ბელგიელებთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვეს. ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერს სასტარტო მოგებაზეც ჰკითხეს, მომდევნო შეხვედრისა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის პერსპექტივაზეც...
- რას გვეტყოდით საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩზე?
- ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე სამშობლოს სახელის დაცვა. ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. პირველ მატჩის მოგებით გამოწვეული ეიფორია ჯერ კიდევ არ გამნელებია. იგივე გრძნობა დაეუფლათ სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და თითოეულ კალათბურთელს. ბელგიელებთან დაპირისპირებისას საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ, თანაც, უდიდესი მონდომებით ვითამაშეთ. მთელი საასპარეზო დროის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვმოქმედებდით, ბენილუქსელთა სნაიპერებს ტყორცნების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად ვუზღუდავდით, ფარიდან ასხლეტილი ბურთის დასაუფლებლად ბოლომდე ვიბრძოდით. მადლობა ჩვენ მწვრთნელს, რომელიც გუნდის მოქმედებას უნარიანად უწევდა კოორდინირებას. ამის გამო საქართველოს ნაკრების შეტევები ეფექტური და რაც მთავარია, შედეგიანი იყო. ერთი სიტყვით, ბედნიერები ვართ.
- მომდევნო შეხვედრა რუსეთთან გელით...
- დღეს დილამდე მხოლოდ ბელგიელებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობდით, შემდეგ კი მატჩი დაიწყო და ცხადია, რუსეთთან მატჩის ტაქტიკაზე ფიქრისთვის არ გვეცალა. როგორც კი სასტუმროში დავბრუნდებით, მომდევნო ასპარეზობაზე გადავერთვებით. რუსეთი ათლეტური გუნდია, რომლის რიგებში მაღალი კლასის მოთამაშეებიც საკმარისად ირიცხებიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 4 წლის წინათ დევიდ ბლატის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ და საკუთარი შანსი გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, სპორტში წაგება არავის უყვარს, მითუმეტეს, მატჩის დაწყებამდე მარცხს არავინ ეგუება. ყოველმხრივ შევეცდებით, რუსეთის ნაკრები გავანეიტრალოთ და საკუთარი თვისებები საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.
- რუსეთთან შეხვედრა თქვენთვის განსაკუთრებულია?
- ჩვენ კალათბურთს ვთამაშობთ და მოედნის საპირისპირო მხარეს მხოლოდ ღირსეულ მოწინააღმდეგეს ვხედავთ, რომლის დამარცხებას ვცდილობთ. სულ ესაა. კალათბურთი ინტერნაციონალური თამაშია. ჩვენ რუს მოთამაშეებთან ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს, ასე რომ, საპირველსექტემბრო დაპირისპირებას, სპორტულის გარდა, სხვა ქვეტექსტს ნუ გამოუძებნით.
- ბელგიელების დამარცხებაში გულშემატკივრებიც დაგეხმარნენ, რომლებიც კლაიპედაში თქვენ მხარდასაჭერად მრავლად არიან...
- გითხრათ სიმართლე, არ გამკვირვებია, როდესაც ტრიბუნებზე ამდენი თანამემამულე ვიხილე. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ სპორტი ძალიან გვიყვარს და ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლები ქომაგთა აქტიურ მხარდაჭერას ვგრძნობთ. საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატისთვის გულშემატკივრებმა მზადება სტარტამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. როგორც კი პირველობაზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვეთ, გულშემატკივრები გვეკითხებოდნენ, როგორ ვიშოვოთ ლიტვის არენებზე ჩასატარებელ ტურნირზე დასასწრები ბილეთები და რა სახით გაეწიათ ჩვენთვის ყველაზე მეტად ეფექტური დახმარება. როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრებს მძლავრი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც სასტარტო შეხვედრაში ძალიან დაგვეხმარა. ტრიბუნებზე მსხდომი ქომაგების დადებითი ენერგეტიკა მოთამაშეებს გადაგვედო.
- საქართველოს ნაკრებმა იმდენად კარგად ითამაშა, სპეციალისტები უკვე თქვენი ნაკრების მიერ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის დაუფლებაზე (თამაშებზე ლიტვის ევროპის ჩემპიონატის 5 საუკეთესო გუნდი გაემგზავრება-რედ) ალაპარაკდნენ...
- ლონდონამდე ურთულესი გზის გავლა მოგვიწევს. დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. პირველი გამარჯვება ძალიან სასიხარულოა, მაგრამ სამუშაო კიდევ ბლომად გვაქვს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ