევ თუ არა სამწვრთნელო კარიერას. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
- ევროპის მომავალ ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შანსს როგორ შეაფასებდით?
- ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის სათავეში ყოფნის 2 წლის განმავლობაში ლორან ბლანმა ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა. ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა მასთან ერთად რთული, მაგრამ წარმატებული გზა გაიარეს. კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მიჭირს, თუმცა, როდესაც მწვრთნელი გუნდში ამხელა ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას დებს, შეუძლებელია ამან სათანადო შედეგი არ გამოიღოს.
- ნაკრებსა თუ საკლუბო დონეზე მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდით. ბევრ აღიარებულ ოსტატთან ერთადაც მოგიწიათ მინდორზე გასვლა. მათგან ყველაზე მეტად რომელ დიდოსტატებს გამოჰყოფდით?
- როდესაც რონალდო ფორმის პიკში იყო, ვერავინ შეედრებოდა. მისი თამაშით დღემდე გაოგნებული ვარ. ძალიან სამწუხაროა, ბრაზილიელი დიდოსტატი მძიმე ტრავმებმა რომ გააწამეს. ამის გამო “კიჭა” სათანადო სპორტულ კონდიციას ხშირად ვერ აღწევდა ხოლმე. ამით მთლიანობაში მსოფლიო ფეხბურთმა იზარალა.
- მოდით, ის ადამიანიც გავიხსენოთ, რომელსაც ყველაზე მეტად უმადლით...
- “კანში” თამაშისას ჩემი დამრიგებელი მუსიე ჟირაუდი გახლდათ. მაშინ ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი ბევრს შეჰქონდა, მან კი მამაშვილურად გამამხნევა და სწორ გზაზე დამაყენა. მისი მხარდაჭერა რომ არა, არავინ იცის, საბოლოოდ რა დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა ზინედინ ზიდანი და საერთოდ, შედგებოდა კი ჩემი ნაყოფიერი სპორტული კარიერა. სამწუხაროა, დღეს ჟირაუდი ცოცხალი რომ არაა. მის შემდეგაც ბევრმა ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი, მაგრამ ყველაზე მეტად დავალებული მაინც პირველი პედაგოგისგან ვარ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.116889