ურუგვაელი ფეხბურთელის, დიეგო ფორლანის ყოფილი სატრფო და საცოლე, ზაირა ნარა, როგორ იქნა, გამოვიდა ღრმა ქალური დეპრესიიდან და კაეშნის “გამოსასვლელ კართან“, არგენტინელი ჩოგბურთელი, ხუან მონაკო შეეფეთა. ვერ გეტყვით “შემოფეთების“ სადღეგრძელო დალიეს თუ არა, მაგრამ ზაირა და ხუანი ერთად თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ და ირწმუნებიან, ერთმანეთი ნამეტნავად შეგვიყვარდაო.
მიუხედავად ჟურნალისტების მრავალგზის მცდელობისა, ზაირა ნარა მაინც არ ამხელს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ მოხდა მასსა და დიეგო ფორლანს შორის გაურკვევლობა და დაშორება. ლამაზმანი ერთადერთი იმას ამბობს, რომ დიეგო ბოლო პერიოდში სულ სხვა ადამიანი გახდა და ერთმანეთის აღარ ესმოდათ.
რაც შეეხება ზაირას ამჟამინდელ სატრფოსა და გულისსწორს, არგენტინელ ხუან მონაკოს, ზაირა ძალიან გულბოროტი უნდა იყოს, ამ კაცზე რაიმე აუგი რომ დასცდეს. არგენტინელი ჩოგბურთელი ზაირას თურმე ძალიან ანებივრებს და არ არსებობს სურვილი, რასაც ვერ შეუსრულებს.