კალათბურთი

13:27 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია სლოვენიაში ვერ ჩამოვლენ

ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია საქართველოს  ნაკრების საქომაგოდ სლოვენიაში  ჩამოსვლას და მორალურ მხარდაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან აშშ-ში, მათივე გუნდების წარმომადგენლების მეთვალყურეობით, სამედიცინო რეაბილიტაციის კურსს გადიან. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მერაბ რატიშვილმა გვითხრა , რომელიც ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან და ფედერაციის მრჩეველ ლაშა ძიძავასთან ერთად იმყოფება ლაშკოში. რატიშვილმა აღნიშნა, რომ  ფაჩულიას და შენგელიას  ძალიან უნდოდათ ჩამოსვლა სლოვენიაში საქართველოს ნაკრების  საქომაგოდ, მაგრამ მათი  გუნდების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რომ სარეაბილიტაციო კურსი აშშ-ში უნდა დასრულდეს,  მათივე სპეციალისტების მეთვალყურეობით. ამ სიტუაციაში, რასაკვირველია, ფაჩულია და შენგელია დაემორჩილნენ მოთხოვნას.  

 ჩვენი ნაკრები კი პოლონეთთან დღევანდელი მატჩისათვის ინტენსიურად ემზადება. გუნდში საბრძოლო განწყობაა. კალათბურთელები ამბობენ, რომ დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრებისათვის  გადამწყვეტი თუ არა, ძალიან დიდი  მნიშვნელობა აქვს, რადგან ჯგუფურ ეტაპზე სასტარტო  შეხვედრას შეუძლია წარმატებისთვის პირობაც და ფონიც შექმნას.

   პოლონეთის ნაკრების კალათბურთელები და მწვრთნელები, რომლებსაც  ლაშკოში, სასტუმრო "თერმანა ლაშკოში" შევხვდით, თავს იკავებენ კომენტარებისგან. " არ გეწყინოთ, მაგრამ მატჩის წინ, მითუმეტეს მეტოქე ნაკრების ქვეყნის მასმედიისთვის, კომენტარებს არ ვაკეთებთ, ჩვენ გულმოდგინედ ვემზადებით საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის, კარგად შევისწავლეთ მოწინააღმდეგის თამაში, ვიცით, რომ ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას  დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი მოედანზე გადაწდება"- გვითხრეს პოლონეთის ნაკრების წარმომადგენლებმა,

 ჩვენ კი დავუმატებთ, რომ მატჩის შედეგისთვის გარკვეული მნიშვნელობა ექნება ორივე ნაკრების ქომაგთა აქტიურობას. ჩვენი მონაცემებით, საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ცელიეში ქართველ ქომაგთა ჯგუფიც იქნება. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არის ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს სლოვენიაში მცხოვრები ქართველთა ჯგუფი და მეზობელი  ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი თანამემულეები უქომაგებენ. საქართველოდანაც არის ჩამოსული ქომაგთა და ვეტერან კალათბურთელთა პატარა ჯგუფი.

 თენგიზ პაჭკორია, ლაშკოდან სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი “ჯომა”

 




0.115731