საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ზედა ექვსეულის პირველი მატჩის გამართვა საკუთარ არენაზე რუსთავის “მეტალურგთან” მოუწია. ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითმა ნაწილმა გვაჩვენა, რომ “ზესტაფონი” ფაქტობრივად ერთადერთი გუნდია, რომელსაც ხელეწიფება თბილისის “დინამოს” ერთპიროვნულ ლიდერობას გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მართალია, თბილისელებს 8-ქულიანი ფორა აქვთ, მაგრამ ფეროელთა მიერ სტაბილურად ჩატარებულმა მატჩებმა ცხადჰყო, რომ დინამოელებს წაფორხილების შემთხვევაში იმერელთა მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
ზესტაფონელთა ძალაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ გია გეგუჩაძის შეგირდებმა წლეულს გამართული ექვსივე მატჩი მშრალად და დამსახურებულად მოიგეს. საიმედოდ გამოიყურება ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა სერბი დარაჯი ბოიან პავლოვიჩი, რომლის დებიუტს საქართველს ჩემპიონატში წარმატებული ნამდვილად ეთქმის. რაც შეეხება რუსთაველებს, მათ პრობლემა ჰქონდათ ის, რომ გუნდს თამაშზე არ ახლდა მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია, რომელიც პროლიცენზიის კურსებზე იმყოფებოდა. ამიტომაც, სამატჩო ოქმის მიხედვით “მეტალურგს” სერბი მილოვან მატიასევიჩი თავკაცობდა.
შეხვედრა მასპინძელთა სახიფათო მომენტით დაიწყო. მეტოქის ნახევარზე გადასულმა ზესტაფონელთა მარცხენა მცველმა გიორგი გურულმა რბილი გადაცემა ჩაუგდო რუსთაველთა საჯარიმოში მყოფ საბანაძეს, რომელმაც შეუჩერებლივ ცადა დარტყმა, მაგრამ ფორვარდს მცდელობა არ გამოუვიდა და ბედიაშვილი იოლად დაეუფლა ბურთს. პაექრობა თითქმის თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, როდესაც მე-13 წუთზე გოლი სტუმართა კარში გავიდა. დოლიძემ და გეწაძემ კუთხური გაითამაშეს, რომელსაც გეწაძის მხრიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა. რუსთაველთა მცველებს პოზიციის არჩევაში იმერთა ფორვარდმა ნიკა საბანაძემ აჯობა, რომელმაც თავით ბედიაშვილს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშიც გახსნა – 1:0.
რუსთაველები გაშვებულ გოლს არ დაუბნევია და ისინი მედგრად შეეცადნენ მასპინძელთა კართან იერიშების მიტანას. ჩამორჩენისთანავე კაკაშვილმა განახორციელა ძლიერი დარტყმა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა ზესტაფონელთა კარს. ცოტა ხანში კი გოგინაშვილმა დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, ოდნავ მახვილი კუთხიდან სახიფათოდ, თუმცა ბურთი ამჯერადაც აცდა მიზანს. 22-ე წუთზე ფეროელები გოლისაგან პავლოვიჩმა გადაარჩინა, როდესაც ვასაძემ დაახლებით 20 მეტრიდან ძლიერად “გაისროლა”. “ზესტაფონის” სერბმა კიპერმა დიდებულ ნახტომში შეძლო ბურთის “ცხრიანიდან” მოხსნა და კუთხურზე გადაგდება.
რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მასპინძლები უფრო რაციონალურები აღმოჩნდნენ და 34-ე წუთზე მათ ანგარიშში სხვაობაც გაზარდეს. მოედნის შუაგულთან ახლოს კარგად ითამაშა ფეროელთა კაპიტანმა თემურ ღონღაძემ, რომელმაც ვარდნაში ჩაჭრა მეტოქის იერიში, ბურთიანად საკმაო მანძილი გაირბინა და ზუსტი ფლანგური გადაცემა გაუკეთა რუსთაველთა საჯარიმოში შეჭრილ ტატანაშვილს, რომელმაც ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავით ახლო მანძილიდან 2:0 გახადა ანგარიში. ტაიმის ბოლომდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მასპინძლებმა მშვიდად შეინარჩუნეს ორბურთიანი უპირატესობა და სასურველი ფორით გავიდნენ შესვენებაზე.
მეორე ტაიმი მშვიდად წარიმართა. მასპინძლები აკონტროლებდნენ მატჩის სადავეებს. შეხვედრაში კორექტივები ვერ შეიტანა იმ ცვლილებებმა, რომელიც მატიასევიჩმა შესვენებაზე მოახდინა. 56-ე წუთზე მასპინძელთაგან დოლიძემ და საბანაძემ გაითამაშეს კომბინაცია, რომელიც ნიკამ საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით დაასრულა, მაგრამ მისი მცდელობა საკმაოდ არაზუსტი გამოდგა.
როგორც გამოჩნდა, რუსთაველებზე ცუდად იმოქმედა იმ გოლებმა, რომლებიც საკუთარ კარში მიიღეს. მართალია, მათ ძალ-ღონე არ დაუშურებიათ, მაგრამ ისინი ვეღარ მოქმედებდნენ იმ სიმწვავით, როგორც პირველ ტაიმში. აღმოსავლელებს, ფაქტობრივად რეალური ხიფათი მეტოქის კართან არ შეუქმნიათ. თავის მხრივ დიდად თავი არც ზესტაფონელებს გამოუდიათ. ფეროელები მშვიდად აკონტროლებდნენ თამაშის რიტმს და “დინამოსთან” პრინციპული პაექრობის წინ თავი შეძლებისდაგვარად “შეინახეს”. ისე შეხვედრის ბოლოს გიორგი გურული შევიდა შეტევის მარცხენა მხრიდან და მას ფაქტობრივად მოწინააღმდეგეებმა ბარიერი ვერ შეუქმნეს. გურულმა მახვილი კუთხიდან გადაცემის გაკეთება შეძლო საბანაძეზე, სამაგიეროდ ბურთი მეტოქის კარისკენ მიგორავდა, მაგრამ კილასონიამ ივარგა და საკუთარი კარი მესამე გოლისაგან იხსნა.
საბოლოოდ, “ზესტაფონმა” დამაჯერებლად იმარჯვა. ფეროელებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს მშრალად, ხოლო ბალკანელმა ბოიან პავლოვიჩმა 540 წუთი შეინახა საკუთარი დასაცავი ობიექტი სუფთად, რის გახანგრძლივებასაც იგი და მისი თანაგუნდელები, ბუნებრივია შეეცდებიან.
“ზესტაფონი” – “მეტალურგი” 2:0 (2:0)
25 მარტი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 3000 მაყურებელი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანტურიშვილი, 78), საბანაძე, დოლიძე, გეწაძე (ფანცულაია, 70), ტატანაშვილი (ჭანკოტაძე, 54).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“მეტალურგი”: ბედიაშვილი, კილასონია, გოგინაშვილი (გიგაური, 46). სეთურიძე, ჩიმაკაძე, ექვთიმიშვილი (ხაბელაშვილი, 46), საჯაია, კაკაშვილი, ქავთარაძე, მახვილაძე, ვასაძე (მიქაბერიძე, 66).
მთავარი მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
გოლები: 1:0 საბანაძე (13), ტატანაშვილი (34).
გაფრთხილება: კაკაშვილი (13).
არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (59), 0:2 ჯაბა უგულავა (77), 1:2 ზაზა ჭელიძე (82)
დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჩისკო (36), 2:0 ოთარ მარცვალაძე (49), 3:0 დარკო გლიშიჩი (83)
1 | დინამო (თბ) | 23 | 16 | 3 | 4 | 54:17 | 51 |
2 | ზესტაფონი | 23 | 13 | 4 | 6 | 32:15 | 43 |
3 | ჩიხურა | 23 | 11 | 5 | 7 | 41:35 | 38 |
4 | სიონი | 23 | 10 | 6 | 7 | 29:24 | 36 |
5 | მეტალურგი | 23 | 9 | 6 | 8 | 26:27 | 33 |
6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |