კალათბურთი

15:00 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ვიცი, რომ ისეთი გამარჯვება არ იყო, ჩვენ და გულშემატკივარს რომ გვინდა”

ჯერაც არ განელებულა ის ემოცები, რომელიც გუშინ პორტუგალიის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთა მატჩს ახლდა თან. შეგახსენებთ, რომ ფავორიტად შერაცხული საქართველო თამაშის მიმდინარეობისას 23 ქულითაც კი ჩამორჩა, თუმცა, მობილიზება მოახერხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს იმ გამოხმაურებების გაცნობა, რომელიც ამ ურთულეს შეხვედრას მოჰყვა.

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “აქ მოსაგებად ჩამოვედით. პორტუგალიამ კარგად და სწორედ ისე ითამაშა, როგორც ველოდით. ჩვენთვის ძალიან რთული შეხვედრა იყო, თუმცა, მე-2 ტაიმში მატჩის მიმდინარეობის შეცვლა მოვახერხეთ”.

მარიო პალმა (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დიდებული თამაში იყო. მატჩის მოგების კარგი შანსი გვქონდა, თუმცა, ოვერტაიმში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ჩემი მოთამაშეები გარჯით ამაყი ვარ”. 

კოტე ტუღუში (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “რთული მატჩი რომ იქნებოდა, ამას ყველა ველოდით. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ ასეთი ცუდი თამაში არ ვიცი, რას დავაბრალო. ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებმა სასწაული შეხვედრა “მოატრიალა”. ეს, პირველ რიგში ბიჭების დამსახურებაა და მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ძალიან ბევრი შეცდომის და ძალიან ცუდი თამაშის მუხედავად, მთავარ მიზანს მივაღწიეთ და მატჩი მოვიგეთ. დღევანდელი მატჩი დასრულდა, ახლა უნდა დავისვენოთ და ჩეხეთთან მატჩზე ვიფიქროთ”.

ზაზა ფაჩულია: “აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმები იყო. პირველ ტაიმში საერთოდ არაფერი გამოგვდიოდა – არც დაცვაში და არც – თავდასხმაში და ჩვენი მხრიდან არანაირი ენერგია არ იყო, მე-2 ნახევარში კი თამაში მთლიანად “შემოვატრიალეთ”. ვიცი, რომ ეს არ იყო ლამაზი გამარჯვება, როგორიც ჩვენ და გულშემატკივარს გვინდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოგება მოგებაა. პორტუგალიაში ხომ სწორედ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, რომ ფსიქოლოგიურად, გასული თამაშის ჩატარება რთული იყო. უნგრეთთან მოსაგები მატჩი დავთმეთ და ბევრის ტვინში ისევ ის თამაში ტრიალებდა... კარგია, რომ საბოლოოდ, გავიმარჯვეთ”.

ლევან ფაცაცია: “პირველ რიგში სამწუხაროა, რომ მოედანზე არამობილიზებულები გავედით და მეტოქეს ოც ქულამდე “გაქცევის” საშუალება მივეცით. შესვენებაზე ჩვენს შეცდომებზე ვისაუბრეთ. ისიც ვთქვით, რომ დაცვაში და შეტევაში უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა. გამოვედით და პირველ რიგში, ქართველობით და შემდეგ – სწორი კალათბურთის წყალობით მოვიგეთ”.

0.167764