“ლივერპულმა” ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” ამხანაგურ-საქველმოქმედო მატში 2:0 მოუგო. მთელი შემოსავალი სტივენ ჯერარდის ფონდში ჩაირიცხა, რომელიც უნარშეზღუდულ ბავშვებს ეხმარება.
გადაჭედილი “ენფილდი” ფეხზე წამოდგა და კაპიტან ჯერარდის საპატივცემულო სიმღერას მღეროდა. ეს იყო სამადლობელი სიმღერა 15 წლიანი ერთგულებისთვის. გოლები ჯო ალენმა (23-ე წთ) და ჯორდან ჰენდერსონმა (62) გაიტანეს. მინდორზე იყვნენ რამდენიმე თაობის ლივერპულელები, მაგალითად, 18 წლის რაჰიმ სტერლინგი და 38 წლის ლეგენდარული რობი ფაულერი. გასახდელიდან მინდორზე ჯერარდი თავისმა გოგონებმა გამოაცილეს. შემდეგ კი მხურვალედ ქომაგობდნენ მას.
ჯერარდის გარდა 44 362 გულშემატკივარი ლუის სუარესსაც ძალიან თბილად შეხვდა და მიანიშნა, რომ შეწყვიტოს “ფლირტი” ლონდონის “არსენალთან” თუ მადრიდის “რეალთან” და ისევ ლივერპულელთა რიგებში დარჩეს. ჯერარდმა კი გულითადი მადლობა გადაუხადა ქომაგებს. მოკლედ, “ენფილდზე” ძალიან ამაღელვებელი საღამო იყო.
”ლივერპულმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მინოლე (ჯონსი 85), ჯონსონი, ტურე (კარაგერი 62), აგერი, ენრიკე, ალენი (ჰენდერსონი 62), ჯერარდი (სპირინგი 85), ლუკასი, კოუტინიო (ფაულერი 72), სტერლინგი (ალბერტო 72), ასპასი (სუარესი 62)