აბა ბავშვებო, კოხტად გადაჰკიდეთ ტანსაცმელი სკამებზე, კარგად შემოიკეცეთ საბნები და მომისმინეთ. ამჯერად, უნდა გიამბოთ ზღაპარი მალტელ მეთევზეზე, რომელსაც ოცნება აუსრულდა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ზღვაში ჩაკარგულ კუნძულზე, რომელსაც არაბები ალ ტამს, იტალიელები კი მალტას ეძახდნენ, ცხოვრობდა ერთი ღარიბი მეთევზე, სახელად მიფსუდი. აიღებდა მიფსუდი ყოველ დილას თავის ძველ, ალაგ-ალაგ დაკემსილ ბადეს, წავიდოდა ზღვის პირას და თევზაობდა. ჩვენს ღარიბ მეთევზეს იღბალი ხშირად ღალატობდა და არაერთხელ დაბრუნებულა შინ ხელცარიელი და მოწყენილი. მიფსუდი ღარიბი და უპოვარი კი იყო, მაგრამ მამისგან ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა სახსოვრად. ჩაიხედავდი ამ ჯადოსნურ სარკეში და რასაც სთხოვდი, იმას გაჩვენებდა. ამგვარად, ღარიბ მეთევზეს თითქმის ყველა დიდი მეფის სასახლეები ჰქონდა დათვალიერებული და ცოდვა გამხელილი სჯობს – რამდენჯერმე მეფეთა ასულების ოთახებისკენაც გაექცა თვალი.
მაგრამ ყველაზე მეტად მიფსუდს მაინც მალტის მეფე-მთავრის ტა-ქალის სასახლის ეზოში გამართული ფეხბურთის ცქერა უყვარდა. სასახლეში, რასაკვირველია, არავინ შეუშვებდა, მაგრამ სარკე ხომ ჰქონდა?! ჰოდა, ამ თავის სარკეში დიდი სიტკბოებით უცქერდა თამაშებს და მიუხედავად იმისა, რომ მალტელები ხშირად მარცხდებოდნენ, არასოდეს სტოვებდა იმის ოცნება, რომ ერთხელ, თვითონაც გავიდოდა იმ მინდორზე და სხვა თუ ვერა, თვითონ აუცილებლად გაიტანდა ესოდენ ნანატრ გოლს. თან სად? თავად მეფის თვალწინ!
თავისუფალ დროს, მიფსუდი სულ გოლის გატანის ოცნებებსა და თავის მეგობარ მეთევზეებთან ერთად, ძველი ნაჭრის ჭინჭებისაგან შეკერილი ბურთის გორებაში ატარებდა. აბა, რა თამაში უნდა სცოდნოდათ მალტელ მეთევზეებს? მაგრამ თავიანთ მეგობარ მიფსუდს ხათრს არ უტეხდნენ და მასთან ერთად ისინიც ქშენა-ქშენით დარბოდნენ კუნძულის მწვანედ ახასხასებულ ველებზე. ველები კი იცოცხლეთ, მშვენიერი და თვალისმომჭრელად ლამაზი იყო მალტაში. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ასეთი მინდვრების გასაკეთებლად ბევრ ფულს ხარჯავდნენ და საბოლოოდ მაინც ატალახებული სტადიონები რჩებოდათ ხელში, მიფსუდი და მისი მეგობრები მწვანე მინდვრის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ.
ერთხელაც, ადრიან შემოდგომაზე, მიფსუდი ტრადიციულად გარიჟრაჟზე ადგა. აიღო თავისი დაკონკილი ბადე და სათევზაოდ წავიდა. ზღვის მოქცევა უკვე დაწყებული იყო და ღარიბ მეთევზეს იმედი ჰქონდა, ცოტა თევზს მაინც გამორჩებოდა მისთვის ასე ძუნწ ზღვას. წყალი საკმაოდ ცივი იყო, მაგრამ ბადე მაინც მარჯვედ ისროლა და როდესაც ბადე ამოსწია, ბადეში მოფართხალე რამდენიმე ჭიჭყინას შორის, გასაოცარი სილამაზის თევზი დაინახა. გახარებულმა ამოიყვანა ბადიდან თევზი და ის იყო სათლში უნდა გადაეტანა, რომ თევზმა უცებ ადამიანის ხმით შეჰღაღადა: ”სამ სურვილებს რომ ასრულებს, იმ თევზის გარე-ბიძაშვილი ვარ. გამიშვი და შენთვის სამის ვერა, მაგრამ ერთი სურვილის ასრულებას ნამდვილად მოვახერხებო”. გადაირია სიხარულით საწყალი მეთევზე. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს თევზს უთხრა: ”შენ მხოლოდ ის შეძელი, რომ ამ საღამოს ტა-ქალიზე ფეხბურთი რომ ტარდება იქ ვითამაშო და მეტი არაფერი მინდაო”. თევზს გაეცინა (იმდენად რამდენადაც თევზებს საერთოდ შეუძლიათ გაცინება) და “რა პრობლემაა, ჩათვალე რომ ამ საღამოს კიდეც ითამაშებ და გოლსაც გაიტანო”. თავსდატეხილი ბედნიერებით გაბრწყინებულმა მეთევზემ თევზის დაპირების იმწამსვე ირწმუნა, თევზი ზღვაში მოისროლა და სულ ხტუნვა-ტუნვით გაიქცა სახლისკენ. ლამაზი თევზი სიტყვის თევზი აღმოჩნდა (აბა, ბავშვებო თევზზე “სიტყვის კაციაო” – ხომ ვერ ვიტყვით?) სახლში მისულ მიფსუდის ეზოში მეფის მალემსრბოლი დახვდა, რომლის პირითაც მეფე უთვლიდა: დღეს გადამთიელ „ჯვაროსნებს“ ვეთამაშებით, გავიგეთ სულ ბურთს რომ დასდევ და წამოდი, ერთი გვაჩვენე, რა შეგიძლია და რისი მაქნისი ხარო. სამწუხაროდ, იმ დროში არც კედები და არც ბუცები არსებობდა. ამიტომ, მიფსუდიმ ზღვის ეშმაკის (ასეთი სახელის მქონე თევზიც არსებობს, ჩემო პატარებო) ტყავისგან სახელდახელოდ ამოასხა სპორტული ქალამანი. ჩაიცვა სელაპის ტყავისგან შეკერილი ელასტიური შარვალი და გახარებული გაჰყვა მეფის მალემსრბოლს.
იმ პერიოდში, ტა-ქალელები მომხვდურ გუნდებთან მუდმივად მარცხდებოდნენ და არენაზე შეკრებილ მეფის კარისკაცებსაც ყოველი თამაშის დაწყებისა და დასრულების დროს, სულ სახეები ჩამოსტიროდათ. მინდორზე გამოსული უბირი მეთევზე რომ დაინახეს, მთლად გადაირია მეფის მთელი ამალა. მით უმეტეს, რომ პირველი გოლი „ჯვაროსნებმა“ გაიტანეს. და სწორედ მაშინ, როდესაც მთელი კუნძული ისევ დამარცხების დარდსა და კაეშანს უნდა მისცემოდა, ამ ჩვენმა მეთევზემ მალტის ისტორიაში ულამაზესი გოლი გაიტანა და საუკუნო სირცხვილისგან იხსნა მეფეცა და მთელი მისი სახლობაც.
როდესაც თამაში დასრულდა, გახარებულმა ხელმწიფემ, ისე რომ, თავად ოქროს თევზიც კი ვერ წამოიდგენდა, საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ თავის ერთადერთ ქალიშვილს სწორედ კუნძულის მხსნელს, მეთევზე მიფსუდის მიათხოვებდა. ას დღესა და ას ღამეს გაგრძელდა ქორწილი. შეირთო ღარიბმა მეთევზემ ხელმწიფის შვილი, ვეზირებად თავისი მეგობარი მეთევზეები დაისვა და ცხოვრობდნენ მთელი ცხოვრება სიამტკბილობით. ერთადერთი, რაც სამწუხაროდ არ ვიცით, ისაა, თუ რა ქნეს მიფსუდის გოლის შემდეგ „ჯვაროსნებმა“. არც ვიცით და ვერც გავიგებთ, რადგან იმ ხალხმა საკუთარი თავი და ბოლო თვითონაც კი არ იციან და ჩვენ საიდან გვეცოდენიბა?! ჭირი იქა, ლხინი აქა, მიფსუდი იქა, გოლი აქა.
ლევან სეფისკვერაძე