ფეხბურთი

23:15 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” სერბული გუნდი გაანადგურა

10 თებერვალს ხმელთაშუაზღვისპირეთში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. თურქული შეკრების რიგით მესამე მატჩში ზემოიმერელთა მეტოქე სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”დონიი სრემი” გახლდათ. თამაში ქართული კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით (4:1) დასრულდა.

“ზესტაფონის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სერბულ-ქართული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 (თბილისის დროით - 21:00) საათზე დაიწყო. ვოივოდინას მხარის ქალაქ პეჩინცის წარმომადგენელი კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი ვლადო ჩაპლიჩი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის იმყოფება და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. საინტერესოა, რომ დაარსებიდან პირველ წლებში “დონიი სრემი” “ბორაცის” სახელწოდებით ასპარეზობდა.

ზესტაფონელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ გასულ შეხვედრაში დასვენების საშუალება ბოიან პავლოვიჩს, ზაზა ჭელიძეს, რევაზ გეწაძესა და გრიგოლ დოლიძეს მისცა. სერბების წინაღმდეგ “ზესტაფონმა” ასეთი შემდგენლობით ითამაშა:

კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 64), თედორე გრიგალაშვილი (გურული, 64), გაგოშიძე (ფერეირა, 64), ენდელაძე, აჯურუ (შარიქაძე, 64), სარდალიშვილი (ჭანტურიშვილი, 64), მაკარიძე (კაკუშაძე, 53), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 64), საბანაძე (ფანცულაია, 64), კაპანაძე (ტატანაშვილი, 64).

საინტერესოა, რომ მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე “დონიი სრემიმ” გახსნა. თავის გამოჩენა უროშ კოშუტიჩმა მოახერხა. ზესტაფონელებმა თორნიკე კაპანაძის (27-ე წუთი) და ნიკა საბანიძის (45-ე) გოლების წყალობით, წინ გასვლა პირველივე ტაიმში მოახერხეს, 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა დიმიტრი ტატანაშვილმა დააფიქსირა.

“ზესტაფონი” მომდევნო საკონტროლო მატჩს 13 თებერვალს ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118157