ფეხბურთი

18:11 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი”: სკანდალური ამბები სერბეთიდან

ნებოისა ტოპალოვი კლუბს ფიფაში ჩივილით ემუქრება


 

გასულ ზაფხულს "ზესტაფონის" მწვრთნელი სერბი რატკო დოსტანიჩი გახდა, რომელსაც თანამემამულე ნებოისა ტოპალოვი ეხმარებოდა. ისინი 1 ნოემბერს გაათავისუფლეს – გუნდს შედეგი არ ჰქონდა, ექვსეულს მიღმა იყო. დოსტანიჩმა მალევე ბერძნულ "ვერიას" მიაშურა, ტოპალოვი კი უმუშევარია, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ეს არაა. ნებოისა ტოპალოვმა "მსოფლიო სპორტს" სკანდალური ამბები უთხრა.  ტოპალოვის გაბრაზების მიზეზი გასაგებია: გათავისუფლების შემდეგ, თანხა არ მიუღია.

"1 ნოემბერს გაგვიშვეს. კონტრაქტი გვქონდა 2014 წლის 1 ივნისამდე და ადამიანურად მოვილაპარაკეთ, რომ ერთი თვის, მხოლოდ ნოემბრის ხელფასი მოეცათ. დანარჩენ საკონტრაქტო თანხაზე თვალს ვხუჭავდით. ეს ერთი თვის ხელფასი 15 ნოემბრამდე უნდა გადაეხადათ". 

აქვე, ვრცლად:   

- ტოპალოვი: მე და დოსტანიჩი თავიდან გერმანიაში წავედით, რათა კოკაიასთან გვესაუბრა. მოვილაპარაკეთ, რომ დეკემბრამდე გუნდს ავაწყობდით და სასწრაფოდ პირველ ადგილზე გასვლა არ იქნებოდა მიზანი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მზადება 15 ივლისს დავიწყეთ, ჩემპიონატის პირველი ტური კი 10 აგვისტოს იყო. თურქეთში შეკრებაზე 20 ფეხბურთელით წავედით, მათ შორის ბევრი ისეთით, რომლებიც უთამაშებლები იყვნენ. მაგალითად, ადამია, რომელიც დადებითი პიროვნება და პროფესიონალია, მაგრამ უთამაშებლობის პრობლემა ჰქონდა. თუმცა, როცა კოკაია თურქეთში ჩამოვიდა, მიზანი შეცვალა. "ადანასფორთან" პირველი მატჩის შემდეგ, რომელსაც მან უყურა, გვეუბნება: როგორ ფიქრობთ, ამ გუნდით შეიძლება ჩემპიონობა? მე და დოსტანიჩმა ვერაფერი გავიგეთ. 10 დღის წინ თავად გვეუბნებოდა, რომ გუნდი უნდა აგვეწყო, ფეხბურთელებისთვის შეგვეხედა დეკემბრამდე და შემდეგ ახალი მოთამაშეები მოგვეყვანა. ახლა კი მას საქართველოს ჩემპიონობა სურს.

- თქვენ რა უთხარით ამის შესახებ?

- ვუთხარით, რომ საამისოდ კარგი ფეხბურთელები უნდა გვყავდეს. კოკაია გვეუბნება, ვინც არ მოგწონთ, გაუშვითო. "თუ გინდათ, 10 ფეხბურთელი გაუშვით და 10 ახალი მოიყვანეთ" – ასე თქვა. ვკითხეთ, რა ხელფასს გადაუხდიდა კარგ ფეხბურთელებს. კოკაიამ, ამაზე ხვალ გეტყვითო. მეორე დღეს კოკაია გვეუბნება, აღარაა საჭირო ახლები, დეკემბრამდე ამ ფეხბურთელებთან იმუშავეთო.

- მიზნად რა დაგისახეს?

- საქართველოს ჩემპიონობა ან მინიმუმ სამეული.

- თქვენი რეაქცია?

- ვუთხარით, რომ ეს რთული იქნებოდა. სულ ვამბობდით, რომ ფეხბურთელების რესურსი საკმარისი არ იყო. აი, მიშა ხუციშვილი კი (იმ პერიოდში "ზესტაფონის" სპორტული დირექტორი, ამჟამად გენერალური დირექტორი) არაფერს არ აკეთებდა. ჩვენ მას ვეუბნებოდით ახალი ფეხბურთელების მოყვანის აუცილებლობაზე, დავუსახელეთ კიდეც ისინი. ესენი იყვნენ უკლუბოდ მყოფი, თავისუფალი აგენტები. გვსურდა კარგი საყრდენი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის მოყვანა. ვიცნობდით ამ ფეხბურთელების აგენტებს და მათი ტელეფონის ნომრები ხუციშვილს მივეცით. 

- შემდეგ? რა თქვა ხუციშვილმა?

- თქვა, რომ ეს ფეხბურთელები ძვირად ფასობენ. მას მხოლოდ თავისი კავშირით მოჰყავს ფეხბურთელები... აი, მითხარით, სად შეუძლიათ ნორმალურად თამაში ისეთებს, როგორებიც მაგალითად, ბოტი დემელი და მოჰამედ რეკრუკი არიან?

- თქვენ ხომ ხუციშვილის კავშირებით მოხვდით "ზესტაფონში"?

- დიახ. ჩვენ მას არ ვიცნობდით. აგენტმა დაგვირეკა და დაგვაკავშირა. ის ხუციშვილს "ვოივოდინადან" იცნობდა.

- ახლა უმუშევარი ხართ?

- დიახ. მაქვს უცხოური ვარიანტი და ვნახოთ. დოსტანიჩი კი საბერძნეთის "ვერიას" წვრთნის. მან მიმიწვია იქ, მაგრამ არ წავედი, რადგან ცუდი პირობებია.

- რა პირობებში მოხდა თქვენთან და დოსტანიჩთან კონტრაქტის შეწყვეტა?

- 1 ნოემბერს გაგვიშვეს. კონტრაქტი გვქონდა 2014 წლის 1 ივნისამდე და ადამიანურად მოვილაპარაკეთ, რომ ერთი თვის, მხოლოდ ნოემბრის ხელფასი მოეცათ. დანარჩენ საკონტრაქტო თანხაზე თვალს ვხუჭავდით. ეს ერთი თვის ხელფასი 15 ნოემბრამდე უნდა გადაეხადათ. 

- და არ მოუციათ?

- საქმეც ესაა, რომ არა. წარმოიდგინეთ, ჩვენ კონტრაქტით გათვალისწინებულ 6 თვის ხელფასზე უარი ვთქვით, ვაპატიეთ და ასე მოგვექცნენ.

- არ უკავშირდებით "ზესტაფონს"?

- ხუციშვილს დავურეკე და მითხრა, რომ ახალ პრეზიდენტს ელოდებიან კლუბში და როცა ის მოვა, ფულიც მაშინ იქნება. არ ვიცოდი, კოკაია თუ გუნდიდან წასული იყო. იცით, ეს ხელფასი სულაც არ მჭირდება და შემიძლია, მათ ვაჩუქო. იმდენი ფული მაქვს, რომ ვიცხოვრო, თუმცა როცა ასე მომექცნენ, თვალს არ დავხუჭავ. ერთი კვირის ვადას ვაძლევ "ზესტაფონს", რათა გადაიხადოს.

- და თუ არ გადაიხადეს?

- ვიჩივლებ და კონტრაქტით გათვალისწინებულ 100-პროცენტიან თანხას მივიღებ. უბრალოდ, მათ გამოაჩინეს, რამდენად ცუდი ადამიანები არიან.

-  დოსტანიჩიც აპირებს ჩივილს?

- დიახ, ერთად ვაპირებთ, თუ არ გადაიხდიან. და ბოლოს, გთხოვთ, ყველაფერი, რაც მოგიყევით, თავისუფლად დაწეროთ, რათა ყველამ სიმართლე იცოდეს.

 

ამ თემასთან დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” რატკო დოსტანიჩსაც დაუკავშირდა საბერძნეთში. დოსტანიჩმა პრობლემა უარყო და განაცხადა, რომ ფიფაში ჩივილს არ აპირებს:

-       “ზესტაფონის” ხელმძღვანელობასთან, კონკრეტულად კოკაიასთან და ხუციშვილთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს. დიახ, დავალიანება არსებობს, თუმცა მითხრეს, რომ გაგვისტუმრებენ.

-       როდისთვის გავისტუმრებთო?

-       შესაძლოა, ზეგ, შესაძლოა, ერთი კვირის შემდეგ, ან ერთ თვეში, ან ორ თვეში.

-       ანუ, ფიფაში ჩივილს არ აპირებთ?

-       არა. ფიფაში ჩივილს ნამდვილად არ ვაპირებ. ტოპალოვს თავისი აზრი აქვს და მისი პრობლემაა.

-       ფეხბურთელების მოყვანასთან დაკავშირებით რას იტყვით? ითხოვდით ფეხბურთელებს და არ მოჰყავდა კლუბს?

-       მაგალითად, აჯურუ, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, მსურდა და ჩემი გადაწყვეტილებით ავიყვანეთ.

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები


0.136243