ინტერვიუები

13:17 | 11.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ინიაშვილი: “ამ შემადგენლობით, ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ”

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების ათეულიდან, ყველაზე გაჭირვებულთა შორის, “სამტრედიასა” და ზუგდიდის “ბაიას” კამპანიაში, ფოთის “კოლხეთიც” სახელდება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზღვისპირელებს იმ შემადგენლობით მოუწევთ ჩემპიონატის მეორე ნახევრის ჩამთავრება, რომლითაც შარშან დეკემბრამდე მოაღწიეს. ცნობილია, რომ დაპირებული ფინანსური კეთილდღეობის უქონლობის გამო, “კოლხეთი” არაერთმა ისეთმა ფეხბურთელმა დატოვა, სეზონი რომ გუნდთან ერთად დაიწყო. ახლა კი, ფოთელი მწვრთნელების განკარგულებაში, დუბლიორთა ჩემპიონატში მოასპარეზე პერსპექტიული, მაგრამ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი მატჩებისთვის გამოუცდელი ახალგაზრდები არიან.
“მსოფლიო სპორტი” სწორედ “კოლხეთის” დუბლშემადგენლობის მწვრთნელს, ზაზა ინიაშვილს დაუკავშირდა. იგი ფაზისელთა მთავარი გუნდის თავკაც, ბესიკ შეროზიას მსგავსად, კლუბის პრეზიდენტის, თემურ ბარქაიას სატელეფონო ზარის მოლოდინშია. როგორც ირკვევა, ბარქაიაც “ზემოდან” უცდის საიმედო ცნობას.
მოკლედ, ვიდრე ფოთელთათვის რაიმე ოპტიმისტურს გავიგებთ, მანამდე, გუნდისთვის ტონუსის შემნარჩუნებელს მოვუსმინოთ.
- ბატონო ზაზა, რადგან გუნდი ვარჯიშობს, ე.ი. თანხა გამოჩნდა?
- გუნდს წვრთნა იმიტომ დავაწყებინეთ, თუ ფინანსები გამოჩნდა, მწვრთნელს ფეხბურთელების რაღაც ბაზა ხომ უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ჩემპიონატისთვის მზადება გააგრძელოს. თუ ამ კვირაში არ გადაწყდა ჩვენი დაფინანსების საკითხი, მერე ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილისთვის სრულფასოვანი მომზადების ორგანიზება, დაგვიანებული იქნება.
- საქმეს ისეთი პირი უჩანს, “კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი, ბესიკ შეროზია, გუნდის გაწვრთნაზე უარს იტყვის, თუ იგი არ გაძლიერდა. აქ, გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ გუნდში თქვენს მიერ, დუბლიორთა ჩემპიონატისთვის მომზადებული ფეხბურთელებიღა დარჩნენ.
- ბატონ ბესოსგან ასეთი ნათქვამი მეც მომისმენია, მაგრამ თუ მოსამზადებელი დრო არ გვექნა სეზონის განახლებამდე, ძალიან რთული იქნება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი.
- კლუბის პრეზიდენტს ჩვენ ვერ ვუკავშირდებით და იქნებ, თქვენ მაინც გქონდათ მასთან კავშირი.  
- ბარქაია ეს დღეები თბილისში იყო, ახლა ფოთშია ჩამოსული და ალბათ, შეხვდება ქალაქის ხელმძღვანელობას და გადაწყვეტენ ჩვენს მომავალს. კი იცით, 12 თებერვალს პირველი ოფიციალური თამაში გვაქვს და ყველაფერი გვიანდება. მერე ფულიც რომ გამოჩნდეს, ფეხბურთელსაც ვერ მოიწვევ - ყველა დასაქმებული იქნება.
- ფაქტია, რომ გუნდი ვარჯიშობს და ამასწინათ, “სამტრედიასთან” საკონტროლო მატჩიც გამართეთ (“კოლხეთმა” 3:1 მოიგო - ფ.კ.).
- კი, გუნდს ვავარჯიშებ, მაგრამ სწორად გამიგეთ რასაც ვიტყვი - როგორც ფოთელ კაცს, არავითარი სურვილი არ მაქვს გუნდი ჩემს ხელში გავარდეს უმაღლესი ლიგიდან. ახალგაზრდა კაცი ვარ და როგორია - სხვამ გადმოიყვანა “კოლხეთი” და მე გავაგდე.
- არ ყოფილა მაშინ საშველი.
- ვერ გეტყვით. ცოტა ძნელი გადასაწყვეტია, ვის ექნება წარუმატებლობისთვის განწირული გუნდის სათავეში ყოფნის სურვილი.
- აქედანვე თუ შეუშინდით სირთულეებს, მერე უფრო არ გაგიჭირდებათ?
- თუ გუნდს განვითარების არავითარი პირობა არ ექნა და იმ ბავშვების იმედზე დავრჩით, ვინც გვყავს, სერიოზული დაკომპლექტების მქონე გუნდებთან რა უნდა გავაწყოთ. კი, პერსპექტიული ბიჭები არიან და მათ კარგი მომავალი აქვთ, მაგრამ დღეს ისინი ვერაფრით ვერ გადაწყვეტენ დადებითად “კოლხეთის” უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხს.
- ე.ი. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსების დროულად გამოყოფაზე.
- დიახ. თემურ ბარქაიას რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა “კოლხეთის” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის. აქ გუნდის შესანახი ფინანსები მას არ აქვს და თუ ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაეხმარა და სპონსორი არ მოიძებნა, უეჭველად დავქვეითდებით.
თუ ფინანსები გამოჩნდა, მერე გადაწყვეტენ - შეროზია დარჩება, მის ნაცვლად A ლიცენზიის მქონე სხვა მწვრთნელს ჩამოიყვანენ, თუ ადგილობრივი იმუშავებს. მაგალითად, ჩემთან მომუშავე დათო მახარაძეს აქვს A კატეგორია.
სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე, სულაც არაა მწვრთნელის შეცვლაზე საუბარი. მთავარია, გუნდის ნორმალური მომზადებისთვის ფული გამოჩნდეს.
 

ფრიდონ კერვალიშვილი

 

0.120464