22 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი “ფლორადან” სხვა კლუბში გადადის. ესტონურ გუნდში კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია. ის 2010 წელს გადავიდა “ფლორაში” და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ ქვეყნის თასი მოიგო და ასევე ორჯერ სუპერთასზეც იმარჯვა. მიმდინარე სეზონში “ფლორა” ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა ბეგლარიშვილს კარგი სეზონი ჰქონდა: 28 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
მოკლედ, დროცაა, რომ ბეგლარიშვილი “ფლორადან” უკეთეს გუნდში წავიდეს. “მსოფლიო სპორტი” ზაქარიას ესაუბრა:
- რომელ გუნდში გადადიხართ, ხომ არ გარკვეულა?
- ჯერჯერობით, არ მინდა, რომ გახმაურდეს. ახალი წლის შემდეგ კი შეიტყობთ.
- ქართული კლუბი ხომ არაა?
- არა, უცხოეთში მივდივარ. ესტონეთზე გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში. ვარიანტი რეალურია, უბრალოდ, წინასწარ მაინც ვერიდები თქმას. მანამდე თბილისში ვემზადები: ტრენაჟორები, აუზი, სირბილი.
- “ფლორაში” სამი წელი გაატარეთ. რა შეგძინათ ესტონეთის ჩემპიონატში თამაშმა?
- რაც მთავარია, თავდაჯერება შემმატა. სათამაშო პრაქტიკა, გოლები, ჩემპიონობა, თასები. მთლიანობაში, კარგი იყო, ცუდად ნამდვილად არ გავიხსენებ. მაფასებდნენ და ახლაც ძალიან სურთ, რომ გუნდში დავრჩე. მითხრეს, კლუბის შოვნა თუ გაგიჭირდება, ჩვენ გელოდებითო.
- საუკეთესო ფეხბურთელებშიც ხვდებოდით.
- ყოველთვიურად ასახელებენ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს. ორჯერ გავხდი: მაისსა და ოქტომბერში.
- საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანეთ. თქვენს პოზიციაზე, გამთამაშებლად გაყენებდნენ თუ წინ?
- გამთამაშებელი ვიყავი და ხან ფლანგზეც ვთამაშობდი.
- ესტონეთის ჩემპიონატის დონეზეც გვითხარით...
- მაღალი დონე არაა, მაგრამ არც ძალიან დაბალი ეთქმის. ამ ეტაპზე ჩემთვის პრაქტიკა იყო საჭირო, ახალი წლიდან კი სხვა, უფრო ძლიერ გუნდში გადავალ და ახალი ეტაპი დაიწყება.
- წლეულს რატომ ვერ გახდით ჩემპიონები? წინა ორ წელიწადს თითქოს იოლად გახვედით პირველზე.
- ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა “კალიუმ” და ვეღარ დავეწიეთ. მესამეზე გავედით. ხდება ხოლმე, უბრალოდ, წლეულს გვაჯობეს.
ილია ნანობაშვილი