რუსთავის "მეტალურგმა" ამ ზაფხულს არცთუ ურიგო ფეხბურთელები დაიმატა და წინა სეზონთან შედარებით, შემადგენლობა გააძლიერა. როგორც იცით, გელა სანაიას გუნდი შეკრებაზე გაემგზავრა - რამდენიმე საათის წინ ჩავიდა თურქეთში. "მსოფლიო სპორტი" კლუბის ახალ დირექტორს, ზაზა დოლიძეს ესაუბრა: ეს გამგზავრებამდე სამიოდე საათით ადრე.
დოლიძისგან შევიტყვეთ, რომ "მეტალურგის" წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონი ლარია და კლუბის მიზანიც გამოკვეთილია - სამეულში შესვლა, თასზე წარმატება და ევროტურნირებზე გასვლა. თუმცა, დოლიძეს პრობლემატურ საკითხებზეც ვკითხეთ:
- შემადგენლობის დაკომპლექტება დასრულდა თუ კიდევ ველოდოთ ახალწვეულებს?
- გვსურს მეკარისა და თავდამსხმელის დამატება. ამ ეტაპზე რისი საშუალებაც გვქონდა, მგონი, ცუდი შევსება არ მიგვიღია. თანაც, მეტწილად 23-26 წლის ფეხბურთელები დავიმატეთ, ანუ ისეთი ასაკის, კარიერის პიკში რომ არიან. მეკარეს რაც შეეხება, გვყავს ბედიაშვილი და 18 წლის შერმადინი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიულია, თუმცა ძლიერ მეტოქეებთან მასზე დაყრდნობა ჯერ გაჭირდება.
- როგორც ვიცით, ომარ მიგინეიშვილის გადაყვანა გსურდათ...
- დიახ. დიდი ინტერესი გვქონდა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედომ" ისეთი თანხა დაასახელა, რომ უარი ვთქვით. ამ ეტაპზე მიგინეიშვილის გადმოყვანა გამორიცხულია, ამიტომაც სხვა ვარიანტებს ვეძებთ. თავდასხმაში კი გვყავს ფიფია, სიხარულიძე და ბერიაშვილი, თუმცა კიდევ ერთი ფორვარდი არ გვაწყენდა. ისე კი, მეკარის პოზიციას თუ არ ჩავთვლით, ყველა რგოლში გავძლიერდით: დაცვაში კაკუბავა, მაისაშვილი, ორბელაძე; ნახევარდაცვაში კირკიტაძე, გურეშიძე, ვასაძე; წინ ბერიაშვილი.
- თურქეთში 20 ივლისს "სამსუნსფორს", 23-ში "ორდუსფორს" და 29-ში "თავშანლის" ხვდებით. 26 ივლისს შოთა არველაძის "ქასიმფაშასთან" მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?
- დიახ, ჯერ არაა გადაწყვეტილი. ეს "ქასიმფაშას" გეგმებზეა დამოკიდებული. შოთა არველაძის გუნდი იმ დროს თურქეთში თუ იქნება, ვეთამაშებით. შესაძლოა, სხვა ადგილას წავიდნენ.
- ახალგაზრდული გუნდების უკეთ მომზადების კუთხით თუ აპირებთ მუშაობას?
- აუცილებლად. ჩვენ გვყავს გუნდი ჭაბუკთა ლიგაში და სხვა ასაკებშიც, მაგრამ გვსურს, რომ კომპლექტი შევავსოთ და ყველა ასაკში გვყავდეს. რაც ხელს გვიშლის, მოედნების სიმცირეა.
- შეგიძლიათ თქვათ, რა თანხას შეადგენს კლუბის ბიუჯეტი?
- დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე. ეს არც ისე ცოტაა, რომ საქართველოში ზედა ადგილებისთვის ვერ ვიბრძოლოთ და არც იმდენად ბევრია, რომ ევროპული საზომით კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. იმედია, შემდეგ დაანონსებული სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაც შეგვეშველება.
- რა მიზნები ექნება "მეტალურგს" უახლოეს სეზონში?
- სამეულში შესვლა. და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ თასზეც. ვფიქრობ, სამეულზე რეალურად უნდა ვიფიქროთ. არა მგონია, თბილისის "დინამოს" გარდა, რომელიმე ქართულ კლუბს "მეტალურგზე" დიდი რეპუტაცია ჰქონდეს. შემადგენლობასაც ბოლომდე რომ დავაკომპლექტებთ, ჩვენი ძალაც უკეთ გამოჩნდება. მნიშვნელოვანი იქნება სეზონის სტარტი - რაც შეიძლება, უკეთ უნდა დავიწყოთ.
- ერთ პრობლემატურ საკითხზე: საჩემპიონო სეზონში ყოფილა ერთ-ორი მატჩი, როცა "ფოლადის" ტრიბუნები ბოლომდე გავსებულა, თუმცა გასულ სეზონში მაყურებელთა რაოდენობამ ძალიან იკლო. გასაგებია, რომ გუნდი ქვედა ექვსეულში იყო, მაგრამ მაინც - ბოლო ტურებში 100-150 მაყურებელი ძლივს გროვდებოდა, რაც რუსთავის საფეხბურთო ტრადიციებისა და საერთოდ, ქალაქის მოსახლეობის კვალობაზე უხერხულია. თუ მუშაობთ გულშემატკივართა სტადიონზე მოზიდვის კუთხით?
- კლუბში მისვლის პირველივე დღიდან ამაზე გავამახვილე ყურადღება. კარგად მესმის, ფეხბურთელისთვის რასაც ნიშნავს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში. ამ დროს მოტივაცია თითქმის ნულზე ეცემა. რუსთავს საფეხბურთო ტრადიციები არ დაეწუნება, ამ ქალაქს ბევრი ცნობილი მოთამაშე გაუზრდია და მართლაც ცუდია, როცა ხალხი სტადიონზე არ დადის. მარკეტინგული კუთხითაც მომგებიანია, რომ ტრიბუნები შეივსოს. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა ქაალქის მერიასთან. დამზადდება პლაკატები, გამოჩნდება ბილბორდები და წინსვლას ველი.