"ზესტაფონმა" კიდევ ორ ფეხბურთელს გაუფორმა კონტრაქტი: 21 წლის ნახევარმცველ გიორგი კუხიანიძეს და 19 წლის ფორვარდ გიორგი ფანცულაიას. კუხიანიძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ფანცულაიამ – 3-წლიანი. როგორც იცით, ორივე მათგანი ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა, როცა გუნდს "ზესტაფონის" ახლანდელი თავკაცი გია გეგუჩაძე წვრთნიდა. კუხიანიძეც და ფანცულაიაც პერსპექტიული ახალგაზრდები არიან.
ამასობაში, "ზესტაფონიდან" წასულ კიდევ ერთ ფეხბურთელზე გახდა ცნობილი: სანდრო გურულთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 28 წლის ნახევარმცველი სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას.
"ზესტაფონი" ოფიციალურად 4 ფეხბურთელის წასვლას ადასტურებს: სანდრო გურულს, გიორგი ადამიასა და ილია კანდელაკს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეუწყდათ კონტრაქტი, ლევან კუტალიას კი ხელშეკრულება დამთავრებული ჰქონდა.