მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერი, 31 წლის დავიდ ფერერი ზედიზედ მესამედ გახდა ბუენოს აირესის Copa Claro-ს ჩემპიონი. ამ მოგებით დავიდმა მიჯრით 7 ფინალის წაგებებისგან შემდგარი მწკრივი შეწყვიტა. ფერერი არგენტინის დედაქალაქში წლეულს თამაშს არ აპირებდა და შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ასპარეზობის ორგანიზატორებისგან wild card მიიღო.
ბუენოს აირესის ტურნირის ფინალს რაც შეეხება, ფერერმა 2 სეტით (6:4, 6:3) მოუგო კლასიფიკაციაში 14-ე პოზიციაზე მყოფ 26 წლის იტალიელ ფაბიო ფონინის. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, დავიდმა 3 ბრეიკი შეასრულა და აპენინელთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 7:0 გახადა.
არგენტინის დედაქალაქში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ფერერმა 84060 დოლარი საპრიზო თანხა და 250 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. დავიდმა კარიერის განმავლობაში 21-ე ტურნირი მოიგო, წლეულს კი პირველ შეჯიბრებაზე იმარჯვა.