ფეხბურთი

21:40 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი”: 8:0 - 8 დღის განმავლობაში

“ზესტაფონმა” ბოლო 8 დღეში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, გოლი არ გაუშვია და საერთო ანგარიშია 8:0. გია გეგუჩაძის გუნდმა ამჯერად “ვიტ ჯორჯიას” 2:0 სძლია “მცხეთა პარკზე” და ორივე გოლი ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. ისიც ვთქვათ, რომ კუხიანიძის პირველი გოლი საიუბილეო გამოდგა ზესტაფონელთათვის – მათთვის მე-500 აღმოჩნდა უმაღლეს ლიგაში.

საწყის წუთებში გეგუჩაძის გუნდი ფლობდა უპირატესობას და ორი საგოლე მომენტიც ჰქონდა. ჯერ გრიგოლ დოლიძე შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, წინ გამოსულ მეკარე ჯონი შეროზიას ბურთი თავზე გადაუგდო და ნელა გამოუვიდა – შოთა დავლაშელიძემ მიუსწრო და ცარიელი კარიდან გამოიტანა. შემდეგ ისევ დოლიძე აქტიურობდა, ჩააწოდა და დიმიტრი ტატანაშვილმა თავით ააცილა. ისიც ვთქვათ, რომ “ტატანა” უხეხრული სიტუაციიდან ურტყამდა, რადგან მაღალი ბურთი იყო და კარგად ვერ შესწვდა.

“ვიტ ჯორჯიამ” ნელ-ნელა გაათანაბრა თამაში. მართალია, ბურთს უფრო ხშირად სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები შედარებით სწრაფად მოქმედებდნენ. 25-ე წუთზე საჯარიმო დაინიშნა ვიტელთა სასარგებლოდ და ირაკლი ღიბრაძის ჩაწოდებულს კინაღამ გოლი მოჰყვა – არეულობაში გიორგი გეთიაშვილს წამით დაასწრეს.

ანგარიში კი 27-ე წუთზე გაიხსნა. დოლიძის რბილი პასი, ნიკა საბანაძე დასარტყმელ პოზიციაშია და მცველი გიორგი კალანდია მის წინააღმდეგ წესს არღვევს. პენალტი გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა – 0:1.

ვიტელებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება, როცა ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე საჯარიმოში მეკარეს გასცდა, მაგრამ უხერხულ პოზიციაში იდგა, ვერ დაარტყა და მასპინძელთა კაპიტანმა თემურ ღონღაძემ ბრძოლაში წაართვა ბურთი. ლობჯანიძე ტაიმის ბოლო წუთზეც მოხვდა ყურადღების ცენტრში. მოედნის ცენტრიდან ბრწინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა მათე კვირკვია. ასეთ ლამაზ პასს დაფასებაც სჭირდებოდა, თუმცა კვირკვიამ მეკარე პავლოვიჩს გაარტყა ბურთი.

მეორე ნახევარში ამდენი საგოლე მომენტი არ შექმნილა, თუმცა ცუდი თამაში იყოო, ვერ ვიტყვით. პავლოვიჩს ერთხელაც მოუწია თავის გამოჩენა, როცა გეთიაშვილის შორიდან დარტყმული მოიგერია. მეორე გოლი კი 56-ე წუთზე გავიდა – “ზესტაფონის” ხანგრძლივი შეტევა და ბურთის გათამაშება საჯარიმოს მისადგომებიდან კუხიანიძის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

0:2 და “ვიტ ჯორჯიას” მწვრთნელიც შეტევის გაძლიერებას ეცადა. მან მეორე ფორვარდი ლევან კუხალეიშვილი ჩართო თამაშში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულ 4 წუთით... კუხალეიშვილმა ტრავმა მიიღო, საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან და მატჩის გაგრძელება ვერ შესძლო. იმ დროს ვიტელებს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდათ და ბოლო 20 წუთი 10 კაცით ითამაშეს. ამან უარესად დაამძიმა მასპინძლების სიტუაცია და გამოსარჩევი აღარაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით კორიფაძისა და ფანცულაიას ოდნავ უზუსტო დარტყმებს.

“ზესტაფონი” თითქმის მუდმივად აკონტროლებდა ბურთს და იოლად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე. გეგუჩაძის გუნდი მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო “ვიტ ჯორჯია” მეცხრე ადგილზეა. 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 0:2 (0:1)

2.03. 15:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 400 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, ნიკა მაისურაძე, წყაროზია (გახარია 60), ღიბრაძე (კუხალეიშვილი 66), დავლაშელიძე, კორიფაძე, კვირკვია (სიჭინავა 68), ლობჯანიძე.

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, ზაზა ჭელიძე, რენე ფერეირა (თედორე გრიგალაშვილი 74), გიორგი გურული, შარიქაძე, კუხიანიძე, დოლიძე (ჭანტურიშვილი 60), გეწაძე, საბანაძე, ტატანაშვილი (ფანცულაია 60).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. 

გოლები: 0:1, 0:2 კუხიანიძე (27 პენ, 56).

გაფრთხილება: ღიბრაძე (16).

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

 

http://fczestafoni.ge- ფოტო 

0.132514