ჭიდაობა

20:21 | 6.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა თურმანიძე: “დავრწმუნდი, რომ შეუძლიათ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, 29-30 მარტს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი უჩემპიონოდ, მაგრამ მაინც წარმატებულად მოიარა. ზაზა თურმანიძის გუნდმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავი ახალგაზრდა მოჭიდავეებმა გამოიჩინეს და ბოლო წლების წარუმატებლობებისგან უიმედობაშეყრილ გულშემატკივრებს ხასიათი გამოუკეთეს. ევროპირველობაზე ქართული შვიდეულის გამოსვლისა და ნაკრების სამომავლო გეგმების შესახებ, თურმანიძე “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა
- როგორ შეაფასებთ დორტმუნდში ნაკრების გამოსვლას?
- კარგად იჭიდავეს და მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. მინდოდა, ამ ჩემპიონატზე დამენახა, რომ ბიჭებს უმაღლესი შედეგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ და ერთხელაც დავრწმუნდი, ხელჩასაჭიდი ნამდვილად არსებობს. კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და უკეთეს შედეგებამდე ერთობლივი, მუხლჩაუხრელი შრომით უნდა მივიდეთ.
- თუ საიდუმლო არაა, წინასწარ რა შედეგს გეგმავდით?
- ძალიან კარგი თაობა მოდის და უკვე მჯეროდა, რომ უფროსებშიც შეძლებდნენ მედლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ასეთ კარგ გამოსვლას მაინც ვერ ვგეგმავდი. მაგალითად, არ მეგონა, თუ დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ფინალში გავიდოდა, მაგრამ ევროპირველობის პირველსავე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იყო.
- ცალ-ცალკე შეაჯამეთ ნაკრების შვიდივე წევრის ჭიდაობა...
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ოქროს მედალი ცხვირწინ აგვაცალეს. ფინალში, პირველი პერიოდის ბოლო წამებამდე ორქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეორეში მსაჯები ჩაერივნენ უსამართლოდ და ლადოს ფანდი მოწინააღმდეგეს შეუფასეს. მალხაზ ზარქუა (60 კგ) ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი იყო, მაგრამ ამჯერად ჩვეულად ჭიდაობა ვერ შეძლო. ბოლოსწინა მოსამზადებელი შეკრება ავადმყოფობის გამო გაუცდა და როგორც გამოჩნდა, ჩვეულ ფორმაში ვერ ჩადგა. კობა კაკალაძემ (66 კგ) მოწინააღმდეგე რეალურად ვერ შეაფასა და დაისაჯა. დავით ხუციშვილი (74 კგ) მებრძოლი და რაც მთავარია, პერსპექტიული ახალგაზრდაა. ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალი ცუდი დასაწყისი არ უნდა იყოს. ფინალში ჭიდაობის შანსი თავისზე ბევრად გამოცდილ მუსა მურთაზალიევთან დაკარგა. მოსაგები შეხვედრა იყო, მაგრამ... ისევ და ისევ გამოუცდელობას ვახსენებ. მარსაგიშვილმა ბრწყინვალედ იჭიდავა. ყველა მეტოქეს აჯობა, მაგრამ ჩემპიონობა ძალიან ცუდად წაართვეს. ფინალში, გადამწყვეტ მომენტში იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ ტაქტიკურად დათმო ქულა. გაიმარჯვა და ლეიბის მსაჯიც აპირებდა საბოლოო შედეგის გამოცხადებას, მაგრამ მსაჯთა მაგიდიდან მიიღო ბრძანება. შეხვედრის შემდეგ მოიმიზეზეს, მარსაგიშვილს შუა შეხვედრაში გაფრთხილება ჰქონდა მიღებულიო. ყველამ იცის, რომ ეს აბსურდული მიზეზი იყო. 96 კილოგრამში ბელდუხ გავაშელიშვილმა იჭიდავა. ევროპის ჩემპიონატისწინა დასკვნითი შეკრებისას მიღებული ტრავმის გამო, ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთება დასჭირდა და ორი წრეც გაიარა, მაგრამ მეოთხედფინალში ძალა აღარ ეყო. მძიმეწონოსანმა დავით მოძმანაშვილმა კარგად იჭიდავა. ერთ-ერთი ფავორიტი, პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, რუსი ბახტიარ ახმედოვი დაამარცხა, მაგრამ მერე სრულიად მოულოდნელად, აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვთან წააგო. როგორც ჩანს, ჩვეულ ფორმაში ჩასადგომად დრო ჯერ კიდევ სჭირდება.
- ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილს ახალგაზრდულ ტურნირებში ჭიდაობის უფლება წლეულსაც აქვთ. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებშიც რომ მიიღონ მონაწილეობა?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხზე, მწვრთნელები ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს როდიდან დაიწყებთ?
- ევროპის ჩემპიონატი უკვე დავიწყებულია და აქედანვე მსოფლიოზე ვფიქრობთ. ერთობლივ შეკრებებს და უშუალო სამზადისს კი ზაფხულში, ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირის დასრულების შემდეგ შევუდგებით.
- ოთარ თუშიშვილი და გიორგი გოგშელიძეც შემოგიერთდებიან?
- აუცილებლად. გოგშელიძემ ოპერაცია გაიკეთა და ნელ-ნელა შეუდგება ვარჯიშს.
- როგორც შევიტყვეთ, რევაზ მინდორაშვილიც სერიოზულად ფიქრობს ნაკრებში დაბრუნებას...
- რეზოსაც პრობლემები ჰქონდა. ამჟამად კი, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მისი შესაძლებლობები და საქმისადმი მიდგომა რომ ვიცით, სასურველ ფორმაში ჩადგომასაც აუცილებლად მოახერხებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.068472