ერთი კვირაც და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული 26-ე ჩემპიონატი სტარტს აიღებს. უმაღლეს ლიგაში აღზევებული ფოთის “კოლხეთი” პირველ ტურში ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. თუ რომელ სტადიონზე უმასპინძლებენ ფოთელები ქუთათურებს, როგორ გაიარეს თურქული შეკრება და რა მიზნები აქვთ, ამ საკითხებზე “მსოფლიო სპორტი” “კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს, ზაზა ინაშვილს ესაუბრა.
-თურქული შეკრებით დავიწყოთ, როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ ეტაპს?
-როგორც მოგეხსენებათ, გუნდმა თურქეთში გაიარა შეკრება 19 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით. ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა, თურქეთის სამ გუნდთან, აქიდან ერთ-ერთი იყო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “გენჩლერი” და ერთი აზერბაიჯანული გუნდი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო “გენჩლერთან” შეხვედრა, სადაც 68-ე წუთამდე ვიგებდით, თუმცა მსაჯის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო საბოლოო ჯამში დავთმეთ ეს შეხვედრა.
-საინტერესოა ფიზიკურად როგორი მომზადებულია გუნდი, რადგან ფიზიკური მომზადება ზოგადად ქართულ ფეხბურთში პრობლემატური საკითხია.
- “გენჩლერთთან” მატჩში და სხვა შეხვედრებშიც კარგად გამოჩნდა, რომ ამ მხრივ პრობლემები არა გვაქვს, თურქები უხეშობით და ძალისმიერი თამაშით გამოირჩევიან, თუმცა ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი ამ წინააღმდეგობებს. მაგრამ, ყველაფერი გამოჩნდება ეროვნულ ჩემპიონატზე, თუ რა შესაძლებლობები აქვს ფოთის “კოლხეთს”.
- კოლხეთში გამოჩნდნენ ლეგიონერები, რას იტყვით მათზე, ამართლებენ გაცემულ ავანსებს?
- გვყავს უკვე სამი ლეგიონერი. ნიგერიელი ნევუჩე, რომელმაც უკვე მოასწრო ამხანაგურ შეხვედრებში თავის გამოჩენა და ვფიქრობ ეროვნულ ჩემპიონატში თავდასხმის ხაზს სერიოზულად გააძლიერებს, სამწუხაროდ, ნევუჩე უცხურ შეკრებაზე ვერ წავიყვანეთ, რადგან ვიზის საკითხის მოგვარება ვერ მოესწრო. რაც შეეხება განელ ლეგიონერ იბრაჰიმს, სწრაფად შესძლო ადაპტირება და შეკრებაზე გოლით გამოიჩინა თავი. დღეს ველოდებით ასევე უკრაინელ ლეგიონერს, რომელიც მცველია და სევასტოპოლში თამაშობდა, თუმცა უკრაინაში არსებული მძიმე პირობების გამო გუნდიდან წამოსვლა მოუწია და დღეს შეურთდება “კოლხეთს.” საერთო ჯამში მინდა ვთქვა, რომ მთლიანად გუნდით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ კარგ ფორმაში არიან იგივე გუგუჩია, სეფიაშვილი და სხვა ფეხბურთელები. ვთვლი, რომ ეს ერთსულოვნება კარგ შედეგს მოიტანს.
- ერთ-ერთი მტკივნეული თემა ალბათ მაინც სტადიონია. სად ჩაატარებს “კოლხეთი” საშინაო შეხვედრებს და სტადიონთან დაკავშირებით თუ არის სიახლე?
- როგორც ვიცით ორშაბათს უნდა გამოცხადდეს სტადიონთან დაკავშირებით ტენდერი. საშინაო შეხვედრებს დიდი ალბათობით ლანჩხუთში გავმართავთ. ფოთელი ქომაგის გვჯერა, რომ ლანჩხუთშიც მოახერხებენ ჩასვლას და გუნდის გამხნევებას. 9 აგვისტოს პირველი შეხვედრის ჩატარება სწორედ ლანჩხუთში მოგვიწევს ქუთაისის “ტორპედოს წინააღმდეგ. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფოთის პორტს გვერდში დგომისთვის, თურქული შეკრება სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით გავიარეთ და ასევე ეკიპირების საკითხში ეს ხალხი გვეხმარება.
-რა იქნება ფოთის კოლხეთის პროგრამა მაქსიმუმი უმაღლეს ლიგაში?
-ვეცდებით, რომ უმაღლეს ლიგაში სასურველი ადგილი დავიკავოთ, ყოველშემთხვევაში გუნდის მიზანი მხოლოდ ადგილის შენარჩუნება არ იქნება. ათეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. მომავალში კი რა იქნება ვნახოთ. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ “კოლხეთი” ნებისმიერ შეხვედრას ღირსეულად ჩაატარებს და შეეცდება თავისი ქომაგი გაახაროს.
ედემი ელერჯია