კალათბურთი

11:09 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომლის “ბაქსში” გადასვლის შესახებ ადრევე გახდა ცნობილი, მილუოკელებთან სამწლიან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა “ბაქსის” ღირსებას ერთხელ უკვე იცავდა. ეს, ქართველი ცენტრის ოკეანისგაღმური კარიერის დასაწყისში, 2004-205 წლების სეზონში იყო და მაშინ ჩვენებურმა მილუოკელთა მაისურით 74 მატჩი (ოთხში სასტარო შემადგენლობაში გახლდათ) ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 6.2 ქულა და 5.1 მოხსნა.

მას შემდეგ იყო 8-წლიანი პერიოდი “ატლანტა ჰოუქსში”, საიდანაც 3 სეზონი ზაზამ ლარი დრიუს ხელმძღვანელობით ჩაატარა, რომელიც აწ უკვე სწორედ “ბაქსის” მთავარი მწვრთნელია.

“იმ კლუბს დავუბრუნდი, საიდანაც ნბა-ში ჩემს ერთ-ერთ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და დიდი გამოცდილებაც მივიღე. მომავალი ბატალიებისთვის აქედანვე ვემზადები. ტრავმით გამოწვეულმა უსიამოვნო პერიოდმა უკვე ჩაიარა და რეაბილიტაციის პერიოდიც კარგად მიდის”, - აღნიშნა ფაჩულიამ.

როგორც ცნობილია, ქართველმა კალათბურთელმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და მართალია მცირე ვარჯიშები უკვე დაიწყო, მისი სექტემბერში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გამორიცხულია. ზაზამ ამჯერადაც დიდი გულისტკივილით აღნიშნა, რომ მომავალ ევრობასკეტზე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

0.142989