სტატიები

10:16 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყოვლისშემძლე კოსტია 95 წლისაა!

დღეს 9 აპრილს,  კოსტია შანიძე 95 წლის გახდა, მთელი ცხოვრება თბილისის “დინამოს” და “დინამოს” სტადიონს შეალია, 1936 წლიდან კი 70 წელი (!!!) იმუშავა ელექტრიკოსად “დინამოზე”! Mოჯახიც მთლიანად სპორტული ჰყავდა - მისი ქალიშვილი ციცინო საქართველოში ცნობილი მოცურავე იყო, მისი სიძე გურამ პეტრიაშვილი კი ტაშკენტის ოქროს მატჩის გმირი გახლდათ, შვილიშვილიც სახელოვანი გამოუვიდა კოსტია ბაბუას – დათო პეტრიაშვილი თავის დროზე თბილისისა და მოსკოვის “დინამოში” თამაშობდა, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო, ახლა კი უეფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის – ჰეთ თრიქის თავმჯდომარეა!

კოსტია შანიძე 1919 წელს დაიბადა სამტრედიის სოფელ გამოჩინებულში, 1923 წლიდან კი თბილისში, საგურამოს ქუჩაზე ცხოვრობდა და სტადიონის ადგილას მანამდე გაშენებული ბახჩა-ბაღების ხშირი სტუმარი იყო და სიყრმის მეგობრებთან ერთად ბევრჯერ მოუპარავს კიტრი და პომიდორი. 1932 წელს ლავრენტი ბერიას სტადიონის მშენებლობა გადაუწყვეტია და კოსტიაც ყოველდღე ადევნებდა თვალს შავი ლიმუზინით მოსიარულე უშიშროების შეფს, თანაც მშენებლობაში ეხმარებოდა უფროსებს. ერთხელ ბერიამ თავად გადაწყვიტა ეჩვენებინა მუშებისთვის რაღაცა და უცებ ხელი დაესვარა. კოსტია წყალზე გააგზავნეს, ბერიას ხელი კი დააბანინა, მაგრამ პირსახოცი დაავიწყდა! ყველა გაშრა და შიშისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ. ბერიას კი გაუღიმია და კოსტიას ხუჭუჭ თმებზე შეუმშრალებია ხელი. ახალგაზრდობაში ერთმა მსაჯმა, ლარიონოვმა კოსტიას ფოტოაპარატი ფედი აჩუქა და მას მერე სურათებს იღებს! მისი ფეხი ყოველთვის ბედნიერი იყო გუნდისთვის, თუმცა პროფესიით ელექტრიკოსი ნემსის ყუნწში ძვრებოდა და ცნობილი ქართველებისთვის მატჩის ბილეთებს შოულობდა. ეროსი მანჯგალაძე, ბილეთი რომ დაჭირდებოდა, სტადიონზე გამოივლიდა და დაიძახებდა – მომიძებნეთ ყოვლისშემძლე კოსტიაო!

ერთი მითხარით, სხვას ვის გადაუღია ფოტო თბილისის “დინამოს” სტადიონზე მთელი 78 წლის ინტერვალით - 1936 და 2014 წლებში?

 

მამუკა კვარაცხელია

0.118696