საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი ფორვარდი, სტუმრად ინტერნეტ-გამოცემა sports.ru-ს რედაქციაში იმყოფებოდა, სადაც მასთან ონლაინ-კონფერენცია შედგა. ქართველს კითხვებს აღნიშნული გამოცემის აქტიური მკითხველები უსვამდნენ, რომლებიც მხოლოდ საფეხბურთო საკითხებით არ დაინტერესებულან და ჯანაშიამაც არაორდინალურ კითხვებს ჩვეულ სტილში უპასუხა, რაშიც “მსოფლიო სპორტის” მკითხველიც დარწმუნდება.
- ამჟამად, რამდენ კილოგრამს იწონით?
- რატომ აღელვებს ყველას ეს საკითხი? 100 კოლოგრამი ვარ. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი 85-86 კილოგრამი ვიყავი.
- თქვენს საფეხბურთო კარიერაზე, ყველაზე მეტი გავლენა რომელმა კერძმა იქონია?
- ძალას ხაჭაპური მმატებდა. საქართველოდან რუსეთში რომ ვბრუნდებოდი ხოლმე, 10 კილოგრამი მქონდა მომატებული. ხაჭაპური, საცივი, წითელი ღვინო – ქართველებს მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო გვაქვს.
- უპირატესობას რომელ ღვინოს ანიჭებთ?
- ხვანჭკარას. ის ჩემთვის საქართველოდან ჩამოაქვთ ხოლმე. საერთოდ, მხოლოდ ქართულ ღვინოს ვსვამ.
- ვინმე მამის სახელით თუ მოგმართავთ? მაგალითად, თქვენი აღსაზრდელები.
- მამის სახელით ბავშვები მომმართავენ, რომელთაც “ლოკომოტივში” ვავარჯიშებ. სხვათა შორის, ისინი პირველივე დღიდან მეკითხებოდნენ, მალაყის გაკეთებას თუ ვასწავლიდი.
- თქვენს აღსაზრდელებს შორის თუ არიან ისეთი ნიჭიერები, რომლებიც უახლოეს 2-3 წელიწადში, “ლოკომოტივის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდებიან?
- 5-6 მართლაც ძალიან ნიჭიერი ბავშვია, რომლებიც აუცილებლად “ვარსკვლავები” გახდებიან. მწვრთნელი უნდა უყვარდეთ და ბავშვებს ვუყვარვარ. წარმატების საიდუმლოც ესაა.
- ძმებ ბაზაევებს იცნობთ? თუ იცნობთ, მათი საფირმო მწვადი თუ გაგისინჯავთ? თავად იცით მწვადის მომზადება?
- ვიცნობ, მაგრამ მათი მომზადებული მწვადი არ გამისინჯავს. ცხადია, შეწვა თავადაც ვიცი – მთავარია, კარგი ხორცი იყოს.
- “ლოკომოტივში” მუშაობაზე არ ფიქრობთ? იქნებ, სპეციალურად თქვენთვის ახალი თანამდებობაც მოიგონონ – ფორვარდების მწვრთნელი. სიჩოვს ასწავლიდით, რა და როგორ უნდა გააკეთოს?
- იქნება ასეთი სამუშაო. ჩემი ხილვა იქ ყველას სურს და ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. გუნდში ბიჭებს ვიცნობ და ზოგჯერ, “ლოკომოტივის” ბაზაზე როდესაც მივდივარ, მათ ვესაუბრები.
- კალინინგრადის “ბალტიკაში” გატარებული პერიოდი როგორ დაგამახსოვრდათ?
- საუცხოო ქალაქია და იქ სახლის ყიდვაც მსურდა. კალინინგრადში ხალხს ფეხბურთი უყვარს და ჩემთვის ყველა კარი ღია იყო – ხალხი კარგად მხვდებოდა.
- ფეხბურთს თუ თამაშობთ ხოლმე? გატანილი გოლის შემდეგ თქვენი ცნობილი ტრიუკის შესარულება, კიდევ შეგიძლიათ?
- ვცდილობ სათამაშო ფორმა შევინარჩუნო და ვთამაშობ ხოლმე. ვფიქრობ, ტრიუკის შესრულებასაც შევძლებ.
- კარიერის განმავლობაში თქვენს მიერ გატანილი გოლებიდან, ყველაზე მნიშვნელოვნად რომელს თვლით?
- რომის “ლაციოს” კარში გატანილ გოლს – შედეგის თვალსაზრისით, გულშემატკივრებისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
- გუნდის გასახდელში ბოლოს როდის იყავით? ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მოგებული თამაშის შემდეგ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს შეეძლო ფეხბურთელებისთვის ერთი ყუთი ლუდი მოეტანა. ახალგაზრდა თაობას, რომელსაც ავარჯიშებთ, რით წაახალისებთ ხოლმე?
- გასახდელში თითქმის ყოველ კვირას შევდივარ ხოლმე. ახლაც, “ამკართან” შეხვედრის შემდეგ იური სიომინი ვნახე და მოვიკითხე. ბუნებრივია, ურთიერთობა მაქვს მალხაზ ასათიანთან. ახალგაზრდებს არაფრით ვახალისებ, შესაძლოა, ხანდახან შოკოლადი მივცე.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვის უგულშემატკივრებთ? მაურინიოს თაობაზე რას იტყვით?
-“ინტერს” ვუგულშემატკივრებ. გერმანელები არ მიყვარს – მათ ფეხბურთის თამაშიც კი არ იციან. შესაბამისად, არც გერმანული გუნდები მომწონს.
- საქართველოს ნაკრებში კარიერა რატომ ვერ აგეწყოთ?
- ყველაფერიც გამომივიდა. როდესაც რუსეთის ნაკრებს ამხანაგური შეხვედრა ვეთამაშეთ, მაშინ გუნდში “ლოკომოტივიდან” 8 ფეხბურთელი იყო მიწვეული. ჩემი გვარის გამოცხადების შემდეგ, 80 000 კაცი ფეხზე ადგა და ტაში დამიკრა. ჩუგაინოვმა მკითხა კიდეც – “აქ რა, შენ ღმერთი ხარ?”, მე ვუპასუხე – “თავად არ ვიცი-მეთქი”. მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გავიტანე, ოვჩინიკოვმა მითხრა, ვიცოდი იმ კუთხეში დარტყმას რომ აპირებდიო. საქართველოში ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ნაკრებში ცუდად ვითამაშე.
- ჯანო ანანიძის შესახებ რა აზრის ხართ?
- კარგი ბიჭია. თუმცა, ჯერ ახალგაზრდაა. მან თავისი ნიჭი ჯერ კიდევ უნდა გამოავლინოს.
- კიდევ რომელ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- ანანიძის გარდა, გამოსარჩევი არც არავინაა. სამწუხაროდ, კარგი ახალგაზრდა თაობა არ მოდის.
- თქვენს ოჯახში სპორტსმენები იზრდებიან?
- ორი ბიჭი მყავს -7 წლის და 2-ის. ორივე ფეხბურთელი იქნება. უფროსი ძალიან კარგად თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე.
- მესიზე რას ფიქრობთ?
- რა უნდა ვთქვა? უდიდესი ფეხბურთელია, რომლის მსგავსი ერთეულებია.
- იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშს აჩვენებენ “ლოკომოტივის” ფორვარდები, არ გეჩვენებათ, რომ დღესდღეობით გუნდს გამოადგებოდით?
- თამაშს რომ ვუყურებ, მოედანზე ყოფნა მსურს. თუმცა, ხალხს ისეთი ვუყვარვარ როგორც ვარ და მათ შთაბეჭდილება რატომ უნდა გავუფუჭო. ისე, საგოლე ალღო თუ გაქვს, ის არსად ქრება.
- სიმართლეა, რომ რუსეთის ჩემპიონატის შედეგები წინასწარაა ცნობილი და წელს “ზენიტი” იქნება ჩემპიონი, ხოლო მომავალ წელს – “სპარტაკი”?
- არაა სიმართლე. “სპარტაკი” ჩემპიონი ვერ გახდება, ხოლო “ლოკომოტივს” ჩემპიონობა შეუძლია. შეკრებაზე სიომინი ფეხბურთელების ხასიათების შერწყმას მოახერხებს. ამ ადამიანს დრო ვერ ცვლის.
- თქვენი საყვარელი კლუბი რომელია?
- ადრე “ტიროლი” არ მიყვარდა. კარიერის დასრულების შემდეგ ყველა კლუბი მომწონს -- იქ ისეთივე ფეხბურთელები თამაშობენ, როგორც მე.
- ქალებში ყველაზე მეტად რას აფასებთ?
- დათმობას, ურთიერთგაგებას, სინაზეს, ხასიათის სირბილეს. დანარჩენი ყველაფერი ტექნიკის საქმეა.
- თქვენი აზრით, “ლოკომოტივში” ვინ იმსახურებს კაპიტნის სამკლავურს? ვის შეუძლია ლეგიონერები “თავის ადგილზე” დააყენოს? გუნდს ასეთი ლიდერი აშკარად არ ყოფნის.
- ვფიქრობ, კაპიტანი ასათიანი უნდა იყოს. მას შეუძლია თანაგუნდელს დაუყვიროს და მოელაპარაკოს კიდეც. არ იფიქროთ რადგან ქართველია, ის ამიტომ დავასახელე. უბრალოდ, სხვას ნამდვილად არავის შეუძლია ასეთი პასუხისმგებლობის აღება.
- ფეხბურთის გარდა, სპორტის კიდევ რომელი სახეობა გაინტერესებთ?
- ჰოკეი. ძალიან მომწონს ძალისმიერი ჰოკეი, მაგრამ თავად თამაში არ მიცდია. ქართველებიდან ჰოკეის ვინ თამაშობს? ალბათ, მხოლოდ გელაშვილი, სხვა არავინ.
- სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობთ?
- ინგლისსა და ესპანეთს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა