გულშემატკივრის სვეტი

10:33 | 8.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ყასაბი ვანოს დარდები

ცენტრალური ევროპიდან: საფრანგეთი და ესპანეთი, აღმოსავლეთ ევროპიდან: ბელარუსი, სკანდინავიიდან კი  - ფინეთი... როგორც ბრაზილიაში გამართულმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრამ გვამცნო, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში თითქმის მთელი ევროპის გარდი-გარდმო გადაკვეთა მოუწევს და მეტოქეებიც ისეთები არიან, კარგი ფეხბურთის ხილვის მოსურნე კაცი რომ ინატრებს. კარგად მესმის, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებს ამ გუნდებზე უფრო სუსტი მეტოქეები “გვემეტებოდა” ჩვენი ფეხბურთელებისათვის, მაგრამ მოგეხსენებათ, კენჭისყრა ბრმაა. იღბალთან საყვედურები კი ბევრს ვერაფერს შეგვძენს. სანამ ჩამოთვლილ ოთხ ნაკრებს თბილისში ვიხილავთ, მანამდე, წელიწადზე მეტი დროა დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში, ჩვენს ნაკრებს კიდევ არაერთი მატჩი აქვს გასამართი და მომავალში უფრო კარგად გამოჩნდება, რამდენად შეგვიძლია ფრანგებთან და ესპანელებთან ღირსეული მეტოქეობა. ჩემი აზრით, სწორედ ეს დარჩენილი პერიოდია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ნაკრების ისტორიაში. დაგროვილ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, მართლაც შეძლო თუ არა ქეცბაიამ ჭეშმარიტად მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება, სწორედ ახლა უნდა გაეცეს პასუხი. უნიჭო და უფანტაზიო ხალხი რომ არ ვართ, ეს აქამდეც ვიცოდით და მოდით, ასეთ არაფრისმომცემ თემებზე სხვებმა ისაუბრონ...
“ცოტა ამოვიწიეთ და, ვიფიქრე – იქნებ ერთხელ ჩვენც გავიდეთ მსოფლიოზე-მეთქი, მაგრამ რად გინდა?! ”დაგვაჯახეს” ეს ესპანელები და ფრანგები და რა გინდა, რო ქნა?!” – გუშინ შემომეწუწუნა საქართველოს ნაკრების თავგადაკლული ქომაგი - ძია ვანო, რომელიც 15 წელია ბაზარში ხორცს ჰყიდის და როცა კი დამინახავს, რაც არ უნდა ბევრი საქმე ჰქონდეს, ფეხბურთზე სულ მცირე, ნახევარი საათი მაინც მელაპარაკება.
ვანო ძია უკვე 65 წლის კაცია და ერთადერთი, რაზეც ოცნებობს, ისე არ წავიდეს ამ ქვეყნიდან, საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას რომ ვერ მოესწროს. მისთვის ევროპის ჩემპიონატი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ყასაბი ვანო ბრაზილიის დიდი გულშემატკივარიცაა და სადაც ბრაზილია არ თამაშობს, ის ტურნირი მისთვის უინტერესოა. ბოლოს, როდესაც ვანო ძია ვნახე და მისი ზემოთქმული მონოლოგიც მოვისმინე, მივხვდი, რომ ბევრი არაფერი მქონდა ამ კაცისთვის სათქმელი. კაცი, რომელიც შენზე ასაკით ორჯერ უფროსია, ძნელია დაამშვიდო იმით, რომ საქართველოს ნაკრები ახლა მხოლოდ და მხოლოდ მშენებლობის გზაზეა და ამ ეტაპზე, ერთადერთი, მომავლის იმედით თუ გავიტანთ თავს. ეს ”მომავლის იმედი” ხომ შეიძლება 10, 20 და მეტი წელიც გაგრძელდეს (ღმერთმა ქნას, უფრო ადრე მივაღწიოთ რაიმე ხელშესახებ წარმატებას) და რა ქნას ამ დროს ყასაბმა ვანომ და მისი თაობის ადამიანებმა? ფეხბურთი ხომ ხეჭეჭურის ხის დარგვა არ არის, რომ ხის დამრგველმა პაპამ იმის იმედით გაიხაროს – ამ ხის ნაყოფს მე თუ ვერა, ჩემი შვილიშვილები მაინც დაიგემოვნებენო...
არ გვინდა მორალისტობა და იმ ახალგაზრდების გამტყუნება, რომლებსაც გულწრფელად უხარიათ თბილისში “ბარსელონასა” და ”რეალის” ვარსკვლავების ჩამოსვლა. ამ ბიჭებმა ფეხბურთი სწორედ ისეთი შეიყვარეს, როგორსაც ტელევიზორში ხედავენ და ნურც მაშინ დავიწყებთ მორალისტობას, თუკი ”ფურია როხასთან” თამაშის დროს, ქართველი ახალგაზრდების ხელში აფრიალებულ ესპანეთის დროშას დავინახავთ. ყველას თავისი საზომი და არშინი აქვს და ყველა თავისი სამყაროდან იყურება. ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის ჩემპიონატი თავისი შესარჩევი ეტაპითურთ, ჯერ წინაა და კაცმა არ იცის, რა მოხდება მანამდე. თუკი, წარმატების იმედი არ გაქვს, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს შესარჩევებში მონაწილეობას და მივბაძოთ მავრიტანიას, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი აფრიკის ზონის შესარჩევში გამოსვლაზე. მავრები რაიმენაირად მიხედავენ თავიანთ საქმეს, მე კი იმედი მაქვს, ჩვენც გვეღირსება მნიშვნელოვანი წარმატებები, მაგრამ ის კი ნამდვილად არ ვიცი, თუ რა უნდა ვუთხრა ვანო ძიას, მომავალში როდესაც ვნახავ. და არა მხოლოდ მას... რით შეგვიძლია ვანუგეშოთ ჩვენი მამები, ბიძები, ბაბუები და საერთოდ – უფროსი თაობის ქომაგები, როდესაც ისინი თავად გრძნობენ, რომ შესაძლებელია, ვერ მოესწრონ მათთვის ესოდენ სანუკვარი ოცნების ასრულებას და ჩვენი გუნდის მუნდიალზე ხილვას. ვითომ არ იმსახურებენ?..

ლევან სეფისკვერაძე

 

0.115823