ფეხბურთი

17:29 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა დოლიძე: “მეტალურგს” ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა”

 

რა მდგომარეობაა რუსთავის “მეტალურგში” დაფინანსების მხრივ? სასიკეთო ვერაფერი, რადგან როგორც “მსოფლიო სპორტმა” კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძესგან შეიტყო, დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი იყო, ახლა კი, დოლიძეს თანხა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ გაცილებით ნაკლებიაო.

-       რა გეგმაც გვქონდა, 1 იანვრიდან იმას ვეღარ გავყვებით. ამიტომაც, რაღაც ცვლილებები იქნება შემადგენლობაში. ალბათ, ზოგიერთ ფეხბურთელს გავანათხოვრებთ. ასე მოგვიწევს. ხვალ 17:00 საათზე კრება გვაქვს და აქცენტები გამოიკვეთება. მარტო ჩვენ კი არა, ბევრ კლუბშია ასეთი სიტუაცია. როგორც იცით, გვქონდა შეხევდრა ლევან ყიფიანთან და კიდევ გვექნება შაბათს. ხვალ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გვექნება საუბარი უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, იდეა უნდა იყოს სწორად წარმოდგენილი. წინასწარ უნდა განისაზღვროს, ესა თუ ის გამოყოფილი თანხა რაში უნდა დაიხარჯოს. ისე არ უნდა მოხდეს, 5 მილიონი გქონდეს და აქედან 80 პროცენტი ტრანსფერებს მოახმარო. პირობითად რომ ვთქვათ, 30 % ხელფასებში უნდა მიდიოდეს, 30 % კვებასა და ტრანსპორტირებაში და ასე შემდეგ. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული.

-       ყიფიანმა რა გითხრათ?     

-       გვითხრა, რომ ამ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ახალი წლიდან, ალბათ, ვერ მოესწრება. ეს უფრო 2015 წლიდან იქნება გათვლილი, მანამდე კი კლუბებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ არც ბოიკოტს ვაპირებთ, არც პროტესტის ფორმას მივმართავთ. რაც უნდა შემცირდეს დაფინანსება, ჩემპიონატს ჩავამთავრებთ და ექვსეულში გასასვლელადაც ვიბრძოლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მეტალურგიულმა ქარხანამ კლუბის დაფინანსება მნიშვნელოვნად შეამცირა.

-       რამდენი იყო ბიუჯეტი და რამდენი გახდა? 

-       3 მილიონი  იყო და მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამ 3 მილიონიდან ნახევარი მიდიოდა ხელფასებზე.  “მეტალურგს” 4 გუნდი ჰყავს, თვეში 5-6 ათასი მარტო კომუნალურებში მიდის, 3-4 ათასი ტრანსპორტირებაში, კვებაში. ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. არაა ნორმალური, როცა მატჩის წინა დღეს არ იცი, როდის ჩახვალ თამაშზე. როცა სამარშრუტო ავტობუსში შეჭეჭყილი ფეხბურთელებით ჩახვალ, იქ ფეხბურთზე აღარაა ლაპარაკი. ჩვენი თხოვნაა, სუბსიდირება მოხდეს ამ თანხისა. მაგალითად, 30 000 გვჭირდება, რომ ჩვენს ხელოვნურსაფარიან მინდორზე კაუჩუკი დავყაროთ. მიზეზი, რამაც ქარხნის ხელმძღვანელობა დააფიქრა და კლუბის ბიუჯეტი შეამცირა, შედეგი იყო და ეს შედეგი ზოგიერთ მატჩში ცუდმა მსაჯობამაც გამოიწვია. თუნდაც ბოლო გასვლით მატჩზე რაც მოხდა.

-       “ზუგდიდთან”?

-       დიახ. 17 ტურის განმავლობაში ხშირად ყოფილა ჩივილი, აი, “მეტალურგს” მსაჯები ცუდად ექცევიანო. ხმა არ ამომიღია, მაგრამ ის, რაც ზუგდიდში ხდებოდა, ყველა ზომას გასცდა. 

0.112061