საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი ”ბოტოშანი” გახლდათ.
გასული სპარინგ-მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს ზესტაფონელები იყვნენ – გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ რუმინელები ბეწვზე გადარჩნენ. 27-ე წუთზე ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა – იმერელთა გუნდის დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა რუმინელთა შემტევმა პაულ ბატინმა და ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.
შემდეგი 7 წუთი "ზესტაფონისთვის" კოშმარულად წარიმართა – 30-ე წუთზე სებასტიან იანკმა და 34-ეზე არმან სვიჩიმ კიდევ ორჯერ აიღეს ბოიან პავლოვიჩის კარი. ტაიმის ბოლომდე ანგარიშში სამბურთიანი სხვაობით ჩამორჩენილმა იმერლებმა გაიბრძოლეს და 40-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა ეფექტური გოლის გატანა და ანგარიშის შემცირება შეძლო.
შეხვედრის მეორე ტაიმი ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს ოპონენტთა კართან (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვახტანგ ჭანტურიშვილისა და მიხეილ სარდალიშვილის სახიფათო დარტყმები), თუმცა, საბოლოოდ, მატჩის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა – რუმინელთა გამარჯვება ანგარიშით 3:1.
“ზესტაფონი” “ბოტოშანთან”: პავლოვიჩი, ღონღაძე, დოს სანტოსი, ჭელიძე, გურული, გვალია, კუხიანიძე, დოლიძე, გეწაძე, გელაშვილი, დვალი. შეცვლაზე შევიდნენ: თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ფანცულაია, საბანაძე, ტატანაშვილი, სარდალიშვილი, კაპანაძე, ხიზანეიშვილი, ჭანტურიშვილი, ტუღუში.
მიმდინარე შეკრების დასკვნით საკონტროლო შეხვედრას ”ზესტაფონი” 9 ივლისს გამართავს – მეტოქე საბერძნეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი "ასტერასი" იქნება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
http://www.youtube.com/watch?v=0gFVYWkfL6g