ინტერვიუები

0:07 | 7.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “წინსვლის საფუძველი კონკურენციაა”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ვესაუბრე. შეგახსენებთ, რომ კლაიპედური რაუნდის უკანასკნელ შეხვედრა ქართველი კალათბურთელებისთვის ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა – გუნდმა ბულგარეთთან დასანანი მარცხი განიცადა, ნაკრების კაპიტანმა კი ტრავმა მიიღო. “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრი მესამე მეოთხედის მიწურულს დაშავდა და მართალია, თამაშის მიწურულს გუნდისთვის მძიმე ჟამს მოედანზე დაბრუნებას შეეცადა, ტკივილმა თამაშის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წამს მისცა.
უკრაინა-ბელგიის შეხვედრის დროს, ზაზა ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, მაიკ ფრატელოს შეგირდებს ომახიანად ქომაგობდა, თამაშის შემდეგ კი ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად “კლაიპედა არენას” სიახლოვეს “ნამდვილი ცეცხლი” დაანთო. ჯერ ქომაგებს მთელი გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ლამის თითოეულ მათგანთან სათითაოდ სამახსოვრო სურათები გადაიღო. ქართველ ფანებთან შეხვედრის აპოგეად საქართველოს ეროვნული ჰიმნი იქცა, რომელიც კალათბურთელებმა და ქომაგებმა ერთად შეასრულეს. ფაჩულია სწორედ ამ დიდებული წამების შემდეგ მოვიხელთე და მართალია, არცთუ სასიამოვნო თემაზე ყურადღების გადატანა თავადაც ძალიან არ მინდოდა, ტრავმაზე მაინც დავეკითხე.
როგორც კაპიტანმა აღნიშნა, მდგომარეობა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა და რადგანაც გაწყვეტილ კუნთს შესაბამისი მკურნალობა სჭირდება, მინიმუმ ერთი თვე მოედანზე გასვლას ვერ შესძლებს. ცხადია, ზაზა აღნიშნულის გამო ძალიან გულნატკენი გახლდათ, თუმცა, ისიც დასძინა, ბიჭები ისეთ განწყობაზე არიან, მჯერა, უჩემოდაც წარმატებულად თამაშს განაგრძობენო... სხვათა შორის, ფაჩულიას გუნდის გამორჩეული თამაშის აღნიშვნა არც ჩვენი ხსენებული შეხვედრის დროს დავიწყნია.
- ჩვენთვის გამორჩეული ბელგიასთან მატჩი იყო. ევროპის ჩემპიონატის სტარტისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და კარგად ვიცოდით, ტურნირის გამარჯვებით დაწყებას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო მატჩი სწორედ ბელგიასთან ჩაატარა. სხვათა შორის, ამ თამაშმა ჩვენდამი დამოკიდებულება კარდინალურად შეცვალა. ახლა, ყველა სერიოზულად გვიყურებს და მეტიც მოგვეთხოვება.
- ბელგიასთან შეხვედრას ორი მარცხი მოჰყვა, თუმცა, როგორც რუსეთთან, ისევე სლოვენიასთან გუნდმა ღირსეულად იბრძოლა...
- ძალიან ემოციური თამაშები იყო და გული მწყდება, რომ ორივე წავაგეთ, არადა, წარმატების შანსი ნამდვილად იყო. ალბათ, სათანადო აგრესია დავაკელით. ბოლოსკენ დაღლაც დაგვეტყო და დაცვაშიც ვერ ვივარგეთ. სხვათა შორის, იგივე უკრაინასთან მატჩში საქმე უკეთესობისკენ წავიდა. მეტოქეს იოლი ბურთების ჩაგდების საშუალება არ მივეცით და შეტევაშიც ვარიანტების ნაკლებობა არ გვქონია. ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად გვქონდა გათავისებული და ვიცოდით, რომ წაგების უფლება არ გვქონდა.
- არადა, დასაწყისში უკრაინელებს ათი ქულით ჩამორჩით...
- დიახ და აღნიშნულის შემდეგ გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. მოგეხსენებათ, წინა დღეს სლოვენიას ცამეტ ქულას ვუგებდით, თუმცა, უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, ამჯერად კი, უკვე თავად არ “გავტყდით” და უკრაინის არცთუ სუსტ ნაკრებს სოლიდური ჩამორჩენა “ამოვუქაჩეთ”. როდესაც საქართველოს ნაკრებზე საუბრისას ყველაზე ხშირად სიტყვა გამოცდილებას ვახსენებთ, სწორედ ასეთ დეტალებს ვგულისხმობთ. თუკი სლოვენიასთან მატჩში გარკვეულ დონეზე დაბნეულობამ თავი იჩინა, უკრაინასთან მწარე გაკვეთილმა სამსახური გაგვიწია და უკვე თავად ვიყოჩაღეთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და გასაკვირი არაა, რომ ბევრ რამეს უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას ვსწავლობთ.
- ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ახლანდელი ნაკრები ქართული კალათბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპის შემოქმედად იქცა. ეს თქვენც კარგად გექნებათ გათავისებული.
- ცხადია, ასეა. ჩვენთვის ევროპის საუკეთესო ნაკრებების გვერდით ესოდენ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში უდიდესი სიამოვნებაა. თავს დიდებულად ვგრძნობთ. ახლა, მთავარია, მიღეული დონე შევინარჩუნოთ და თაობებს შორის წყვეტა უმტკივნელოდ მოხდეს. იგივე რუსეთმა და სლოვენიამ, რომლებიც ჩვენს ჯგუფში ფავორიტები იყვნენ, ეს პროცესი პრობლემების გარეშე გაიარეს. ამ გუნდებში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, მათი დონე კი არ დაცემულა. საქართველოს ნაკრებშიც კონკურენციაა საჭირო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუკი სათანადო დონეზე ვერ ითამაშებს, მოიძებნება კალათბურთელი, რომელიც მის ადგილს დაიკავებს.

 

დათო მანჯავიძე კლაიპედადან

ავტორის ფოტოები      

0.168868