საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მეორე გუნდმა კლუბის ბაზაზე უმასპინძლა ნოდარ აკობიას დამოძღვრილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც უეფას ევროპის ჩემპიონატის კარსმომდგარი პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.
საინტერესოა, რომ გუშინდელ შეხვედრაში (მატჩი ორი 40-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა) 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, იცავდნენ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ორი წარმომადგენელიც. როგორც მოგეხსნებათ, ბექა მიქელთაძე და ნიკა ლაშხია ნაკრებში არიან გამოძახებულნი და, გუნდის მწვრთნელის ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ორივემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ. გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა 25-ე წუთზე გიორგი მაკარიძეს მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ნაკრების მეკარე ოთარ გოშაძემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 46-ე წუთზე ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების სწრაფი იერიში, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დააგვირგვინა.
76-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს - მარგველთა მრავალსვლიანი შეტევა საბა იონანიძის აუღებელი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ 1:1 დაფიქსირდა.
"ზესტაფონი-2": გიორგაძე (მახათაძე, 57), კუპრაშვილი (ასათიანი, 73), გიორგაძე (მოსიძე, 53), ნაცვლიშვილი (იონანიძე, 71), ახალაძე (ჩიტორელიძე, 60), გოგია (კვანტალიანი, 48), შალამბერიძე (ბეროშვილი, 53), მაკარიძე (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 50), რეკრუკი (ჭეიშვილი, 57), ეგუტიძე (ვაჭარაძე, 60).
17-წლამდელთა ნაკრები: გოშაძე (ბენდიანაშვილი, 41), ართმელაძე, კაციტაძე, ჩომახიძე, გაფრინდაშვილი (გოგიაშვილი, 41), მამუჩიშვილი (კიკნაძე, 41), კომახიძე (ქობულაძე, 41), ჯობავა (კამლაძე, 41), ლაშხია (წივილაშვილი, 41), ცინცქილაძე (ბიძინაშვილი, 41), მიქელთაძე (ნემსაძე, 41).