ჭიდაობა

1:25 | 26.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხვავრიელობა ოქროს გარეშე

 

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში, ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა და ქალთა შორის ევროპირველობა უკვე ჩამთავრდა და ბოლო ორი დღე ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებს ეთმობათ. რვა წონითი კატეგორიიდან მედლები ჯერ ოთხში გათამაშდა და საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიდან კვარცხლბეკზე სამი ავიდა. 
ვლადიმერ ადეიშვილის გუნდი ნახევარფინალამდე უდანაკარგოდ მივიდა. მერე კი, ფინალის საგზური ერთადერთმა – 50 კილოგრამში მოჭიდავე ნიკა ცეცხლაძემ მოიპოვა, გერმანელი დენიზ მენეკსეს ძლევით. ამ შეხვედრამდე ქართველმა მსუბუქწონოსანმა სერბი დანიელ სპოლიარიჩი და სომეხი რუდიკ მკრტჩიანი ჩამოიცილა. ევროპის ჩემპიონის ტიტულს აზერბაიჯანელი ვილაიატ გაჰრამანლისთვის მოგებაღა აშორებდა, მაგრამ დაძაბულ სანახაობრივ ჭიდაობაში დამარცხდა და ვერცხლს დაჯერდა.
ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ. დათუნაშვილმა ძირითად ბადეში პოლონელ ლუკაშ ჩარზევსკის, ჩეხ ოლდრიჩ ვარგას და მოლდოველ იგორ ბესლეაგას აჯობა. ოქრო-ვერცხლის შანსი მომავალ ჩემპიონთან, რუს ისლამ ჩარაევთან წაგებით დაკარგა, რეპეშაჟის ფინალში კი უნგრელი პატრიკ სზაბო დაამარცხა.
დიხამინჯია ევროპირველობაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. სლოვენიელი ტილენ პესერლი და რუსი ზელიმხან ბელხაროევი კი ჩამოიშორა, მაგრამ სომეხ არტურ ალექსანიანთან ვეღარას გახდა. ბრინჯაოს ფინალში დიხამინჯია ნორვეგიელ მარტინ ჰამლეტ ნილსენს საკმაოდ იოლად გაუსწორდა.
უმედლოდ მხოლოდ გოგიტა გოგიბერაშვილი (60 კგ) დარჩა. ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს ასკერ ორშოკდუგოვთან განცდილი მარცხის შემდეგ, ვერც თურქ ემრე ასლანთან იხეირა და ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა. ამ წაგებულ შეხვედრებამდე კი, 3 მეტოქის: უკრაინელი დმიტრო ციმბალინკის, ნორვეგიელი პეტერ კარლსენისა და მოლდოველი მაქსიმ მამულატის ძლევა მოასწრო.
ევროპირველობის ბოლო დღეს – 26 ივნისს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი, ხალიჩაზე თორნიკე ტოტიკაშვილი (55 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), დავით ჩაკვეტაძე (84 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ) გავლენ.  
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ზრენიანინი (სერბეთი)
25 ივნისი
50 კგ
1 ვილაიატ გაჰრამანლი (აზერბაიჯანი)
2 ნიკა ცეცხლაძე (საქართველო)
3 ტოლგაჰან კარატაში (თურქეთი)
3 დენიზ მენეკსე (გერმანია)
 
60 კგ
1 ასკერ ორშოკდუგოვი (რუსეთი)
2 როვშან ტაგიევი (აზერბაიჯანი)
3 ემრე ასლანი (თურქეთი)
3 მატე კრაჟნაი (უნგრეთი)
 
74 კგ
1 ისლამ ჩარაევი (რუსეთი)
2 ისმაილ კოჩასლანი (თურქეთი)
3 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)
3 კაზბეკ კილოუ (ბელარუსი)
 
96 კგ
1 გიორგი რიზმაიერი (უნგრეთი)
2 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3 სანდრო დიხამინჯია (საქართველო)
3 მეტეჰან ბასარი (თურქეთი)
 
0.111909