ფეხბურთი

21:23 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა დოლიძე გარიგებულ მატჩებზე

როგორც იცით, უეფას მიერ საეჭვოდ მიჩნეულ მატჩებს შორის რუსთავის ”მეტალურგის” მონაწილეობით ჩატარებული თამაშებიც მოხვდა. ასეთი 3 მატჩია და შესაბამისად, კლუბი 20 000 ლარით დაჯარიმდება.

რომელ 3 შეხვედრაზეა საუბარი და რა კომენტარს აკეთებენ კლუბში? ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” “მეტალურგის” დირექტორ ზაზა დოლიძეს დაუკავშირდა. დოლიძე შარშან ივნისში მივიდა რუსთავულ კლუბში, უეფას რეპორტში მოხვედრილი თამაშები კი მანამდეა გამართული.

დოლიძე: “ამ მატჩების სიას მოგაწვდით: 2010/2011 წლების სეზონში “სამტრედიასთან” 4:0 მოგება, მომდევნო სეზონში კი “დილასთან” 1:3 წაგება და “მერანთან” 2:1 გამარჯვება. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მაგრამ ვიღაცამ თუ აზიის ტოტალიზატორში დიდი ფული დადო, გამოიძიონ და ის პიროვნებები დასაჯონ. ბუნებრივია, დიდი ფულის დადებაზეა საუბარი, თორემ მცირე თანხა ეჭვს არ გამოიწვევდა. ნახონ, ვის სად გადარიცხა ფული, როგორ ფსონზე და თუ დასასჯელია კლუბი, უნდა დაისაჯოს, ოღონდ მხოლოდ ფულადი ჯარიმა არ უშველის. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ ოფიციალური წერილი არ მოვა ჯარიმის შესახებ, სადაც ფაქტობრივად იქნება ყველაფერი მოყვანილი. ამის შემდეგ კი პრესკონფერენციას მოვიწვევთ”.

0.116941