უკრაინული პრემიერლიგის მეორე ტურში "ილიჩივეცმა" შინ "დნიპროსთან" 0:2 წააგო. მასპინძელთაგან თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დავით თარგამაძემ კი მეორე ტაიმი ჩაატარა. გამარჯვებულთაგან 90 წუთი გაატარა მინდორზე ჯაბა კანკავამ, სანდრო კობახიძე სათადარიგო იყო, ხოლო უჩა ლობჟანიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
პირველი გოლისას კომბინაციაში კანკავამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი საყრდენი კარგად თამაშობდა და შეტევაშიც, ისევე როგორც დაცვაში, პროდუქტიული გახლდათ. ოქრიაშვილმა გაფრთხილება მიიღო მეორე ტაიმში. "ილიჩივეციდან" მეორე ნახევარში ყველაზე აქტიური თარგამაძე იყო, რომელიც მარცხენა გარემარბად თამაშობდა.
დანიის ჩემპიონატი დაიწყო და "ორჰუსმა" შინ 0:2 წააგო "მიდტიულანდთან". ქართველთაგან მხოლოდ დავით სხირტლაძემ ითამაშა - 41-ე წუთზე შევიდა მინდორზე. დავით დევდარიანი თადარიგში დარჩა, ხოლო მათე ვაწაძეს ტრავმა აქვს და სექტემბრამდე ვერ ითამაშებს.
არნემის "ვიტესის" ამხანაგურ მატჩზეც: ჰოლანდიურმა კლუბმა 1:2 წააგო ბელგიის "ლიერსთან". გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჭანტურია კი, ჯერჯერობით, რეზერვში ემზადება და მწვრთნელმა პეტერ ბოსმა ეს იმით ახსნა, რომ ქართველი შემტევი ჩემპიონატის საწყის 7 ტურს გამოტოვებს და იმ შემადგენლობის შეთამაშებას ცდილობს, რომელსაც პირველივე ტურიდან დაეყრდნობა.
"ვიტესიდან" გოლი იენსენმა გაიტანა. სასიამოვნოა, რომ მწვრთნელი ზედიზედ მესამე მატჩია, ყაზაიშვილს სასტარტოში ათამაშებს.