საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "ზესტაფონი" შვებულებაშია, 5 ივნისს შეკრიბება და 22 ივნისამდე საქართველოში ივარჯიშებს. 24 ივნისს გუნდი გაემგზავრება უცხოურ შეკრებაზე, სადაც 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს – ჯერჯერობით, უცნობია სპარინგ-მეტოქეები. შეკრება ალპების ზონაში, ავსტრიაში, ან სლოვენიაში იქნება.
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ გია გეგუჩაძის გუნდში? გუნდიდან ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, საყრდენი ნაემეკა აჯურუს წასვლაა გადაწყვეტილი. აჯურუსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყდა.
დიდი ალბათობით, "ზესტაფონს" დატოვებს სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩიც. ამ ფეხბურთელს ტრავმა ხშირად აწუხებდა და ფაქტობრივად, ძალიან იშვიათად უწევდა თამაში.
როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, "ზესტაფონი" დაინტერესებულია ჯაბა დვალით, ნიკა გელაშვილით და ელგუჯა გრიგალაშვილით. დვალი-გელაშვილი, გეცოდინებათ, "ზესტაფონში" მშვენიერ ტანდემს ქმნიდნენ და საქართველოს ჩემპიონატში დიდი ძალას წარმოადგენდნენ. თუმცა, ამ ფეხბურთელების გადაყვანა გაჭირდება: მათ საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ თავიანთ კლუბებთან – დვალს და გრიგალაშვილს თბილისის "დინამოსთან", გელაშვილს კი "ყარაბახთან".
"ზესტაფონს" გიორგი ილურიძის გადაყვანაც სურს. ეს ნიჭიერი შემტევი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ისე, გეგუჩაძემ ისიც თქვა, რომ თუ შესაბამისი დონისანი იქნებიან, არც უცხოელი ფეხბურთელების დამატება იქნება გამორიცხული.
გეგუჩაძის გუნდი ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და უეფას კოეფიციენტების მიხედვით, განთესილი იქნება. ეს კი ზრდის III ეტაპზე გასვლის შანსს. პოტენციურ მეტოქეთა სია ჯერ ბოლომდე არაა ცნობილი, რადგან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატები არ დასრულებულა.
რამდენიმე დღეში ყველგან დასრულდება და "მსოფლიო სპორტი" მოგაწვდით როგორც "ზესტაფონის", ასევე "ჩიხურასა" და "სიონის" პოტენციურ მეტოქეთა ვინაობას.