ფეხბურთი

14:00 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” თამაზ ოდიკაძისთვის 7 თვის ხელფასის გადახდა დაევალა

 

სფფ-ის საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა არბიტრაჟმა განიხილა “ზესტაფონისა” და გუნდის ყოფილი მეკარეების მწვრთნელის თამაზ ოდიკაძის საკითხი. ოდიკაძე რამდენიმე თვის წინ ვადაზე ადრე იქნა გათავისუფლებული კლუბიდან – სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და უკომპენსაციოდ. თამაზმა ეს გაასაჩივრა და დღეს ტრიბუნალმა განაჩენი გამოიტანა: “ზესტაფონს” 30 დღის ვადაში დაევალა ოდიკაძისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის გადახდა.

“მსოფლიო სპორტი” თამაზ ოდიკაძეს დაუკავშირდა:

-       გადაწყვეტილება მიიღეს და “ზესტაფონს” დაევალა, 30 დღის განმავლობაში დაფაროს ჩემი 7 თვის ხელფასი. ანუ, ის თანხა, რაც შრომითი ხელშეკრულების მიხედვით მეკუთვნოდა.

-       “ზესტაფონის” წარმომადგენლები იყვნენ განხილვაზე?

-       არა. არავინ არ ყოფილა კლუბიდან. ისინი ამბობენ, რომ არბიტრაჟს არ სცნობენ, თუმცა თუ თანხას არ გადაიხდიან, ფედერაციას შეუძლია, სანქცია დააკისროს კლუბს, რადგან არბიტრაჟი ფედერაციისაა.

-       რა ვითარებაში მოხდა თქვენი “ზესტაფონიდან” გათავისუფლება?

-       როცა გუნდში გია გეგუჩაძე დაინიშნა მწვრთნელად. ერთ-ერთი მატჩის მეორე დღეს “ზესტაფონის” მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ამჟამად კი გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა დამირეკა და მითხრა, გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლებული ხარო. მე მხოლოდ ერთი თვის კომპენსაცია მოვითხოვე და მეტი არაფერი. ამაზე უარი მითრეს, კომპენსაციას არ გავცემთო. შემდეგ ეს ამბავი გავაცანი საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელ ბესო აბაშიძეს, რომელიც ბოლომდე მიჰყვა ამ საკითხს.

ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ თამაზ ოდიკაძე ერთ დროს თავად გახლდათ “ზესტაფონის” მეკარე. ის საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელის, დავით ოდიკაძის ძმა გახლავთ. 

“მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა “ზესტაფონის” მხარეს. კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის კომენტარი:

“საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” არ სცნობს შ.პ.ს საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალს. ჯერჯერობით კი, სანამ ოფიციალურად არ მივიღებთ და არ გავეცნობით განაჩენის ტექსტს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ”.

 ბესო აბაშიძის კომენტარი: “ დავების განმხილველი ტრიბუნალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის დაფუძნებული. გამოდის, რომ სფფ-ის წესდებას დაარღვევენ და ამ შემთხვევაში, ფედერაციას შეუძლია, ლიცენზია არ მისცეს კლუბს.”

 

0.104965