ფეხბურთი

16:30 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

”ზესტაფონი” ავსტრიაში 27 ფეხბურთელით გაემგზავრა

დღეს დილით ”ზესტაფონმა” გეზი ავსტრიისკენ აიღო, სადაც 9 ივლისამდე პერიოდში უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებისთვის მზადების დასკვნით მეორე ეტაპს გაივლის.

გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მარგველთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, გუნდის ავსტრიაში 27 ფეხბურთელით გაემგზავრა.

მეკარეები: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე.

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე, ოთარ ხიზანეიშვილი.

ნახევარმცველები: გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ავთო ენდელაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ლაშა გვალია.

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი, ბექა ტუღუში, ჯონ ჯერემია.

ცნობილია, რომ ზესტაფონელები ტიროლის მხარის ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო "Das Seiwald"-ში დაბინავდებიან. ამ სასტუმროს განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებისას, იმერლები სწორედ აღნიშნულ სასტუმროში ცხოვრობდნენ.

”ზესტაფონი” ალპურ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონ, სსრკ-ს თასის 9-გზის და უკრაინის თასის 10-გზის მფლობელ, უეფას თასების მფლობელთა თასის 2-გზის და უეფას სუპერთასის მფლობელ კიეველებთან იმერელთა დაპირისპირება 26 ივნისს ჩატარდება.

მარგველებს მეორე სპარინგი 30 ივნისს ელით, მეტოქე კი ამჯერადაც უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენელი – ქვეყნის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, უეფას თასის 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის “შახტარი” იქნება.

ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება. ამ მატჩში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მომდევნო თამაში რუმინეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსან ”ბოტოშანის” წინააღმდეგ 6 ივლისს გახლავთ დანიშნული, ალპური “ვოიაჟის” დასკვნითი, რიგით მეხუთე სპარინგი კი 9 ივლისს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ “ასტერას ტრიპოლისს” გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონი” წლეულს ევროპის ლიგაში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, რომელიც 17-24 ივლისს შედგება. ქართული კლუბის მეტოქე მალტის “ჰიბერნიანსსა” და სლოვაკური ტრნავას “სპარტაკს” შორის გასული იქნება. “ზესტაფონი” მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს, საპასუხოს – შინ.

0.105331