ფეხბურთი

0:52 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონელთა გამანადგურებელი გამარჯვება

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი გამართა.

”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის ცნობით, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი პირველი ლიგის წარმომადგენელს, წყალტუბის ”სამგურალს” დაუპირისპირდა.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას "ზესტაფონის" რიგებში ერთბაშად 10 ცვლილება განხორციელდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მატჩს გარკვეული დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია – მცირე ტრავმების გამო, გუნდს გიორგი ფანცულაია და კახა მეშველიანი ვერ ეხმარებოდნენ.

თამაშს 150-მდე ადგილობრივი ქომაგი და ფეხბურთის სპეციალისტი დაესწრო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

”ზესტაფონი”: კუპატაძე (პავლოვიჩი, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), რობაქიძე (ფერეირა, 46), გაგოშიძე (თედორე გრიგალაშვილი, 46), კაკულია (ენდელაძე , 46), ვაჭარაძე (ჭანტურიშვილი, 46), ჭანკოტაძე, სამუშია (შარიქაძე, 46), სარდალიშვილი (გვალია, 46), კანდელაკი (კაპანაძე, 46), მიქელთაძე (დვალი, 46).

შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით – 7:1 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გოლებით თავი დემურ კანდელაკმა, ბექა მიქელთაძემ, გურამ სამუშიამ, გიორგი ჭანკოტაძემ, ლევან შარიქაძემ, რენე ფერეირამ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს, წყალტუბოელთაგან კი მატჩის ბოლო წუთებზე ბექა ბიბილაშვილმა იხეირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას ზესტაფონელები 16 აგვისტოს გამართავენ. გეგუჩაძის შეგირდები სოფელ ივანწმინდას სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" ესტუმრებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მატჩის მიმოხილვა

https://www.youtube.com/watch?v=ROzqWSwP8PQ

0.152419