ბოლო წლებში, რომაული დერბის სცენარი უცვლელია. დაძაბული თამაში, თერთმემეტრიანი (ამჯერად, გამოუყენებელიც) და წითელი ბარათი „რომასა“ და „ლაციოს“ დაპირისპირების განუყოფელ ნაწილად იქცა.
სერია A-ს 31-ე ტურის ბოლო მატჩში, „ლაციომ“ ქალაქურ დერბიში 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. სამაგიეროდ, გაგრძელდა ერთი საინტერესო ტრადიცია. აქამდე, ვატიკანში რომის პაპის არჩევიდან პირველ რომაულ დერბიში, „რომას“ წაგება არ ჰქონია. „ჯალოროსი“ უქულოდ არც ამჯერად დარჩა.
„რომას“ შეტევებით დაწყებულ შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. „ლაციოს“ კონტრიერიშის დროს, ერნანესმა ბურთი კარიდან დაახლოებით 35 მეტრში მიიღო და ისარგებლა რა „ჯალოროსის“ მცველთა პასიურობით, საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმით, „რომას“ კარში თავისი მე-3 გოლი გაიტანა.
ტაიმის დარჩენილმა ნაწილმა „ლაციოს“ უპირატესობით ჩაიარა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ლულიჩის დარტყმის შემდეგ, მასპინძლები გოლისგან სტეკელენბურგმა იხსნა. ტაიმის მიწურულს, გატანა „რომასაც“ შეეძლო, მაგრამ ტოტის მარკეტიმ აუღო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, ერნანესს დუბლის გაფორმების შესანიშნავი შანსი მიეცა. საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, არბიტრმა მარკინიოსი დააჯარიმა, მაგრამ ახალაგაზრდა ბრაზილიელ მცველს შეცდომა თანამემამულე ერნანესმა აპატია, რომელმაც 11 მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
არ იყო გასული 10 წუთი, როდესაც ერნანესმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. მან საკუთარ საჯარიმოში პიანიჩი წააქცია და ტოტის რომაულ დერბიში თავისი მე-9 გოლის გატანის საშუალება მისცა. ამ მაჩვენებლით, ტოტი დინო და კოშტასა და მარკო დელვეკიოს გაუთანაბრდა და პირველ ადგილს მათთან ერთად იყოფს.
დედაქალაქური დერბი წითელი ბარათის გარეშე აბა როგორ ჩაივლიდა. 69-ე წუთზე, ბიავამ მე-2 წითელი ბარათი დაიმსახურა და „ლაციო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. აღვნიშნავთ, რომ არბიტრს წითელი ბარათის ამოღება ზედიზედ მე-5 რომაულ დერბიში მოუწია, ხოლო 21-ე საუკუნეში, გუნდებს 18 წითელი ბარათი უჩვენეს.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, უპირატესობას „რომა“ ფლობდა, მაგრამ აურელიო ანდრეაცოლის შეგირდებმა კაცნაკლულ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და ქულას დასჯერდნენ.
რომა-ლაციო 1:1 (0:1)
რომი, “ოლიმპიკო” 50000
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი, ტოროსიდისი, მარკინიოსი, კასტანი, მარკინიო, ბრედლი, დე როსი (დესტრო 53), ფლორენცი (დოდო 73), პიანიჩი, ლამელა, ტოტი.
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.
ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, გონსალესი, ბიავა, კანა, რადუ (სტანკევიჩუსი 90), ლედესმა (სიანი 70), კანდრევა, ონაზი, ერნანესი, ლულიჩი, კლოზე (კოზაკი 60).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
გოლები: 0:1 ერნანესი (16), 1:1 ტოტი (57, პენ).
49-ე წუთზე, ერნანესმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: დე როსი 44, ლამელა 57, პიანიჩი 81, კასტანი 90+1 - რადუ 31, ლულიჩი 52, კანა 57, ბიავა 63.
გაძევება: ბიავა 69.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (6)-15 (7), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 9-8, ჯარიმა: 16-17.