საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევში გაემგზავრა, სადაც 20-21 თებერვალს, უკრაინული ჭიდაობის ვარსკვლავების სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატისთვის (ბაქო, 13-18 აპრილი) მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე, ზაზა თურმანიძემ არასრული შემადგენლობა იახლა. სავარაუდოდ, სწორედ ეს მოჭიდავეები მიიჩნევიან ქართული ევროშემადგენლობის კანდიდატებად. თუმცა, რამდენიმე სიახლესაც უნდა ველოდოთ. ევროსამზადისის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიევში გამგზავრების წინ ესაუბრა.
ზაზა თურმანიძე: “ახლახან დავასრულეთ ბაკურიანული შეკრება და მასზე, როგორც წესი, ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე გავამახვილეთ. წვრთნაში მონაწილეობა გაფართოვებულმა შემადგენლობამ მიიღო. წინ კიდევ ორი შეკრება გვაქვს, რომლებშიც ტაქტიკა-ტექნიკას დავხვეწთ”.
- ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობა გამოიკვეთა?
- ამ საკითხზე, ჯერ კონკრეტულად საუბარი ადრეა - ევროპის ჩემპიონატამდე საკმაო დროა.
- კიევში რამდენი მოჭიდავით მიემგზავრებით?
- ხალიჩაზე შვიდი სპორტსმენი გავა. 55 კილოგრამში ბესიკ გუჩაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებენ, 60-ში – მალხაზ ზარქუა, 66-ში ოთარ თუშიშვილი, მაგრამ შესაძლოა, მას ამჯერად წონა არ დავაკლებინოთ და 74-ში დავაყენოთ, ამავე წონაში გამოვა გელა საღირაშვილიც, 84 კილოგრამში – არჩილ ქიტიაშვილი, +120-ში კი – გიორგი საკანდელიძე.
- 96 კილოგრამში რატომ არ შეიყვანეთ განაცხადში არავინ?
- ამ წონაში კიევში გიორგი გოგშელიძეს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმამ შეუშალა ხელი.
- მძიმე ტრავმაა?
- საგანგაშო არაფერია. სავარაუდოდ, ნაკრებს უკრაინული ტურნირის დასრულებისთანავე შეუერთდება და მოსამზადებელ პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას.
- უკრაინული ტურნირის სანაცვლოდ, სხვა ტურნირზე ხომ არ იჭიდავებს?
- არა, კიევის ტურნირი ნაკრების ყველა კანდიდატისთვის ბოლო იქნება ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პროცესში. გეგმაში მხოლოდ შეკრებებიღა დაგვრჩება.
- რევაზ მინდორაშვილი უკვე დიდი ხანია ხალიჩაზე არ გასულა. ევროპის ჩემპიონატზე მისი ჭიდაობა, საბოლოოდ გამოირიცხა?
- სამწუხაროდ, ასეა. მინდორაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ჯერ მკურნალობს.
- დავით მოძმანაშვილი თუ მიიჩნევა საევროპო გუნდის კანდიდატად?
- დათოს დისკვალიფიკაციის ვადა უკვე სრულდება და ევროპირველობისთვის ბრძოლაშიც აუცილებლად ჩაერთვება. აპრილის დასაწყისში, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატის ჩატარებას ვაპირებთ და შიდა კონკურენციაში მოძმანაშვილიც აუცილებლად ჩაერთვება. რაც მთავარია, მონდომებულად ვარჯიშობს.
ოთარ მაღლაკელიძე